ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
რამ აღძრა აზარტული თამაშების მოყვარული და ყაჩაღი, თავი დაენებებინა ამ მანკიერებებისთვის და ცხოვრება შეეცვალა? აი, რას გვიყვება თავად ის.
„შეყვარებული ვიყავი ცხენებზე“ — რიჩარდ სტიუარტი
დაბადების წელი: 1965
ქვეყანა: იამაიკა
წარსულში: აზარტული თამაშების მოყვარული და ბოროტმოქმედი
მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე იამაიკის დედაქალაქ კინგსტონის მჭიდროდ დასახლებულ ღარიბ უბანში. ქვეყანაში უმუშევრობა და დამნაშავეობა უკიდურეს ზღვარს სცდებოდა. კრიმინალური დაჯგუფებები ხალხს შიშის ზარს სცემდა. თითქმის ყოველდღე მესმოდა ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა.
დედაჩემი, რომელიც მძიმედ შრომობდა, ცდილობდა, ჩემთვის და ჩემი უმცროსი და-ძმისთვის არაფერი მოეკლო. ის ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენ კარგი განათლება მიგვეღო. სკოლაში სწავლით თავს არ ვიკლავდი, სამაგიეროდ ცხენებზე ვიყავი უზომოდ შეყვარებული. სკოლიდან ვიპარებოდი და იპოდრომზე მივდიოდი ხოლმე. ხშირად ვჯირითობდი ცხენებით.
მალე ძალიან გამიტაცა დოღმა და აქტიურად დავიწყე ფსონების დადება. უზნეო ცხოვრებას მივყავი ხელი და დიდი მექალთანე გავხდი. მარიხუანასაც ვეწეოდი; ფული რომ მეშოვა, ხალხის დაყაჩაღება დავიწყე. ბევრი ცეცხლსასროლი იარაღი მქონდა, მაგრამ, საბედნიეროდ, არავინ მომიკლავს არაერთი დაყაჩაღების დროს.
ბოლოს პოლიციამ დამიჭირა და ციხეში ჩამსვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კვლავ ძველ ცხოვრებას დავუბრუნდი. იმაზე უარესი გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი. მართალია, უწყინარი კაცის შეხედულება მქონდა, მაგრამ ჯიუტი, ფიცხი და ულმობელი ადამიანი ვიყავი. საკუთარი თავის გარდა არავინ მადარდებდა.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: იმ დროს, როცა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა იდგა, დედაჩემმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო და იეჰოვას მოწმე გახდა. დავინახე, როგორ შეიცვალა დედაჩემი და როგორ გახდა უკეთესი ადამიანი. ცნობისმოყვარეობა არ მასვენებდა; მინდოდა, გამეგო, რამ შეცვალა დედა. ამიტომ, იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიურ თემებზე საუბარი დავიწყე.
აღმოვაჩინე, რომ ის, რასაც იეჰოვას მოწმეები ასწავლიდნენ, სრულიად განსხვავდებოდა სხვა რელიგიების სწავლებებისგან. ისიც ნათლად დავინახე, რომ ყველაფერი, რასაც ისინი ასწავლიდნენ, ბიბლიაზე იყო დაფუძნებული. ადრინდელი ქრისტიანების მსგავსად, ისინი კარდაკარ ქადაგებდნენ. მათ გარდა ამას სხვა არც ერთი რელიგიის მიმდევარი არ აკეთებდა (მათე 28:19; საქმეები 20:20). როცა დავინახე, რა გულწრფელად უყვარდათ მათ ერთმანეთი, დავრწმუნდი, რომ ჭეშმარიტი რელიგია ვიპოვე (იოანე 13:35).
ბიბლიის შესწავლის დროს დავინახე, რომ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები უნდა მომეხდინა. გავიგე, რომ იეჰოვას სძულს სიძვა და, თუ მსურდა, მისთვის მესიამოვნებინა, აღარ უნდა გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც ჩემს სხეულს ავნებდა 2 კორინთელები 7:1; ებრაელები 13:4). სულით ხორცამდე შემძრა იმის გაგებამ, რომ იეჰოვას გრძნობები აქვს და, რომ ჩემი საქციელით ან გულს ვტკენდი მას ან ვახარებდი (იგავები 27:11). გადავწყვიტე, თავი დამენებებინა მარიხუანისთვის, მომეშორებინა ცეცხლსასროლი იარაღი და უკეთესი ადამიანი გავმხდარიყავი. ყველაზე მეტად უზნეო ცხოვრების მიტოვება გამიჭირდა. ვერც აზარტულ თამაშებს ველეოდი.
(თავიდან არ მინდოდა, ჩემს მეგობრებს გაეგოთ, რომ იეჰოვას მოწმეებთან ვსწავლობდი ბიბლიას. მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა მათეს 10:33 წავიკითხე, სადაც იესოს სიტყვებია ჩაწერილი: „ვინც სხვების წინაშე უარმყოფს, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე“. ამ სიტყვებმა ძალა მომცა, ახლობლებისთვის მეთქვა, რომ მოწმეებთან ვსწავლობდი ბიბლიას. ისინი შოკში ჩავარდნენ — არ სჯეროდათ, რომ ჩემნაირ ადამიანს სურდა, ქრისტიანი გამხდარიყო. მაგრამ განვუცხადე, რომ აღარ ვაპირებდი, დავბრუნებოდი ძველ ცხოვრებას.
კურთხევები: დედაჩემი სიხარულით ცას ეწია, როცა დაინახა, რომ ბიბლიური პრინციპების თანახმად დავიწყე ცხოვრება. ის მეტად აღარ ნერვიულობდა, რომ რაიმე ცუდს გადავეყრებოდი. მე და დედა ხშირად ვსაუბრობდით ჩვენს გამაერთიანებელ ძალაზე — იეჰოვასადმი სიყვარულზე. დროდადრო ვიხსენებ, როგორი ვიყავი და ვერ ვიჯერებ, რომ ღვთის დახმარებით ასეთი ცვლილებები მოვახდინე საკუთარ თავში. დღეს აღარც უზნეო ცხოვრება მიზიდავს და აღარც მატერიალურზე ვფიქრობ უწინდებურად.
ბიბლიური ჭეშმარიტება რომ არა, დღეს ან მკვდარი ვიქნებოდი ან ციხეში ვიჯდებოდი. ახლა კი ბედნიერი ოჯახი მაქვს. ძალიან მიხარია, რომ მყავს ერთგული მეუღლე და დამჯერი ქალიშვილი; დღეს ჩვენ ერთად ვემსახურებით იეჰოვას. დიდ მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ დღეს მოსიყვარულე ქრისტიანული საძმოს წევრი ვარ. მადლიერი ვარ იმ ადამიანის, რომელიც ბიბლიის შესწავლაში დამეხმარა. ბედნიერი ვარ იმიტომაც, რომ შემიძლია ადამიანებს ბიბლიის შესწავლაში დავეხმარო. განსაკუთრებით მადლიერი ვარ იეჰოვა ღმერთის იმის გამო, რომ ჩემ მიმართ სიკეთე გამოავლინა და ამგვარად მიმიზიდა.
[ჩანართი 11 გვერდზე]
„გავიგე, რომ იეჰოვას გრძნობები აქვს და, რომ ჩემი საქციელით ან გულს ვტკენდი მას ან ვახარებდი“
[სურათი 11 გვერდზე]
ცოლ-შვილთან ერთად
[სურათი 11 გვერდზე]
დავინახე, როგორ შეიცვალა დედაჩემი და როგორ გახდა უკეთესი ადამიანი