არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნდა ესაუბრონ მშობლები შვილებს სექსზე?

უნდა ესაუბრონ მშობლები შვილებს სექსზე?

მკითხველები გვეკითხებიან

უნდა ესაუბრონ მშობლები შვილებს სექსზე?

▪ ბევრი მშობელი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შვილები დაიცვას საშიში დაავადებებისგან. მათ არანაკლები ძალისხმევა ესაჭიროებათ, რომ შვილები ზნეობრივად გამხრწნელი გავლენისგან დაიცვან. ერთ-ერთი დამცავი საშუალება ის არის, რომ საჭირო ინფორმაცია მიაწოდონ შვილებს სექსის შესახებ (იგავები 5:3—23). შვილებისთვის ასეთი განათლების მიცემა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი შეიძლება ყოველ ფეხის ნაბიჯზე წააწყდნენ უზნეობის ამსახველ კადრებსა თუ მასალას ტელევიზორში, ინტერნეტში, წიგნებსა და კომიქსებში.

„პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენი შვილები დღეს სექსზე ცოდნას იღებენ, არამედ ის, თუ რას სწავლობენ, რა ასაკში სწავლობენ და ვინ ასწავლის მათ, — ამბობს პედაგოგიკის მეცნიერებათა პროფესორი და მწერალი დაიან ლევინი. — ბავშვები მარკეტოლოგებისა და თანამედროვე საზოგადოებისგან ისეთ განათლებას იღებენ ამ საკითხზე, რაც საგრძნობლად ამახინჯებს მათ შეხედულებას სექსზე“.

მშობლებმა უნდა დაიცვან შვილები ზნეობრივად გამხრწნელი გავლენისგან, რომელიც დღევანდელ საზოგადოებაში ღრმადაა ფესვგადგმული (იგავები 5:1; ეფესოელები 6:4). მოზარდებმა უნდა იცოდნენ, როგორ ფუნქციონირებს მათი ორგანიზმი, როგორ უნდა მოუარონ საკუთარ სხეულს და როგორ დაიცვან თავი უზნეო ადამიანებისგან. სქესობრივ მომწიფებამდე გოგონებმა საჭიროა იცოდნენ, რა ცვლილებები მოხდება მათ ორგანიზმში, მათ აგრეთვე უნდა ესმოდეთ, რატომ აქვთ ქალებს მენსტრუალური ციკლი და რა დანიშნულება აქვს მას. მსგავსადვე, ბიჭებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რომ ღამ-ღამობით ექნებათ პოლუციები. მშობლებმა პატარაობიდანვე უნდა ასწავლონ შვილებს სხეულის ინტიმური ნაწილების სწორი სახელები. მოსიყვარულე მშობლები ასწავლიან შვილებს: 1) არ ილაპარაკონ აგდებულად სხეულის ინტიმურ ნაწილებზე, 2) არავის აჩვენონ სხეულის ინტიმური ნაწილები, 3) არავის მისცენ მათზე შეხების უფლება. როცა შვილები წამოიზრდებიან, მშობლებმა ისიც უნდა ასწავლონ, თუ როგორ ორსულდება ქალი. *

რა ასაკში უნდა ესაუბრონ მშობლები შვილებს ამ საკითხზე? გაცილებით ადრე, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. გოგონას პირველად მენსტრუალური ციკლი 10 წლის ასაკში ან შეიძლება უფრო ადრე დაეწყოს, ბიჭს კი პირველად პოლუცია შესაძლოა 11-12 წლის ასაკში ჰქონდეს. ორგანიზმში მიმდინარე ასეთმა ცვლილებებმა შეიძლება ძალიან შეაშინოს ბავშვი, თუ მას არ ესმის, რა ხდება მის თავს. ბავშვებმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რომ ასეთი ცვლილებები მათ ორგანიზმში სავსებით ბუნებრივია. სწორედ ამ დროს უნდა აუხსნან მშობლებმა შვილებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლიის ზნეობრივი ნორმებით ცხოვრება. ასეთ ცოდნას კი ყველაზე საუკეთესო სექსუალური განათლების პროგრამაც ვერ მისცემს თქვენს შვილებს (იგავები 6:27—35).

[სქოლიო]

^ აბზ. 5 ამ საკითხზე მშობლებს შეუძლიათ საჭირო ინფორმაცია მოიძიონ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ შემდეგ პუბლიკაციებში: 2006 წლის მაისის „გამოიღვიძეთ!“, „აუხსენით თქვენს გოგონას, რა არის მენარქე“, გვერდები 10—13; „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2, თავი 6, „რა ხდება ჩემს სხეულში?“; 2010 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკა „რჩევები ოჯახებისთვის — ესაუბრეთ შვილებს სექსზე“, გვერდები 12—14.