როგორ შევიძინოთ კარგი მეგობრები?
ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან
როგორ შევიძინოთ კარგი მეგობრები?
ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.
1. რატომ უნდა ავირჩიოთ მეგობრები დიდი სიფრთხილით?
ადამიანთა უმრავლესობას სურს, რომ სხვებმა თავიანთ წრეში მიიღონ. ხშირად სწორედ ეს გვიბიძგებს, რომ მივბაძოთ გარშემომყოფთ. ჩვენს მეგობრებს შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ ჩვენს აზროვნებაზე. ასე რომ, ის, თუ ვის ავირჩევთ მეგობრად, გარკვეულწილად გავლენას იქონიებს იმაზე, თუ როგორ ადამიანებად ჩამოვყალიბდებით (წაიკითხეთ იგავების 4:23; 13:20).
დავითი, რომელიც ღვთის შთაგონებით წერდა, გონივრულად ირჩევდა მეგობრებს. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა მათთან, ვინც მას ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებაში ეხმარებოდა (ფსალმუნი 26:4, 5, 11, 12). მაგალითად, დავითს სიამოვნებას ანიჭებდა იონათანთან მეგობრობა, რადგან იონათანი ყოველთვის მოუწოდებდა მას, რომ იეჰოვაზე ყოფილიყო მინდობილი (წაიკითხეთ 1 სამუელის 23:16—18).
2. როგორ შეგიძლიათ გახდეთ ღვთის მეგობარი?
მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა ყოვლისშემძლე ღმერთია, ჩვენ მაინც შეგვიძლია, მისი მეგობრები გავხდეთ. მაგალითად, აბრაამს ღმერთმა თავისი მეგობარი უწოდა. იგი ენდობოდა და ემორჩილებოდა იეჰოვას; სწორედ ამიტომ აირჩია ღმერთმა ის თავის მეგობრად (დაბადება 22:2, 9—12; იაკობი 2:21—23). თუკი ვენდობით იეჰოვას და მის ნებას ვასრულებთ, ჩვენც შეგვიძლია გავხდეთ მისი მეგობრები (წაიკითხეთ ფსალმუნის 15:1, 2).
3. რით არის ჩვენთვის კარგი, როცა გონივრულად ვირჩევთ მეგობრებს?
ნამდვილი მეგობრები ერთგულები არიან და გვეხმარებიან, რომ ყოველთვის სწორად მოვიქცეთ (იგავები 17:17; 18:24). მაგალითად, იონათანი დავითზე დაახლოებით 30 წლით იყო უფროსი და, წესისამებრ, ის უნდა ასულიყო ისრაელის სამეფო ტახტზე, მაგრამ ერთგულად უჭერდა დავითს მხარს, რადგან ღმერთმა დავითი აირჩია ისრაელის მეფედ. ნამდვილი მეგობრები ყოველთვის პირდაპირ გვაძლევენ რჩევას, როცა უგუნურად ვიქცევით (ფსალმუნი 141:5). თუ თქვენს მეგობრებს უყვართ ღმერთი, ისინი კარგი ჩვევების განვითარებაში დაგეხმარებიან (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:33).
იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში თქვენ გაიცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენსავით უყვართ სიმართლე. იქ შეგიძლიათ შეიძინოთ მეგობრები, რომლებიც ყოველთვის წაგახალისებენ, რომ ღმერთს გული გაუხაროთ (წაიკითხეთ ებრაელების 10:24, 25).
მაგრამ ზოგჯერ იმ მეგობრებმაც შეიძლება გატკინონ გული, რომლებსაც უყვართ ღმერთი. მაშინვე გულთან ახლოს ნუ მიიტანთ წყენას (ეკლესიასტე 7:9, 20—22). გახსოვდეთ, რომ თქვენი მეგობრები არ არიან სრულყოფილები, მაგრამ ისინი ძვირფასნი არიან თქვენთვის, რადგან უყვართ ღმერთი. ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, რომ ყურადღება არ გავამახვილოთ თანაქრისტიანების შეცდომებზე (წაიკითხეთ კოლოსელების 3:13).
4. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ეგრეთ წოდებული მეგობრები გიპირისპირდებიან?
ბევრმა დაინახა, რომ როდესაც ღვთის სიტყვის შესწავლა დაიწყეს, ზოგი ძველი მეგობარი დაუპირისპირდა. შესაძლოა მათ არ სჯერათ, რომ ბიბლია მომავლის რეალურ იმედს გვინერგავს და შეიძლება ბიბლიაში ჩაწერილი პრაქტიკული რჩევების ფასიც არ ესმით. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ (წაიკითხეთ კოლოსელების 4:6).
შეიძლება ეგრეთ წოდებულმა მეგობრებმა დაგცინონ კიდეც იმის გამო, რომ სასიხარულო ცნობას ქადაგებთ (2 პეტრე 3:3, 4). ზოგმა შესაძლოა იმის გამოც კი აგიგდონ მასხრად, რომ ბიბლიურ პრინციპებს იცავთ (1 პეტრე 4:4). თუ ასეა, შეიძლება ღმერთსა და მათ შორის მოგიწიოთ არჩევნის გაკეთება. თუ ღმერთთან მეგობრობას აირჩევთ, თქვენ საუკეთესო მეგობარი გეყოლებათ (წაიკითხეთ იაკობის 4:4, 8).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-12 და მე-19 თავები. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.