სტუმრად თვალუწვდენელ თეთრ უდაბნოში
წერილი ნორვეგიიდან
სტუმრად თვალუწვდენელ თეთრ უდაბნოში
ზამთრის სუსხიანი დილა იდგა. ფარდები გადავწიეთ, რომ დაგვენახა, როგორი ამინდი იყო. ძალიან გაგვახარა ლურჯად მოლივლივე ცის დანახვამ. სამი დღით ვაპირებდით წასვლას საქადაგოდ ფინმარკსვიდაში — მთიან რეგიონში, რომელიც ჩრდილოეთის პოლარული წრის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.
ნორვეგიაში ზამთარი სუსხიანი იცის. ასე რომ, ცოტა არ იყოს, გვაშინებდა ჩრდილოეთის ამ უდაბურ მხარეში წასვლა. საბედნიეროდ, ჩვენთან ერთად სამი იქაური იეჰოვას მოწმეც მოდიოდა. მათ იცოდნენ, რას შეიძლებოდა გადავყროდით გზად და კარგ რჩევებს გვაძლევდნენ.
იქ სულ რამდენიმე გზაა. ამ მხარეში გადაადგილების საუკეთესო საშუალება თოვლმავალია. თოვმავლები და მარხილი ტანსაცმლით, საკვებითა და დამატებითი საწვავით დავტვირთეთ. მალე ჩვენ თვალწინ თოვლით დაფარული თვალუწვდენელი მთიანი რეგიონის პეიზაჟი გადაიშალა. მზის შუქზე თოვლი ბრილიანტებივით ელვარებდა. გარშემო მართლაც, რომ დამატყვევებელი სილამაზე იყო.
ფინმარკსვიდაში ბინადრობენ ჩრდილოეთის ირმები, ამერიკული ლოსები, ფოცხვერები, კურდღლები, მელიები, სამურავები და დათვები. მაგრამ ყველაზე მეტად ის გვიხაროდა, რომ შეგვეძლო ამ უდაბურ მხარეში ადამიანებამდე მიგვეტანა სასიხარულო ცნობა. განსაკუთრებით გვინდოდა საამი ენაზე მოლაპარაკე ხალხთან შეხვედრა, რომლებიც ჩრდილოეთის ირმებს მწყემსავდნენ ან კოტეჯებში მუშაობენ და ამგვარად ირჩენდნენ თავს.
პირველ კოტეჯთან შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც ერთმანეთს თხილამურებით სრიალში ეჯიბრებოდნენ. ისინი დაინტერესდნენ, რატომ ვიყავით იქ ჩასული. რასაკვირველია, გაგვიხარდა, რომ მათთან გამოლაპარაკების შესაძლებლობა მოგვეცა. ერთ-ერთმა მათგანმა დამშვიდობებისას გვითხრა: „წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმეში!“. უკან დაბრუნებისას თოვლმავლებით გადავკვეთეთ გაყინული ტბები და უკაცრიელი ადგილები. ძალიან გვინდოდა, გვენახა ჩრდილოეთის ირმების ჯოგი.
პატარა კოტეჯს რომ მივუახლოვდით, ერთი იქაური კაცი გამოგვეგება. ჩვენი მარხილი დაზიანებული იყო და მან შემოგვთავაზა, რომ გაგვიკეთებდა. იქაურებს არასდროს არსად ეჩქარებათ. ის აუჩქარებლად აკეთებდა ჩვენს მარხილს და ჩვენც უკვე აღარაფერზე ვნერვიულობდით. როგორც კი შეკეთებას მორჩა, მადლობა გადავუხადეთ და ცოტა ხანი ვესაუბრეთ ბიბლიიდან იმის შესახებ, თუ რატომ უშვებს
ღმერთი ტანჯვა-წამებას. მან ყურადღებით მოგვისმინა. წამოსვლამდე დავუტოვეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. „მადლობა, რომ მეწვიეთ“, — ღიმილით დაგვემშვიდობა.რამდენიმე ოჯახი კიდევ მოვინახულეთ და მოსაღამოვდა კიდეც. კოტეჯისკენ გავეშურეთ, სადაც ღამე უნდა გაგვეთია. მოულოდნელად მელია დავინახეთ. მისი წითური ბეწვი თეთრ თოვლზე ლამაზად ელვარებდა. მელია ერთი წამით შეჩერდა, ცნობისმოყვარეობით შემოგვხედა და შემდეგ გზა განაგრძო. ცოტა ხანში ისე დაიწყო თოვა, რომ ძლივძლივობით ვიკვლევდით გზას. შვებით ამოვისუნთქეთ, როცა კოტეჯი გამოჩნდა. ღუმელში ცეცხლი დავანთეთ და ოთახი ნელ-ნელა გათბა. მართალია, ძალიან გადავიღალეთ მთელი დღე თოვლმავლებით უსწორმასწორო გზებზე სიარულით, მაგრამ მაინც ბედნიერები ვიყავით.
დილით, როცა გავიღვიძეთ, ჯერ კიდევ დაღლილები ვიყავით. კვლავ დავტვირთეთ ჩვენი თოვლმავლები, დაბლობისკენ დავეშვით და მდინარეს გავუყევით. მალე კიდევ ერთ კოტეჯს მივადექით. იქ ერთ ახალგაზრდა მამაკაცს შევხვდით და რამდენიმე საინტერესო ბიბლიურ საკითხზე ვესაუბრეთ. მან აგვიხსნა, როგორ დავბრუნებულიყავით უკან მოკლე გზით.
დადგა ჩვენი გამგზავრების დღე. როდესაც სთაბარსდოლანის პარკში შევედით, ჩვენ თვალწინ თვალწარმტაცი ხედი გადაიშალა. შორს მოჩანდა დათოვლილი მთები, რომლებიც მზის სხივებზე თეთრად ელვარებდა. მოულოდნელად თვალი მოვკარით ირმების დიდ ჯოგს. ისინი თავიანთი დიდი ჩლიქებით თოვლს თხრიდნენ და თოვლქვეშ მოყოლილ ბალახსა თუ ხავსს შეექცეოდნენ. შევნიშნეთ, რომ ცოტა მოშორებით თოვლმავალზე ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი იჯდა. ის თვალყურს ადევნებდა თავის ირმებს. მისი ძაღლი ყურადღებით დარაჯობდა ირმების ჯოგს და მათ გაფანტვის საშუალებას არ აძლევდა. ძაღლი ცოტა ხნით გაჩერდა და ჩვენკენ გამოიხედა, თუმცა მალევე თავის „საქმეს“ დაუბრუნდა. მწყემსსაც გავაცანით სასიხარულო ცნობა. მან დიდი ყურადღებით მოგვისმინა.
უკან დაბრუნებისას ვიხსენებდით ყველას, ვინც მოგზაურობისას ვნახეთ. მთლიანობაში 300 კილომეტრი გავიარეთ. გვიხარია, რომ რამდენიმე ადამიანს მაინც გავუზიარეთ სასიხარულო ცნობა ამ თვალუწვდენელ თეთრ უდაბნოში.
[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]
© Norway Post