ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
რატომ დაუბრუნდა ერთი გოგონა თავის რელიგიას, რომელიც ერთ დროს მიატოვა? აი, რას გვიყვება ის:
„ახლა უკვე აზრიანად ვცხოვრობ“ — ლიზა ანდრე
დაბადების წელი: 1986
ქვეყანა: ლუქსემბურგი
წარსულში: გზასაცდენილი ბავშვი
მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე ლუქსემბურგის მახლობლად მდებარე პატარა, სუფთა, უსაფრთხო და მდიდარ ქალაქ ბარტინგენში. ხუთ და-ძმას შორის ყველაზე უმცროსი ვარ. ჩემი მშობლები იეჰოვას მოწმეები არიან და ყველანაირად ცდილობდნენ, ქრისტიანული ფასეულობები ჩაენერგათ ჩვენთვის.
როცა წამოვიზარდე, იეჰოვას მოწმეების სწავლებებში სერიოზულად დავეჭვდი. თავიდან ვცდილობდი მომეშორებინა ეს ეჭვები, მაგრამ თანდათანობით რწმენა შემისუსტდა. მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ, გზას არ ავცდენოდი, მაგრამ მათ დახმარებას არ ვიღებდი. თავზეხელაღებულ ახალგაზრდებთან დავიწყე ურთიერთობა, რის შესახებაც მშობლებმა არაფერი იცოდნენ. მომწონდა მათი თავისუფალი ცხოვრების სტილი და მინდოდა მათ მსგავსად მეცხოვრა. ვაწყობდით ღრეობებს, ნებისმიერ შემხვედრთან გვქონდა სექსი, ვიღებდით ნარკოტიკებს და უზომოდ ვსვამდით. თავიდან მსიამოვნებდა ამ ხალხთან ურთიერთობა, რადგან მეგონა, რომ ისინი ცხოვრებისგან ყველაფერს იღებდნენ.
სინამდვილეში ბედნიერი არ ვიყავი. მათთან ერთად ჩემი ცხოვრება სრულიად უაზრო იყო, რადგან ჩემი მეგობრები სერიოზულად არაფერზე ფიქრობდნენ. მათგან განსხვავებით, ძალიან მაწუხებდა მსოფლიოში გავრცელებული უსამართლობა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტად ვვარდებოდი დეპრესიაში.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ერთხელ, 17 წლის რომ ვიყავი, მახსოვს, ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. დედაჩემმა შეამჩნია, რა უბედური ვიყავი და მთხოვა, ხელახლა დამეწყო ბიბლიის შესწავლა. მან მირჩია გამომეკვლია ბიბლია და შემდეგ თავად გადამეწყვიტა, მინდოდა თუ არა ბიბლიის ნორმების თანახმად ცხოვრება. დედასთან გულწრფელმა საუბარმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. დავთანხმდი, რომ ჩემს უფროს დას კაროლინს და მის მეუღლე აკიფს ჩემთვის ბიბლია ესწავლებინათ. ჩემი სიძე იეჰოვას მოწმეების ოჯახში არ გაზრდილა; ის მოწმე მაშინ გახდა, როცა სრულწლოვანი იყო. რადგან აკიფის წარსული ვიცოდი, ვფიქრობდი, რომ მასთან თავისუფლად
შემეძლო საუბარი, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება არ შეესაბამებოდა იეჰოვას მოწმეების ცხოვრების წესს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჩემი პირადი გადასაწყვეტი იყო, როგორ მოვიქცეოდი. მას შემდეგ, რაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე, გავაცნობიერე, რომ ჩემი საქციელი გულს სტკენდა იეჰოვას (ფსალმუნი 78:40, 41; იგავები 27:11). მივხვდი იმასაც, რომ ჩემი საქციელი გარშემომყოფებზეც მოქმედებდა.
რაც უფრო ვიკვლევდი ბიბლიას, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ის ღვთის სიტყვა იყო. მაგალითად, გავიგე, რომ ბევრი ბიბლიური წინასწარმეტყველება გასაოცარი სიზუსტით შესრულდა. მიღებულმა ცოდნამ გამიფანტა ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ადრე მქონდა.
შესწავლის დაწყებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მე და ჩემი მშობლები ვეწვიეთ ჩემს უფროს ძმას, რომელიც იეჰოვას მოწმეთა გერმანიის ფილიალში მსახურობდა. ჩემზე ძალიან იმოქმედა იმის დანახვამ, რომ ჩემი ძმა ბედნიერი იყო. მეც ხომ ყოველთვის ასეთ ბედნიერებას ვეძებდი. დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს სხვა მოწმეებმაც, რომლებიც იქ მსახურობდნენ. ისინი სულ არ ჰგავდნენ იმ უსინდისო და თავზეხელაღებულ ხალხს, ვისთანაც ერთ დროს ვმეგობრობდი. სახლში დაბრუნების შემდეგ, იეჰოვას გული გადმოვუღვარე და შევპირდი, რომ მთელი ცხოვრება მას ვემსახურებოდი. 19 წლის ვიყავი, როცა იეჰოვას მივუძღვენი თავი და მოვინათლე.
კურთხევები: ახლა ჩემს ცხოვრებას ნამდვილად აქვს აზრი. სიხარულს მგვრის ის, რომ სხვებს ბიბლიას ვასწავლი და ვეხმარები, გაიცნონ იეჰოვა და გაიგონ, რას გვპირდება მომავალში. ჩემი ოჯახის წევრებიც არანაკლებ სიხარულს გრძნობენ, რადგან ჩემ გამო აღარ ნერვიულობენ.
წარსულში მრავალი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ვცდილობ, ბევრი არ ვიფიქრო ამაზე. ნაცვლად ამისა, მთელი ყურადღება იეჰოვას მიმტევებლობასა და სიყვარულზე გადამაქვს. მთელი გულით ვიზიარებ იგავების 10:22-ში ჩაწერილ სიტყვებს: „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“.
[ჩანართი 12 გვერდზე]
„ვაწყობდით ღრეობებს, ნებისმიერ შემხვედრთან გვქონდა სექსი, ვიღებდით ნარკოტიკებს და უზომოდ ვსვამდით“
[ჩანართი 13 გვერდზე]
„წარსულში მრავალი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ვცდილობ, ბევრი არ ვიფიქრო ამაზე“