არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ვალდებულება გვაქვს ღვთის წინაშე?

რა ვალდებულება გვაქვს ღვთის წინაშე?

დაუახლოვდით ღმერთს

რა ვალდებულება გვაქვს ღვთის წინაშე?

დაფიქრებულხართ ოდესმე სიცოცხლის აზრზე? იეჰოვამ არა მხოლოდ იმის უნარი მოგვცა, რომ ასეთი კითხვები დაგვებადოს, არამედ იმის სურვილიც ჩადო ჩვენში, რომ ამ კითხვაზე პასუხი მივიღოთ. საბედნიეროდ, ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი გვეხმარება ამ კითხვაზე პასუხის მიღებაში. პასუხი კი მხოლოდ მის სიტყვაში, ბიბლიაში შეგვიძლია ვიპოვოთ. განვიხილოთ მეფე სოლომონის სიტყვები, რომელიც ეკლესიასტეს 12:13-შია ჩაწერილი.

სოლომონს ისეთი მდგომარეობა ეკავა, რომ ნამდვილად შეეძლო ეთქვა, როგორ შეიძლებოდა ბედნიერების პოვნა და რა იყო სიცოცხლის აზრი. მას ჰქონდა განსაკუთრებული სიბრძნე, აურაცხელი სიმდიდრე და სამეფო ძალაუფლება, ამიტომ კარგად შეეძლო დაენახა, რომ ადამიანი ბევრი რამისკენ ისწრაფოდა, მათ შორის სიმდიდრისა და დიდებისკენ (ეკლესიასტე 2:4—9; 4:4). სოლომონმა, რომელიც ღვთის შთაგონებით წერდა, ასე შეაჯამა ყველაფერი: „ყოველივეს მოსმენის შემდეგ დასკვნა ასეთია: ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს და მისი მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება“. სწორედ ეს არის ყველაზე ღირებული მიზანი, რისკენაც უნდა ისწრაფოდეს ადამიანი.

„ჭეშმარიტი ღვთის გეშინოდეს“. ის აზრი, რომ ღვთის უნდა გვეშინოდეს, შეიძლება, ერთი შეხედვით, არც ისე სასიამოვნოდ ჟღერდეს. მაგრამ აქ მოხსენიებული შიში გულის ჯანსაღ მდგომარეობაზე მიუთითებს. ამ სიტყვაში არ იგულისხმება ისეთი შიში, რომელიც მონას აქვს თავისი სასტიკი ბატონის მიმართ. მასში იგულისხმება ისეთი გრძნობა, რომელიც ბავშვს აქვს მოსიყვარულე მამის მიმართ და რომელსაც მთელი გულით სურს, მას ასიამოვნოს. ერთ ნაშრომში ღვთის შიშის შესახებ წერია: ეს არის „შიშნარევი მოწიწება და ღრმა პატივისცემა, რომელსაც ღვთის ერთგულნი ავლენენ მის მიმართ, რადგან უყვართ იგი და ქედს იხრიან მისი ძლიერებისა და სიდიადის წინაშე“. ასეთი განწყობა გვიბიძგებს, დავემორჩილოთ ღმერთს, რადგან გვიყვარს ის და ისიც ამავე გრძნობით გვპასუხობს. ასეთი ჯანსაღი შიში მხოლოდ ემოცია არ არის, ის საქმეებშიც ვლინდება.

„მისი მცნებები დაიცავი“. ღვთის შიში აღგვძრავს, დავემორჩილოთ მას. რატომ არის გონივრული, დავემორჩილოთ იეჰოვას? რასაკვირველია, ჩვენმა შემოქმედმა იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო ისევე, როგორც მწარმოებელმა იცის, როგორ შეიძლება მისი პროდუქციის საუკეთესოდ გამოყენება. უფრო მეტიც, იეჰოვას საუკეთესო სურს ჩვენთვის. მას უნდა, რომ ბედნიერები ვიყოთ და ის, რის დაცვასაც თავად გვთხოვს, ისევ და ისევ ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (ესაია 48:17). მოციქული იოანე ამ აზრს ამგვარად გადმოსცემს: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“ (1 იოანე 5:3). მორჩილებით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ღმერთი; ღვთის მცნებებში კი ჩვენდამი მისი სიყვარული ვლინდება.

„ეს არის ადამიანის ვალდებულება“. ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, რატომ უნდა გვეშინოდეს ღვთისა და რატომ უნდა დავემორჩილოთ მას. ეს ჩვენი ვალდებულებაა. ვინაიდან იეჰოვა ჩვენი შემოქმედია, სიცოცხლისთვის მას უნდა ვუმადლოდეთ (ფსალმუნი 36:9). ჩვენ აგრეთვე ვალდებულნი ვართ, დავემორჩილოთ მას. როდესაც ღვთის ნების თანახმად ვცხოვრობთ, მის წინაშე ჩვენს ვალდებულებას ვასრულებთ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რა არის სიცოცხლის აზრი? მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ იმისთვის ვცოცხლობთ, რომ ღვთის ნება შევასრულოთ. მხოლოდ ამგვარად შეგვიძლია ჩვენს ცხოვრებას ნამდვილი აზრი შევძინოთ. კარგი იქნება, თუ მეტს გაიგებთ, რას მოელის ღმერთი თქვენგან და როგორ შეგიძლიათ თქვენი ცხოვრება მის ნორმებს შეუსაბამოთ. იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან ამაში.

ნოემბერში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

იგავები 22 ქებათა ქება 8