როგორ შეუძლიათ მამებს ახლო ურთიერთობა შეინარჩუნონ ვაჟებთან?
როგორ შეუძლიათ მამებს ახლო ურთიერთობა შეინარჩუნონ ვაჟებთან?
„მამიკო, საიდან იცი ამდენი?“ — დაუსვამს ოდესმე თქვენს ბიჭუნას მოულოდნელად ასეთი კითხვა? შეიძლება ამ დროს სიამაყით აგევსოთ გული. მაგრამ, ალბათ, გაცილებით დიდი სიხარული იგრძენით, როცა თქვენმა ვაჟმა გაითვალისწინა თქვენი გონივრული რჩევა და ამას კარგი შედეგი მოჰყვა (იგავები 23:15, 24). *
წლების გასვლის შემდეგაც ისევე აღფრთოვანებულია თქვენი ვაჟი თქვენით, როგორც უწინ? რაც დრო გადის ხომ არ კარგავს თქვენდამი პატივისცემას? როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ თქვენს ვაჟთან ახლო ურთიერთობა, სანამ ზრდასრულ მამაკაცად ჩამოყალიბდება? თავდაპირველად განვიხილოთ ზოგიერთი სირთულე, რომელსაც მამები ხვდებიან.
სამი ყველაზე გავრცელებული პრობლემა
1. დროის უკმარისობა. მრავალ ქვეყანაში, ძირითადად, მამების მოვალეობაა ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა. ისინი ხშირად დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებენ. ზოგ ქვეყანაში მამები ძალიან მცირე დროს უთმობენ საკუთარ შვილებს. საფრანგეთში ახლახან ჩატარებულმა ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მამები საშუალოდ 12 წუთზე ნაკლებ დროს ატარებენ შვილებთან.
დაფიქრდით: რამდენ დროს უთმობთ თქვენს ვაჟს? კარგი იქნება, თუ მომდევნო ერთი ან ორი კვირის განმავლობაში ჩამოწერთ, რამდენ დროს გაატარებთ შვილთან დღის განმავლობაში. შეიძლება გაოცებული დარჩეთ.
2. არასამაგალითო მამები. ზოგ მამაკაცს არც ისე ბევრი კარგი ახსოვს საკუთარი მამისგან. საფრანგეთში მცხოვრები ჟან-მარი იხსენებს: „ბავშვობაში მამაჩემს იშვიათად ვხედავდი“. როგორ აისახა ეს მასზე? ჟან-მარი ამბობს: „ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ასე უარყოფითად იმოქმედებდა ჩემზე. მაგალითად, დღეს ძალიან მიჭირს საკუთარ ვაჟებთან მნიშვნელოვან თემებზე საუბარი“. მეორე მხრივ, შეიძლება შვილები კარგად იცნობდნენ საკუთარ მამებს, მაგრამ მათ შორის სრულფასოვანი ურთიერთობა ვერ განვითარდეს. ფილიპი, რომელიც 43 წლისაა, აღნიშნავს: „მამაჩემი არასდროს ავლენდა თბილ გრძნობებს ჩემ მიმართ, რის გამოც მეც მიჭირს საკუთარი ვაჟის მიმართ სითბოს გამოვლენა“.
დაფიქრდით: გრძნობთ, რომ ის ურთიერთობა, რომელიც მამათქვენთან გქონდათ, გავლენას ახდენს შვილთან თქვენს ურთიერთობაზე? მამისგან რომელიმე კარგი ან ცუდი ჩვევა ხომ არ გამოგყვათ?
