რა ზომები უნდა მივიღოთ სტიქიური უბედურების დროს?
რა ზომები უნდა მივიღოთ სტიქიური უბედურებების დროს, რომლებიც ასე გახშირდა და სულ უფრო დამანგრეველი გახდა? განვიხილოთ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა.
გაერიდეთ სახიფათო ზონებს.
ბიბლიაში ნათქვამია: „წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება, გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს“ (იგავები 22:3). ეს ბრძნული რჩევა სტიქიური უბედურებების დროსაც შეგვიძლია გავითვალისწინოთ. როცა ისმენთ გაფრთხილებას, რომ მოსალოდნელია ვულკანის ამოფრქვევა, წყალდიდობა, ქარიშხალი ან ტაიფუნი, ბრძნული იქნება, თუ შედარებით უსაფრთხო ადგილზე გადახვალთ. სიცოცხლე გაცილებით ძვირფასია, ვიდრე სახლი ან ქონება.
ზოგმა შეიძლება დატოვოს სახიფათო ზონა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდეს. „სტიქიური უბედურებები გეოგრაფიულად აქტიურ ზონებში ხდება. დედამიწაზე მხოლოდ რამდენიმე ადგილი არსებობს, რომლებიც ყველაზე სახიფათო ზონებად ითვლება და მომავალში სწორედ ამ ადგილებში უნდა ველოდოთ დიდი მასშტაბის სტიქიურ უბედურებებს“, — აღნიშნავს ერთი მეცნიერი. მაგალითად, ასეთი ადგილები შეიძლება იყოს სანაპირო ზოლთან და გეოლოგიური რღვევის ხაზთან ახლოს მდებარე დაბლობები. თუ მოერიდებით ასეთ სახიფათო ზონებში ცხოვრებას და საცხოვრებლად შედარებით უსაფრთხო ადგილას გადახვალთ, უკვე ნაკლები იქნება იმის ალბათობა, რომ სტიქიური უბედურების მსხვერპლი გახდეთ.
გქონდეთ სამოქმედო გეგმა.
სიფრთხილის მიუხედავად, შეიძლება მოულოდნელად მაინც დაგატყდეთ თავს სტიქია. თუ სამოქმედო გეგმა გექნებათ, გაცილებით გაგიადვილდებათ სტიქიასთან გამკლავება. სწორედ ამ აზრს უჭერს მხარს იგავების 22:3, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ. მომზადებული გაქვთ ჩანთა, რომელშიც მედიკამენტები და სხვა პირველადი მოხმარების ნივთები აწყვია? სტიქიურ უბედურებებთან დაკავშირებულ ერთ-ერთ სახელმძღვანელოში (1-2-3 of Disaster Education) ჩამოთვლილი იყო იმ ნივთების სია, რომლებიც მომზადებული უნდა გქონდეთ. ესენია: პირველადი მოხმარების ნივთები, ერთი ბოთლი წყალი, არამალფუჭებადი საკვები და საჭირო საბუთები. გონივრული იქნება, თუ ოჯახთან ერთად იმსჯელებთ, რა სახის სტიქიური უბედურებები შეიძლება მოხდეს თქვენს მხარეში და როგორ შეიძლება მოიქცეთ თითოეულ შემთხვევაში.
შეინარჩუნეთ ღმერთთან ახლო ურთიერთობა.
რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, ღმერთთან ურთიერთობა ყოველთვის დაგეხმარებათ. ბიბლიაში ღმერთს ეწოდება „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა, რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“. მასში აგრეთვე ნათქვამია, რომ ღმერთი „ჩაგრულების ნუგეშისმცემელია“ (2 კორინთელები 1:3, 4; 7:6).
ღმერთმა კარგად იცის, რა სირთულეებთან უწევთ გამკლავება მის მსახურებს. ის სიყვარულია და თავის მსახურებს მრავალი სახით ანუგეშებს (1 იოანე 4:8). ლოცვებში ღმერთს სასწაულის მოხდენას კი არა, წმინდა სულს ვთხოვთ, რომ გაგვაძლიეროს რთულ ვითარებაში. წმინდა სულის დახმარებით გაგვახსენდება ის ბიბლიური მონაკვეთები, რომლებიც გვანუგეშებს და დაგვამშვიდებს მძიმე წუთებში. იმ დროს თავს ისრაელის მეფე დავითივით ვიგრძნობთ, რომელმაც დაწერა: „უკუნი სიბნელით მოცულ ხევში დავაბიჯებ, მაგრამ ბოროტება არ მაშინებს, რადგან შენა ხარ ჩემთან; შენი ჯოხი და შენი კვერთხი მანუგეშებენ“ (ფსალმუნი 23:4).
ლოცვებში ღმერთს სასწაულის მოხდენას კი არა, წმინდა სულს ვთხოვთ, რომ გაგვაძლიეროს რთულ ვითარებაში
დაეხმარეთ თანაქრისტიანებს.
პირველ საუკუნეში ქრისტიანმა წინასწარმეტყველმა აგაბემ თქვა, რომ „დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ ქვეყნიერებაზე, რაც კლავდიუსის დროს მოხდა კიდეც“. ეს შიმშილობა იუდეაში მცხოვრებ იესოს ბევრ მოწაფესაც შეეხო. როგორ მოიქცნენ სხვა მოწაფეები, როცა გაიგეს, რომ ისინი შიმშილობდნენ? ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოწაფეებმა გადაწყვიტეს, იუდეაში ძმებისთვის დახმარება გაეგზავნათ, ვინც რამდენს შეძლებდა“ (საქმეები 11:28, 29). მათ სიყვარულით აღმოუჩინეს თანაქრისტიანებს დახმარება.
სტიქიური უბედურების დროს ღვთის მსახურები დღესაც ეხმარებიან ერთმანეთს. ყველამ კარგად იცის, რომ იეჰოვას მოწმეები გაჭირვების დროს მხარში უდგანან ერთმანეთს. მაგალითად, როცა 2010 წლის 27 თებერვალს ჩილეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, იეჰოვას მოწმეები მაშინვე გაეშურნენ თანაქრისტიანების დასახმარებლად. კარლა, რომლის სახლიც ცუნამმა მიწასთან გაასწორა, იხსენებს: „ძალიან მანუგეშა და გამამხნევა იმის დანახვამ, რომ [თანაქრისტიანები] მეორე დღესვე ჩამოვიდნენ ჩემ დასახმარებლად სხვა რაიონებიდან. უეჭველია, რომ იეჰოვა ამ მოხალისეების მეშვეობით გვანუგეშებს. დიდი სიყვარული და მზრუნველობა ვიგრძენი“. კარლას პაპა, რომელიც მოწმე არ არის, თვალყურს ადევნებდა მათ. მან თქვა: „ამდენი ხანია ეკლესიაში დავდივარ და ასეთი რამ იქ არასდროს მინახავს“. ნანახმა მასზე იმდენად იმოქმედა, რომ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
სტიქიური უბედურების დროს ღვთის მსახურები ერთმანეთს ეხმარებიან
თუ ღვთის მოყვარულებთან გვექნება ურთიერთობა, გაჭირვების დროს დახმარების გარეშე არ დავრჩებით. მაგრამ დადგება ოდესმე ისეთი დრო, როცა სტიქიური უბედურებები წარსულს ჩაჰბარდება? ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე.