არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ ხდება ამდენი სტიქიური უბედურებები?

რატომ ხდება ამდენი სტიქიური უბედურებები?

გაზეთები აჭრელებულია სტიქიური უბედურებების შესახებ ცნობებით. ისტორიას არ ახსოვს, რომ ბუნებრივ კატაკლიზმებს ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს. ბელგიის ერთ-ერთი კვლევითი ცენტრი, რომელიც სტიქიური უბედურებების დროს გავრცელებულ ეპიდემიებს იკვლევს, იუწყება, რომ მხოლოდ 2010 წელს 373 სტიქიური უბედურება მოხდა, რომელმაც, სულ მცირე, 296 000 ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე.

გასულ ათწლეულებთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა სტიქიურ უბედურებათა რიცხვი. მაგალითად, 1975—1999 წლებში დაახლოებით 300 სტიქიური უბედურების შემთხვევა ფიქსირდებოდა ყოველ წელს. მაგრამ 2000—2010 წლებში სტიქიურ უბედურებათა რიცხვი ყოველ წელს საშუალოდ 400-მდე გაიზარდა. ალბათ, თქვენც გიკვირთ, რატომ ხდება დღეს ამდენი სტიქიური უბედურება.

მართალია, ხშირად ღვთის ხელს მიაწერენ ასეთ უბედურებებს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დღეს ღვთის ნებით არ ხდება კატასტროფები, რომლებიც უამრავ ადამიანს უმწარებს სიცოცხლეს. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ჩვენს დროში მოხდებოდა სტიქიური უბედურებები. მაგალითად, მათე 24:7, 8-ში იესოს სიტყვებს ვკითხულობთ: „იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას. ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია“. რატომ იწინასწარმეტყველა იესომ ამ მოვლენების შესახებ და რა მნიშვნელობა აქვს ამ ნაწინასწარმეტყველებ მოვლენებს ჩვენთვის?

ღვთის ძემ, იესომ ამ სიტყვებით პასუხი გასცა შემდეგ კითხვას: „რა იქნება . . . ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3). მან ჩამოთვალა მთელი რიგი მოვლენები, რაც უნდა მომხდარიყო, მათ შორის ზემოხსენებული უბედურებებიც. შემდეგ იესომ მნიშვნელოვანი სიტყვები წარმოთქვა: „როცა დაინახავთ, რომ ყველაფერი ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღვთის სამეფო“ (ლუკა 21:31). ასე რომ, ნაწინასწარმეტყველებ სტიქიურ უბედურებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ეს მოვლენები იმ უმნიშვნელოვანესი ცვლილებების მომასწავებელია, რომელიც მომავალში მოხდება.

ვინ იწვევს სტიქიურ უბედურებებს?

ბევრს ჯერ კიდევ აინტერესებს: თუ ღმერთი არ იწვევს სტიქიურ უბედურებებს, მაშ, ვინ ან რა დგას ამ უბედურებების მიღმა? ჩვენ ამ კითხვაზე პასუხს იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ გავაანალიზებთ ბიბლიაში ჩაწერილ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას: „ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). ამ მუხლიდან ჩანს, რომ ღმერთი კი არ დგას ამ უბედურებების მიღმა, არამედ უმეტეს შემთხვევაში მისი მტერი, „ბოროტი“, რომელსაც მეორენაირად ბიბლიაში „ეშმაკი“ ეწოდება (გამოცხადება 12:9, 12).

ღვთის ეს მტერი, რომელსაც საკუთარი ეგოისტური სურვილები ამოძრავებს, ხალხის სიცოცხლეს არაფრად აგდებს. ვინაიდან მთელი მსოფლიო მის ძალაუფლებაშია, ადამიანებშიც იმავე სულს აღვივებს. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ „ბოლო დღეებში“ ადამიანები იქნებოდნენ „საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები“ (2 ტიმოთე 3:1, 2). ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ეშმაკმა შექმნა გლობალური სისტემა, რომელშიც ღვთის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ეშმაკი ადამიანებს უბიძგებს ეგოიზმისა და სიხარბისკენ, რაც კაცობრიობას საშინელ მდგომარეობაში აგდებს.

რა გაგებით იწვევს სიხარბე, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, სტიქიურ უბედურებებს? გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც სტიქიურ უბედურებებს ეხება, ნათქვამია: „ხალხი, ხშირად ვაკე ადგილებზე სახლდება, სადაც დიდია დატბორვის რისკ-ფაქტორი. გარდა ამისა, გარემოს უძნელდება, თავიდან აიცილოს ბუნებრივი კატაკლიზმები, რადგან ჰექტრობით ტყეები იჩეხება და არაერთი ადგილი ჭაობდება. ამას ისიც ემატება, რომ სითბური აირების ზრდა იწვევს კლიმატის გლობალურ ცვლილებას და ზღვის დონის მომატებას . . . ეს ყველაფერი კი ადამიანის ჩარევით ხდება“. მართალია, ბევრი მიიჩნევს, რომ ამას ადამიანები ეკონომიკური აღმავლობისთვის აკეთებენ, მაგრამ სინამდვილეში მათ ეგოიზმი და სიხარბე მართავს, რომელიც მთელ მსოფლიოშია გაბატონებული.

გარემოს დაბინძურება

დღეს ბევრი ექსპერტი სწორედ ადამიანებს ადანაშაულებს იმაში, რომ სტიქიური უბედურებები ასეთი გამანადგურებელი სახით ატყდება თავს კაცობრიობას. სინამდვილეში ადამიანები მხარს უჭერენ სისტემას, რომლის მეშვეობითაც ეშმაკი კიდევ უფრო გამანადგურებელს ხდის ამ კატასტროფებს.

როგორც ვხედავთ, ბევრი ბუნებრივი კატაკლიზმი ადამიანების დაუდევრობის შედეგია. ზოგი სტიქიური უბედურება ისეთი გამანადგურებელი არ იქნებოდა, დასახლებულ პუნქტებში რომ არ მომხდარიყო. მსოფლიოს ბევრ ნაწილში ბუნებრივი კატაკლიზმები იმიტომ იღებს ასეთ მასშტაბურ ხასიათს, რომ ადამიანები უკიდურესად ბოროტ საქმეებს სჩადიან; სხვა მიზეზი ისაა, რომ სოციალურად დაუცველ ხალხს აიძულებენ, მასიურად დასახლდნენ სახიფათო ზონებში. მაგრამ ზოგი დაუდევრობის ან გაფრთხილების უგულებელყოფის გამო კი არ ეწირება სტიქიურ უბედურებებს, არამედ მათზე „დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლესიასტე 9:11).

რა მიზეზითაც უნდა იყოს სტიქიური უბედურება გამოწვეული, რა ზომებს უნდა მიმართოთ ამ დროს? ახლა ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ სტიქიური უბედურების დროს.