3. კულტურის გავლენა. ზოგ ქვეყანაში მამები შვილებს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. ლუკა, რომელიც დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიზარდა, ამბობს: „ჩემს ქვეყანაში ხალხი თვლის, რომ შვილების აღზრდა დედების მოვალეობაა“. სხვა ქვეყანაში კი თვლიან, რომ მამებს მხოლოდ შვილების დასჯა ევალებათ. მაგალითად, ჟორჟი, რომელიც ერთ აფრიკულ ქვეყანაში გაიზარდა, ამბობს: „ჩემს ქვეყანაში მამები შვილებთან არ თამაშობენ იმის შიშით, რომ შვილების თვალში ავტორიტეტს დაკარგავენ. ამიტომ, მეც იგივე პრობლემა მქონდა ჩემს ვაჟთან“.
დაფიქრდით: რა როლს ასრულებენ თქვენს ქვეყანაში მამები შვილების აღზრდაში? თვლიან ისინი, რომ შვილების აღზრდა ქალის საქმეა? ავლენენ მამები შვილების მიმართ სითბოსა და სიყვარულს, თუ უმეტესობისთვის მიუღებელია ეს?
თუ თქვენც, როგორც მამა, ამგვარ სირთულეებს აწყდებით, რისი გაკეთება შეგიძლიათ მდგომარეობის გამოსასწორებლად? განვიხილოთ რამდენიმე რჩევა.
პატარაობიდანვე აღზარდეთ თქვენი ვაჟი
როგორც ჩანს, ბიჭებს პატარაობიდანვე აქვთ თავიანთი მამების მიბაძვის სურვილი. ასე რომ, ხელიდან ნუ გაუშვებთ ამ შანსს. როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება და როდის უნდა გამონახოთ დრო თქვენი ვაჟებისთვის?
როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ, თქვენი ვაჟი ყოველდღიურ საქმეებში დაიხმარეთ. მაგალითად, თუ საოჯახო საქმეებს აკეთებთ, სთხოვეთ მას, რომ დაგეხმაროთ. შეგიძლიათ თქვენს ბიჭს მისცეთ პატარ ცოცხი ან ნიჩაბი. თქვენს ვაჟს, უეჭველად, დიდ სიამოვნებას მიანიჭებს მისთვის ყველაზე საამაყო და ძლიერი კაცის გვერდით მუშაობა. შეიძლება ცოტა დიდხანს მოუნდეთ ამა თუ იმ საქმის დამთავრებას, მაგრამ ეს თქვენსა და მას შორის ურთიერთობას განამტკიცებს და შრომასაც ასწავლით. ბიბლია ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე მოუწოდებდა მამებს, შვილებთან ერთად გაეკეთებინათ ყოველდღიური საქმეები, რაც საშუალებას მისცემდათ, ურთიერთობა ჰქონოდათ შვილებთან და ბევრი რამ ესწავლებინათ მათთვის (კანონი 6:6—9). ამ რჩევის გათვალისწინება დღესაც არ იქნება ურიგო.
გარდა ამისა, შვილებთან ერთად ითამაშეთ. შვილთან თამაში გართობაზე გაცილებით მეტს აძლევს მამა-შვილს. გამოკითხვებიდან ჩანს, რომ როცა მამები თავის პატარებთან თამაშობენ, შვილები უფრო გაბედულები და საკუთარ თავში დარწმუნებული ხდებიან.
მამასა და შვილს შორის ახლო ურთიერთობა რომ განვითარდეს, უაღრესად მნიშვნელოვანია, მათ ერთად ითამაშონ. „ყველაზე უკეთ ბიჭი მამასთან ურთიერთობას თამაშით სწავლობს“, — აღნიშნავს სოციოლოგი მიშელ ფიზე. თამაშის დროს მამამ თბილი გრძნობები უნდა გამოხატოს შვილის მიმართ როგორც სიტყვით, ისე ქცევით. ამგვარად იგი თავის ვაჟს სიყვარულის გამოხატვას ასწავლის. გერმანიაში მცხოვრები ერთი მამა ყვება: „როდესაც ჩემი ბიჭი პატარა იყო, ხშირად ვთამაშობდით ერთად. ის არაერთხელ ჩამიკრავს გულში, რისი წყალობითაც მანუელმა ისწავლა, იგივენაირად გამოევლინა ჩემ მიმართ სიყვარული“.
მამაშვილურ ურთიერთობას კიდევ უფრო ამტკიცებს, როცა მამა ძილის წინ შვილთან საუბრობს. ხშირად წაუკითხეთ თქვენს ვაჟს მოთხრობები; მოუსმინეთ, როდესაც მოგიყვებათ განვლილი დღის სასიხარულო თუ არასასიამოვნო ამბებს. ამგვარად გაცილებით გაუადვილდება მას თქვენთან ურთიერთობა, როცა გაიზრდება.
გქონდეთ საერთო ინტერესები
ზოგ მოზარდს შეიძლება მაინცდამაინც არ მიუწევდეს გული მამისკენ. თუ თქვენი ვაჟი თავს არიდებს კითხვებზე პასუხის გაცემას, ნუ დაასკვნით, რომ ის ჩაკეტილია. იგი შეიძლება გაიხსნას, თუ მასთან საერთო ენას გამონახავთ.
ჟაკს, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, ზოგჯერ უჭირს თავის ვაჟთან, ჟერომთან ურთიერთობა. მაგრამ მან ურთიერთობის სხვა საშუალებას მიმართა — საუბრის ნაცვლად, ისინი ფეხბურთს თამაშობენ. ჟაკი ამბობს: „თამაშის შემდეგ ბალახზე ვჯდებით და ცოტა ხნით ვისვენებთ. სწორედ ამ დროს მიშლის ჩემი ბიჭი გულს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ერთად გავატარეთ დრო, განსაკუთრებულად გვაახლოებს“.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს ვაჟს არ უყვარს სპორტი? ანდრე სიამოვნებით იხსენებს იმ ესაია 40:25, 26).
წუთებს, როდესაც თავის ვაჟთან ერთად ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურებით ტკბებოდა. ანდრე ყვება: „ღამის სიგრილეში თბილად ჩაცმულები მოვკალათდებოდით ხოლმე შეზლონგებზე, ჩაის მივირთმევდით და თან ღამის ცას შევცქერით. ჩვენ ვსაუბრობდით მასზე, ვინც შექმნა ვარსკვლავები, აგრეთვე პირადულ საკითხებსაც ვეხებოდით და თითქმის ყველა თემაზე ვლაპარაკობდით“ (როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენ არ გაინტერესებთ ის, რითაც თქვენი ვაჟია გატაცებული? ასეთ შემთხვევაში, ალბათ, მოგიწევთ იმის კეთება, რაც მაინცდამაინც არ გიყვართ (ფილიპელები 2:4). იენი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს, ამბობს: „მე უფრო მიყვარს სპორტი, ვიდრე ჩემს ვაჟს, ვონს. იგი გატაცებულია თვითმფრინავებითა და კომპიუტერებით. ამიტომ, ვცდილობ, რომ მეც შევიყვარო ის, რაც ჩემს ბიჭს უყვარს; მე ის საავიაციო გამოფენაზე დამყავს და მასთან ერთად ვთამაშობ ავიასიმულატორს კომპიუტერში. ვინაიდან ერთად სასიამოვნოდ ვატარებთ დროს, ვონს გაცილებით უადვილდება ჩემთან ურთიერთობა“.
აუმაღლეთ შვილს ღირსების გრძნობა
„ნახე, მამიკო!“ როდისმე უთქვამს თქვენს ბიჭუნას ასეთი სიტყვები, როცა რაღაც კარგად გამოსვლია? თუ ის დღეს მოზარდია, უწინდებურად ცდილობს თქვენი გულის მოგებას? შეიძლება არა. მაგრამ მას აუცილებლად უნდა აუმაღლოთ ღირსების გრძნობა, რათა სრულფასოვან მამაკაცად ჩამოყალიბდეს.
