გადარჩება დედამიწა 2012 წელს?
მკითხველები გვეკითხებიან
გადარჩება დედამიწა 2012 წელს?
▪ „ერთ ფრანგულ სოფელს აპოკალიფსის უამრავი მომლოდინე მიაწყდა . . . მათ სჯერათ, რომ დედამიწა განადგურდება 2012 წლის 21 დეკემბერს, უძველესი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით, გრძელვადიანი, 5 125-წლიანი, ციკლის დასასრულს“ (BBC News).
დღეს რელიგიური ლიდერები, თვითმარქვია მეცნიერები და XXI საუკუნის ნათელმხილველები დედამიწას უბედურებას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ 2012 წელს დედამიწა არ განადგურდება. ჩვენი პლანეტა მხოლოდ ამ წელს კი არ გადაურჩება განადგურებას, არამედ არასდროს დაემუქრება განადგურების საფრთხე.
ბიბლიაში ნათქვამია: „თაობა მიდის, თაობა მოდის, დედამიწა კი მარადიულად რჩება“ (ეკლესიასტე 1:4). დავფიქრდეთ აგრეთვე ესაიას სიტყვებზე, რომლებსაც ესაიას 45:18-ში ვკითხულობთ: «აი რას ამბობს იეჰოვა . . . დედამიწის შემქმნელი და შემოქმედი, რომელმაც განამტკიცა იგი და ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად შექმნა: „მე ვარ იეჰოვა და სხვა არავინ არის!“»
წარმოიდგინეთ, რომ მოსიყვარულე მამა საათებს ანდომებს სათამაშო გემის ან სახლის აგებას, რათა თავისი პატარა ბიჭუნა ან გოგონა გაახაროს. განა სისასტიკე არ იქნებოდა, თუ ის მიცემისთანავე დაუმტვრევდა მათ ამ სათამაშოებს? მსგავსად ამისა, ღმერთმა დედამიწა ადამიანებისთვის შექმნა, რათა მასზე ცხოვრებით დამტკბარიყვნენ. პირველ წყვილს, ადამსა და ევას ღმერთმა უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“. ამის შემდეგ „დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და, აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:27, 28, 31). ღმერთს არ შეუცვლია თავისი განზრახვა დედამიწის მიმართ და არავის მისცემს მისი განადგურების უფლებას. იეჰოვა თავისი დანაპირების შესახებ არაორაზროვნად ამბობს: „ასევე იქნება ჩემი პირიდან გამოსული სიტყვაც. უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ესაია 55:11).
იეჰოვას ნების თანახმად, მოისპობიან „დედამიწის მომსპობნი“ (გამოცხადება 11:18). თავის სიტყვაში იგი გვპირდება: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავები 2:21, 22).
როდის მოხდება ეს? ამის შესახებ არც ერთმა ადამიანმა არ იცის. იესომ თქვა: „იმ დღეზე ან საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ“ (მარკოზი 13:32). იეჰოვას მოწმეები არ ცდილობენ, წინასწარ გამოთვალონ, როდის გაანადგურებს ღმერთი ბოროტებს. მაგრამ ისინი ფხიზლობენ და თვალყურს ადევნებენ ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანს; მათ სჯერათ, რომ ადამიანები ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ „ბოლო დღეებში“ ცხოვრობენ, მაგრამ მათ არ იციან, ზუსტად როდის დადგება აღსასრული (მარკოზი 13:4—8, 33; 2 ტიმოთე 3:1). ეს მხოლოდ მათმა ზეციერმა მამამ და მისმა ძემ იცის.
სანამ ეს დღე დადგება, იეჰოვას მოწმეები ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ქადაგებენ. ღვთის სამეფო, რომელიც დღეს მმართველობს, დედამიწას სამოთხედ გადააქცევს, მასზე კი დამკვიდრდებიან მართლები და „მარადიულად იცხოვრებენ“ (ფსალმუნი 37:29).
[სურათის საავტორო უფლება 10 გვერდზე]
Image Science and Analysis Laboratory, NASA-Johnson Space Center