არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვის შეუძლია წინასწარმეტყველების ახსნა?

ვის შეუძლია წინასწარმეტყველების ახსნა?

ვის შეუძლია წინასწარმეტყველების ახსნა?

ამბობენ, რომ გორდიას კვანძი ალექსანდრე დიდის დროს ყველაზე დიდ თავსატეხად ითვლებოდა. ხალხს სჯეროდა, რომ ვინც ამ ჩახლართულ კვანძს გახსნიდა, ის ყველაზე ბრძენი იქნებოდა და არაერთ გამარჯვებას მოიპოვებდა. * ეს რთული ამოცანა ალექსანდრემ ამოხსნა; ლეგენდის მიხედვით, მან მახვილის ერთი მოქნევით გაკვეთა კვანძი.

საუკუნეების მანძილზე ბრძენკაცები არა მხოლოდ რთულ თავსატეხებს ხსნიდნენ, არამედ გამოცანებისა და წინასწარმეტყველებების ახსნა და მომავლის წინასწარმეტყველებაც შეეძლოთ.

თუმცა, უმეტეს შემთხვევაში ისინი წარუმატებლები იყვნენ ამ საქმეში. მაგალითად, ბაბილონელმა ბრძენკაცებმა ვერ შეძლეს იმ წარწერის გაშიფვრა, რომელიც ღრეობის დროს მეფე ბელშაცარის სასახლის კედელზე სასწაულებრივად გაჩნდა. ეს მხოლოდ დანიელმა, იეჰოვა ღმერთის ხანდაზმულმა წინასწარმეტყველმა, შეძლო, რომელსაც „კვანძების გახსნის უნარი“ ჰქონდა. მან დაამტკიცა, რომ მას შეეძლო წინასწარმეტყველების ახსნა (დანიელი 5:12). ეს წინასწარმეტყველება, რომელიც ბაბილონის იმპერიის დაცემას ეხებოდა, იმავე ღამეს შესრულდა (დანიელი 5:1, 4—8, 25—30).

რა არის წინასწარმეტყველება?

წინასწარმეტყველება განიმარტება, როგორც მომავლის გაცხადება, ანუ მოვლენების მანამ აღწერა, სანამ მოხდება. ჭეშმარიტი წინასწარმეტყველება არის წერილობითი ან ზეპირსიტყვიერი სახით ღვთისგან მომდინარე ინფორმაცია მისი ნებისა და განზრახვის შესახებ. ბიბლიაში მოცემულია წინასწარმეტყველებები არა მარტო მესიის გამოჩენისა და მისი პიროვნული ნიშან-თვისებების შესახებ, არამედ „ქვეყნიერების აღსასრულისა“ და ღვთის განაჩენის შესახებაც (მათე 24:3; დანიელი 9:25).

თანამედროვე ბრძენკაცები — მეცნიერები, ეკონომისტები, ექიმები, პოლიტიკოსები, ბიოლოგები და სხვა სპეციალისტები — მომავლის განჭვრეტას ცდილობენ. შეიძლება მათგან ბევრი მედიის მეშვეობით კარგად არის ცნობილი და სახალხოდაც არის აღიარებული, მაგრამ სინამდვილეში ისინი განათლებულ მკითხავებს ჰგვანან და ხშირად საკუთარ აზრებს ავრცელებენ. გარდა ამისა, ყოველთვის, როცა რაიმე დასკვნამდე მიდიან, არაერთი კონტრარგუმენტი ხვდებათ წინ. როგორც ვხედავთ, მომავლის წინასწარმეტყველება არ არის უბრალო საქმე.

ვისგან მომდინარეობს წინასწარმეტყველება?

მაშ, საიდან იღებს სათავეს წინასწარმეტყველება? ვის შეუძლია მისი ახსნა? მოციქულმა პეტრემ დაწერა: „არც ერთი წინასწარმეტყველება არ მომდინარეობს ვისიმე პირადი შეხედულებიდან“ (2 პეტრე 1:20). ამ მუხლში ნათარგმნი ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად „შეხედულებად“ ითარგმნა, ნიშნავს „ახსნას, გამხელას ან გამოაშკარავებას“; ეს სიტყვა ასეთ აზრსაც ატარებს: „იმის გახსნა, რაც მანამდე შეკრული იყო“. ბიბლიის ერთ თარგმანში პეტრეს ზემოხსენებული სიტყვები ასეა ნათარგმნი: „წმინდა წერილებში ჩაწერილი არც ერთი წინასწარმეტყველება არ არის ვინმეს პირადი . . . ინტერპრეტაცია“ (The Amplified New Testament).

წარმოიდგინეთ მეზღვაური, რომელიც ოსტატურად აკეთებს რთულ კვანძს. არაპროფესიონალი კვანძის ერთმანეთთან გადაბმის ადგილს ხედავს, მაგრამ არ იცის, როგორ გახსნას ის. მსგავსად ამისა, ადამიანებს შეიძლება გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეთ, რამ გამოიწვია რთული პრობლემები, მაგრამ ზუსტად არ იციან, როგორ იპოვონ გამოსავალი.

ძველ დროში მცხოვრები დანიელის მსგავსი წინასწარმეტყველები, რომლებიც ღვთის შთაგონებით წერდნენ, დამოუკიდებლად არ ცდილობდნენ, გაეანალიზებინათ მათ დროს არსებული მოვლენები და ამის საფუძველზე ეწინასწარმეტყველათ მომავალი. თუ ასე მოიქცეოდნენ, მათ მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველებები მათი ინტერპრეტაცია ანუ მათივე წარმოსახვის ნაყოფი იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში წინასწარმეტყველებები არასრულყოფილი ადამიანის ნაწინასწარმეტყველები და მათივე დასკვნებზე აგებული იქნებოდა. პეტრემ სრულიად საპირისპირო აზრი დაწერა: „წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტრე 1:21).

„ღვთისგან არის ახსნა“

დაახლოებით 3 700 წლის წინათ ეგვიპტეში ორ პატიმარს ესიზმრა შემაშფოთებელი სიზმარი. ვინაიდან მათ არ შეეძლოთ ბრძენკაცებთან მისვლა, თავიანთი საწუხარი იოსებს გაანდეს, რომელიც მათსავით პატიმარი იყო: „სიზმარი ვნახეთ და ამხსნელი არა გვყავს“. ღვთის მსახურმა კი უთხრა მათ, რომ მოეყოლათ სიზმრები, და დასძინა: „განა ღვთისგან არ არის ახსნა?“ (დაბადება 40:8). მხოლოდ იეჰოვა ღმერთს შეუძლია ახსნას წინასწარმეტყველებები, ისევე როგორც მხოლოდ გამოცდილ მეზღვაურს შესწევს ძალა, გახსნას ჩახლართული კვანძები. წინასწარმეტყველებები ღვთისგან მომდინარეობს და მხოლოდ მას შეუძლია ახსნას ისინი თავის დროზე. გონივრულია, თუ მას მივმართავთ წინასწარმეტყველებების მნიშვნელობის გასაგებად. ამიტომ აღნიშნა იოსებმა, რომ სიზმრების ახსნა მხოლოდ ღმერთს შეეძლო.

არაერთი შემთხვევა ადასტურებს, რომ „ღვთისგან არის ახსნა“. ბიბლიაში არა მხოლოდ წინასწარმეტყველებებია ჩაწერილი, არამედ ისიც, თუ როგორ შესრულდა ზოგიერთი მათგანი. ისევე როგორც მეზღვაურისთვის არის ადვილი თავის მიერ გაკეთებული კვანძის გახსნა, ასევე იეჰოვასთვისაა ადვილი თავისი წინასწარმეტყველებების ახსნა (დაბადება 18:14; 21:2).

სხვა წინასწარმეტყველებები შეიძლება გამოკვლევისა და კონტექსტის გათვალისწინებით აიხსნას. წინასწარმეტყველ დანიელს ჰქონდა ხილვა. მან იხილა „ორრქიანი ვერძი“, რომელსაც დაეჯახა „ბალნიანი ვაცი“; ამ უკანასკნელს თვალებს შორის დიდი რქა ჰქონდა. კონტექსტიდან ჩანს, რომ ორრქიანი ვერძი „მიდიისა და სპარსეთის მეფეებს“ განასახიერებს, ვაცი კი — „საბერძნეთის მეფეს“ (დანიელი 8:3—8, 20—22). 200-ზე მეტი წლის გასვლის შემდეგ „დიდმა რქამ“ — ალექსანდრე მაკედონელმა — დაიპყრო სპარსეთი. როგორც ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ამბობს, ერთხელ, დაპყრობითი ომის დროს, როდესაც ალექსანდრე იერუსალიმთან ახლოს იმყოფებოდა, მას აჩვენეს ეს წინასწარმეტყველება და დაიჯერა, რომ ის მას ეხებოდა.

ღმერთი წინასწარმეტყველებებს სხვა საშუალებითაც გვიხსნის. იეჰოვა ღმერთის ერთგული მსახური, იოსები, წმინდა სულის დახმარებით ჩასწვდა სხვა პატიმრების შემაშფოთებელი სიზმრების მნიშვნელობას (დაბადება 41:38). როდესაც დღეს ღვთის მსახურებს რომელიმე წინასწარმეტყველების მნიშვნელობა კარგად არ ესმით, ისინი წმინდა სულს სთხოვენ ღმერთს და შემდეგ გულდასმით იკვლევენ ღვთის სულით შთაგონებულ სიტყვას. ღვთის დახმარებით მათ შეუძლით იპოვონ ისეთი მუხლები, რომლებიც ზოგიერთ წინასწარმეტყველებას ნათელს ჰფენს. დღეს უკვე აღარ ხდება წინასწარმეტყველებების სასწაულებრივად ახსნა. მაგრამ ღვთისგან იმ გაგებით არის ახსნა, რომ იგი წმინდა სულისა და თავისი სიტყვის მეშვეობით ხსნის წინასწარმეტყველებებს. ასე რომ, ადამიანი ბიბლიის გარეშე ვერ ახსნის ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს (საქმეები 15:12—21).

ღვთისგან აგრეთვე იმ გაგებით არის ახსნა, რომ ის განსაზღვრავს, როდის უნდა ჩასწვდნენ დედამიწაზე მისი ერთგული მსახურები ამა თუ იმ წინასწარმეტყველების მნიშვნელობას. მათ მნიშვნელობას შეიძლება ჩავწვდეთ შესრულებამდე, შესრულების დროს ან შემდეგ. ვინაიდან ღვთისგან მომდინარეობს წინასწარმეტყველებები, ღმერთი თავად ხსნის მათ საჭირო დროს — თავისივე დადგენილ დროს.

ღვთის დახმარებით იოსებმა შესრულებამდე სამი დღით ადრე აუხსნა ორ პატიმარს სიზმრები (დაბადება 40:13, 19). მოგვიანებით, როცა იოსები სიზმრის ასახსნელად ძლევამოსილი ფარაონის წინაშე წარადგინეს, ეგვიპტეს წინ შვიდი უხვმოსავლიანი წელიწადი ელოდა. ღვთის სულის დახმარებით იოსებმა ახსნა ფარაონის სიზმრები. ამიტომ, ეგვიპტეში წინასწარ მიიღეს ზომები, რათა უხვი მოსავალი შეეგროვებინათ და დაებინავებინათ (დაბადება 41:29, 39, 40).

ზოგიერთ წინასწარმეტყველებას მხოლოდ შესრულების შემდეგ ეფინება ნათელი. იესოს ცხოვრების შესახებ ბევრი რამ მის დაბადებამდე საუკუნეებით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები, მაგრამ მისი მოწაფეები ამ წინასწარმეტყველებების მნიშვნელობას ბოლომდე მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ ჩასწვდნენ (ფსალმუნი 22:18; 34:20; იოანე 19:24, 36). დანიელის 12:4-ის თანახმად, ზოგიერთ წინასწარმეტყველებას ბეჭედი უნდა დადებოდა „უკანასკნელ დრომდე“, სანამ არ „გამრავლდებოდა ჭეშმარიტი ცოდნა“. ჩვენ ვცხოვრობთ სწორედ იმ დროში, როცა ეს წინასწარმეტყველებები სრულდება. *

როგორ გეხებათ ბიბლიური წინასწარმეტყველებები?

იოსები და დანიელი წარდგნენ მეფეთა წინაშე, რათა მათთვის წინასწარმეტყველური ცნობა გადაეცათ, რომელიც ერებსა და სამეფოებს ეხებოდა. პირველ საუკუნეში ქრისტიანები იეჰოვას, წინასწარმეტყველებების ღმერთის, სიტყვას გადასცემდნენ ხალხს, რასაც კურთხევები მოჰქონდა მათთვის, ვინც ამ ცნობას ეხმაურებოდა.

დღეს იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში აცხადებენ წინასწარმეტყველურ ცნობას — ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. ისინი ამცნობენ ხალხს, რომ იესოს წინასწარმეტყველება, რომელიც „ქვეყნიერების აღსასრულს“ ეხება, ახლა სრულდება (მათე 24:3, 14). იცით, რა წინასწარმეტყველებაა ეს და როგორ შეგეხებათ ის თქვენ? იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით დაგეხმარებიან ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიბლიური წინასწარმეტყველების გაგებაში.

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 ბერძნული ლეგენდის თანახმად, ფრიგიის მთავარი ქალაქის გორდიონის დამაარსებელმა ხელნა ისე ჩახლართულად მიაკვანძა თავისი ურმის უღელს, რომ მისი გახსნა არავის შეეძლო. ამ კვანძს მხოლოდ აზიის მომავალი მბრძანებელი გახსნიდა.

^ აბზ. 19 იხილეთ ამ ჟურნალის 2011 წლის 1 მაისის ნომერში დაბეჭდილი სტატიათა სერია: „6 ბიბლიური წინასწარმეტყველება, რომლებიც ჩვენ თვალწინ სრულდება“.

[სურათები 12, 13 გვერდებზე]

იოსებმა და დანიელმა აღნიშნეს, რომ წინასწარმეტყველების ახსნა მხოლოდ ღმერთს შეუძლია