არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა ღვთის შესახებ?

რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა ღვთის შესახებ?

რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა ღვთის შესახებ?

„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმოთე 3:16).

ბავშვებმა აუცილებლად უნდა ისწავლონ ჭეშმარიტება ღვთის შესახებ. სად შეუძლიათ მათ ამის სწავლა? ყველაზე ცნობილი და ფართოდ გავრცელებული წიგნიდან, ბიბლიიდან.

ბიბლია შეიძლება შევადაროთ წერილს, რომელიც ღმერთმა ჩვენ გამოგვიგზავნა. ამ წერილის მეშვეობით ღმერთი თავის ყველა შვილს, დიდსა თუ პატარას, უმჟღავნებს თავის თვისებებს და უნერგავს ზნეობრივ ფასეულობებს. ახლა ვიმსჯელებთ ბიბლიის ზოგ სწავლებაზე და ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს ამ წიგნიდან.

რა უნდა ვიცოდეთ ღვთის შესახებ?

რას გვასწავლის ბიბლია: „შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმუნი 83:18).

რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: ღმერთი უპიროვნო ძალა კი არა, რეალური პიროვნებაა, რომელსაც განსაკუთრებული სახელი აქვს.

რას გვასწავლის ბიბლია: „იეჰოვა გულებს იკვლევს და არჩევს ყოველ ფიქრსა და ზრახვას. თუ ძებნას დაუწყებ მას, თავს გაპოვნინებს“ (1 მატიანე 28:9).

რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: იეჰოვა ღმერთი თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს, მათ შორის პატარა ბავშვებზეც (ფსალმუნი 10:14; 146:9). ღმერთს უნდა, რომ გავიცნოთ ის.

რას გვასწავლის ბიბლია: „არ დაჩაგროთ . . . უმამო ბავშვი. თუ დაჩაგრავ და ის შემომღაღადებს, უეჭველად მოვისმენ მის ღაღადს“ (გამოსვლა 22:22—24).

რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: იეჰოვა პატარა ბავშვების ლოცვასაც ისმენს. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს მივმართოთ მას და ჩვენი გრძნობები და ფიქრები გავანდოთ.

რას გვასწავლის ბიბლია: „კვლავ და კვლავ სცდიდნენ ღმერთს, ტკივილს აყენებდნენ ისრაელის წმინდას“ (ფსალმუნი 78:41).

რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: იეჰოვასთვის სულერთი არ არის, რას ვამბობთ და როგორ ვიქცევით. ამიტომ, წინასწარ უნდა დავფიქრდეთ, სანამ რამეს ვიტყვით ან გავაკეთებთ.

როგორ უნდა მოვექცეთ მათ, ვინც ჩვენგან განსხვავდება?

რას გვასწავლის ბიბლია: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: ღმერთი არ ასხვავებს ადამიანებს ეროვნებისა თუ წარმოშობის მიხედვით, ამიტომ, არც ჩვენ უნდა გავარჩიოთ ადამიანები ერთმანეთისგან მათი კანის ფერისა და გარეგნული ნიშან-თვისებების მიხედვით.

რას გვასწავლის ბიბლია: „ყოველთვის მზად იყავით, დამცველებად გამოხვიდეთ ყველას წინაშე, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ, ოღონდ ეს რბილად და ღრმა პატივისცემით აკეთეთ“ (1 პეტრე 3:15).

რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: რელიგიაზე საუბრის დროს საკუთარი თვალსაზრისი და მრწამსი პატივისცემით უნდა გამოვხატოთ. ჩვენ აგრეთვე პატივი უნდა ვცეთ განსხვავებული რელიგიის წარმომადგენლებს.

როგორ უნდა მოვეპყროთ ოჯახის წევრებს?

რას გვასწავლის ბიბლია: „ბავშვებო, დაემორჩილეთ მშობლებს ყველაფერში, რადგან ეს მოსაწონია უფლისთვის“ (კოლოსელები 3:20).

რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: შვილები მორჩილებით მხოლოდ მშობლების მიმართ კი არ გამოხატავენ სიყვარულს, არამედ იმასაც ცხადყოფენ, რომ ღვთის გულის გახარება სურთ.

რას გვასწავლის ბიბლია: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:13).

რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: ზოგჯერ ოჯახის წევრებიც კი გვიცრუებენ იმედს. მაგრამ, თუ გვსურს, რომ ღმერთმა გვაპატიოს, სხვების პატიება უნდა ვისწავლოთ (მათე 6:14, 15).

რატომ უნდა ვიყოთ გულახდილნი და კეთილნი სხვების მიმართ?

რას გვასწავლის ბიბლია: „მოიშორეთ სიცრუე, თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ (ეფესოელები 4:25).

რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: როდესაც სიმართლეს ვამბობთ, ღმერთს ვბაძავთ და გულს ვუხარებთ მას. თუ ჩვევად გვაქვს ტყუილის თქმა, ღვთის მტერს ეშმაკს ვემსგავსებით, რომელიც „სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44; ტიტე 1:2).

რას გვასწავლის ბიბლია: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).

რისი სწავლა შეუძლიათ ბავშვებს: ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ოჯახის წევრებისა თუ სხვების გრძნობები და მოთხოვნილებები. როდესაც სხვების მიმართ გულისხმიერები ვართ, ისინიც მსგავსად გვექცევიან (1 პეტრე 3:8; ლუკა 6:38).

როგორც დავინახეთ, ბიბლიას შეუძლია, დაეხმაროს ბავშვებს, ისწავლონ მადლიერებისა და პატივისცემის გამოვლენა და იყვნენ თანამგრძნობნი. მაგრამ, ვინ უნდა ასწავლოს მათ ეს ყველაფერი?