არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იეჰოვა, შენ . . . მიცნობ“

„იეჰოვა, შენ . . . მიცნობ“

დაუახლოვდით ღმერთს

„იეჰოვა, შენ . . . მიცნობ“

„ძალიან დამრთგუნველია, როცა აცნობიერებ, რომ არავინ ზრუნავს შენზე ან არავინ ესმის შენი“. * ნაცნობია თქვენთვის ასეთი გრძნობა? ყოფილხართ ისეთ მდგომარეობაში, როცა არავის ესმოდა თქვენი და არავინ ცდილობდა გაეგო, რას გრძნობდით? თუ ასეთი მწარე რეალობისთვის გაგისწორებიათ თვალი, შეგიძლიათ თავი იმით ინუგეშოთ, რომ იეჰოვა გულწრფელად ზრუნავს თავის თაყვანისმცემლებზე; იგი იმდენად არის დაინტერესებული თითოეული ჩვენგანით, რომ ყურადღებას აქცევს ყველა წვრილმანს ჩვენს ცხოვრებაში. 139-ე ფსალმუნში ჩაწერილი დავითის სიტყვები გვარწმუნებს ამაში.

დავითი, რომელიც დარწმუნებული იყო ღვთის მზრუნველობაში, ამბობს: „იეჰოვა, შენ გამომიკვლიე და მიცნობ“ (მუხლი 1). დავითი მხატვრული ენით გადმოსცემს თავის გრძნობებს. ებრაული ზმნა, რომელიც „გამოკვლევად“ არის ნათარგმნი, გულისხმობს ძვირფასი მადნის ამოღებას (იობი 28:3), მიწის დაზვერვას (მსაჯულები 18:2) ან სასამართლო პროცესის დროს ფაქტების განხილვას (კანონი 13:14). იეჰოვა იმდენად კარგად გვიცნობს, რომ ჩვენ შესახებ ყველაფერი იცის და ჩვენი შინაგანი ბუნება ძირფესვიანად აქვს გამოკვლეული. დავითი უშუალოდ საკუთარ თავზე ელაპარაკება იეჰოვას: „შენ გამომიკვლიე“. ეს იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვა თითოეული თავისი მსახურით პირადად არის დაინტერესებული. იგი ყველა დეტალს იკვლევს მათ შესახებ და თითოეულს ინდივიდუალურად იცნობს.

დავითი აღწერს, როგორ იკვლევს იეჰოვა თითოეულ ჩვენგანს: „შენ იცი, როდის ვჯდები და როდის ვდგები. შორიდან ხვდები ჩემს ფიქრებს“ (მუხლი 2). მართალია, იეჰოვა შორს არის ანუ ზეცაში მკვიდრობს, მაგრამ ისიც კი იცის, როდის ვჯდებით ხანგრძლივი დღის ბოლოს, როდის ვდგებით დილით და მთელი დღის განმავლობაში რას ვაკეთებთ. მისთვის აგრეთვე ცნობილია ჩვენი ფიქრები, სურვილები და მოტივები. ნუთუ ეშინოდა დავითს იმის გამო, რომ იეჰოვა აკვირდებოდა მას? რასაკვირველია, არა. პირიქით, მას უხაროდა, იეჰოვა ასე ღრმად რომ იკვლევდა მის პიროვნებას (მუხლები 23, 24). რა იყო მისი სიხარულის მიზეზი?

დავითმა იცოდა, რომ იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს დადებითი კუთხით აკვირდება. იგი წერს: „შენ მაკვირდები, როცა დავდივარ და როცა ვწევარ, შენთვის ცნობილია ჩემი გზები“ (მუხლი 3). იეჰოვა ყოველდღე აკვირდება ჩვენს გზებს — ჩვენს სისუსტეებსა თუ დადებით მხარეებს. რას უფრო აქცევს იეჰოვა ყურადღებას — ჩვენს უარყოფითს თუ დადებითს? დაკვირვებად ნათარგმნი ებრაული სიტყვა შეიძლება ნიშნავდეს „გაცხრილვას“ ან „განიავებას“; სწორედ ამ სიტყვებს ვიყენებთ მიწათმოქმედთან მიმართებით — ის ცხრილავს და ანიავებს ხორბალს, რათა მარცვალი ნამჯისგან გამოაცალკეოს. სიტყვა „ცნობილია“ შეიძლება ითარგმნოს, როგორც „დაფასება“. როდესაც იეჰოვა აკვირდება, რას ამბობენ და რას აკეთებენ მისი თაყვანისმცემლები ყოველდღე, ის, ასე ვთქვათ, საუკეთესოს აგროვებს. იეჰოვა აფასებს, როდესაც მისი მსახურები მთელი ძალით ცდილობენ, ასიამოვნონ მას.

139-ე ფსალმუნი გვასწავლის, რომ იეჰოვა მთელი გულით ზრუნავს თავის თაყვანისმცემლებზე. იგი იკვლევს მათ შინაგან ბუნებას და ყოველდღე აკვირდება. ამგვარად მან იცის, რა პრობლემებს ხვდებიან ისინი და ესმის, რა ტკივილი შეიძლება იგრძნონ სირთულეების დროს. ნუთუ არ გიჩნდებათ იმის სურვილი, რომ ასეთ მზრუნველ ღმერთს სცეთ თაყვანი? თუ ასეა, დარწმუნებული იყავით: იეჰოვა არასდროს დაივიწყებს „თქვენს შრომასა და სიყვარულს, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრაელები 6:10).

სექტემბერში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

ფსალმუნები 119—150

[სქოლიო]

^ აბზ. 1 ციტატა ეკუთვნის მწერალ არტურ სტეინბექს.