დაფიქრდით, როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ღმერთი თავის ერთ-ერთ ვაჟს. როდესაც დედამიწაზე იესოს ცხოვრებაში დადგა ყველაზე გადამწყვეტი მომენტი, ღმერთმა სახალხოდ გამოხატა მისადმი სიყვარული: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათე 3:17; 5:48). რასაკვირველია, თქვენი ვალდებულებაა, შეაგონოთ და დაარიგოთ თქვენი ვაჟი (ეფესოელები 6:4). მაგრამ არც ქების სიტყვები უნდა დაიშუროთ მისთვის, როცა სამაგალითოდ საუბრობს ან იქცევა.
ზოგ მამაკაცს უჭირს, სითბო გამოავლინოს შვილის მიმართ და შეაქოს ის. შეიძლება ისინი ისეთ ოჯახში აღიზარდნენ, სადაც მშობლები მათ უარყოფით მხარეებზე უფრო ამახვილებდნენ ყურადღებას, ვიდრე დადებითზე. თუ თქვენ შემთხვევაშიც ასეა, საკუთარ თავს უნდა მოერიოთ და თქვენს ვაჟს ღირსების გრძნობა აუმაღლოთ. როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? ზემოთ მოხსენიებული ლუკა ყოველთვის თავის 15 წლის ბიჭთან, მანუელთან ერთად აკეთებს საოჯახო საქმეებს. ლუკა ამბობს: „ზოგჯერ მანუელს ვეუბნები, რომ მარტომ დაიწყოს საქმე და თუ საჭირო გახდება, დავეხმარები. ხშირ შემთხვევაში იგი მშვენივრად ართმევს თავს საქმეს, რისთვისაც ყოველთვის ვაქებ. როცა რაღაც ისე არ გამოსდის, როგორც უნდა, ვეუბნები, რომ ვაფასებ მის მცდელობას“.
თქვენს ვაჟს იმ შემთხვევაშიც აუმაღლებთ ღირსების გრძნობას, თუ უფრო სერიოზული მიზნების მიღწევაში დაეხმარებით. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი ბიჭი ისე სწრაფად ვერ აღწევს დასახულ მიზანს, როგორც თქვენ გსურთ ან, თუკი თქვენთვის სასურველ მიზანს არ ისახავს? ასეთ შემთხვევაში პატივი უნდა სცეთ მის გადაწყვეტილებას და საკუთარი აზრი თავზე არ უნდა მოახვიოთ. ზემოხსენებული ჟაკი ამბობს: „ვცდილობ, ჩემს შვილს რეალური მიზნების დასახვაში დავეხმარო. მაგრამ ისიც მესმის, რომ ეს მისი მიზანია და არა — ჩემი. საკუთარ თავს შევახსენებ, რომ მას თავისი ტემპი აქვს, ამიტომ, არ უნდა მქონდეს მოლოდინი, რომ ჩემთვის სასურველ დროს მიაღწევს ამ მიზანს“. როცა თქვენი ვაჟი რაღაცას გიყვებათ, შეაქეთ იმისთვის, რომ საქმეს კარგად გაართვა თავი; მხარში ამოუდექით მას, როცა რაღაც კარგად არ გამოუვა; ამგვარად დაეხმარებით მიზნების მიღწევაში.
მართალია, მამა-შვილს შორის ურთიერთობას თან ახლავს სირთულეები, მაგრამ საბოლოოდ თქვენი შრომა ფუჭად არ ჩაივლის და შვილთან ახლო ურთიერთობას განავითარებთ. ვინ არ მოინდომებს იმ ადამიანთან ახლო ურთიერთობას, ვისაც მისთვის საუკეთესო სურს?!
[სქოლიო]
^ აბზ. 2 მართალია, ამ სტატიაში ყურადღება მახვილდება მამასა და ვაჟს შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე, მაგრამ იგივე პრინციპები ვრცელდება მამისა და ქალიშვილის ურთიერთობაზეც.