არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სახელი და ალფონსო დე სამორას ზუსტი თარგმანი

ღვთის სახელი და ალფონსო დე სამორას ზუსტი თარგმანი

ღვთის სახელი და ალფონსო დე სამორას ზუსტი თარგმანი

ესპანეთის მეფემ და დედოფალმა, ფერდინანდმა და ისაბელამ, 1492 წელს გამოსცეს ასეთი ბრძანება: „ჩვენ ვბრძანებთ, რომ ყველა იუდეველმა, კაცმა თუ ქალმა, დიდმა თუ პატარამ, რა ასაკისაც უნდა იყვნენ . . . ამა წლის ივლისის ბოლოს დატოვონ ჩვენი სამეფოს საზღვრები თავიანთ შვილებთან, მოსამსახურეებთან და ყველა ახლობელთან ერთად და აღარასოდეს გაბედონ უკან დაბრუნება“.

ამ ბრძანების თანახმად, ესპანეთში იუდეველთა თითოეული ოჯახი არჩევნის წინაშე დადგა — მათ ან სამეფო უნდა დაეტოვებინათ, ან უარი ეთქვათ თავიანთ მრწამსზე. რაბინი, სახელად ხუან დე სამორა, მიხვდა, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა, კათოლიციზმზე მოქცეულიყო და ესპანეთში დარჩენილიყო, სადაც მისი წინაპრების რამდენიმე თაობა ცხოვრობდა. თუ გავითვალისწინებთ მის წარმოშობას, სავსებით შესაძლებელია, რომ ხუანს თავისი ვაჟი ალფონსო გაეგზავნა სამორაში, სახელგანთქმულ სკოლაში, სადაც ჰებრაისტიკა — ებრაული ენა, დამწერლობა, ისტორია და კულტურა ისწავლებოდა. მოგვიანებით, ალფონსომ საფუძვლიანად შეისწავლა ლათინური, ბერძნული და არამეული ენები. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სალამანკას უნივერსიტეტში ებრაული ენის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მალე მისი ლინგვისტური ცოდნა მთელი ევროპის ბიბლიის მკვლევარებს გამოადგა.

1512 წელს ალკალა-დე-ენარესის ახალ უნივერსიტეტში ალფონსო დე სამორა ჰებრაისტიკის კათედრის ხელმძღვანელად აირჩიეს. ვინაიდან სამორა იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სწავლული იყო, უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, კარდინალმა ხიმენეს დე სისნეროსმა, ის გრანდიოზული პროექტის, „კომპლუტენსიონ პოლიგლოტის“, მომზადებაში ჩართო. ამ ექვსტომიან ბიბლიაში შესულია ბიბლიის ებრაული, ბერძნული, ლათინური და ნაწილობრივ არამეული ტექსტები. *

ამ პროექტის შესახებ ბიბლიის მკვლევარი მარიანო რებილია რიკო აღნიშნავს: „კათოლიციზმზე მოქცეული სამი ებრაელიდან, რომლებიც კარდინალ სისნეროსის პროექტში იღებდნენ მონაწილეობას, ყველაზე გამორჩეული იყო ალფონსო დე სამორა — გრამატიკოსი, ფილოსოფოსი, თალმუდის მცოდნე და აგრეთვე ლათინური, ბერძნული, ებრაული და არამეული ენების სპეციალისტი“. სამორას ნაშრომების გამოკვლევის შედეგად, რიკო იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბიბლიის ზუსტი თარგმანის გასაკეთებლად საჭირო იყო ძველი ორიგინალის ენების საფუძვლიანი ცოდნა. სინამდვილეში მე-16 საუკუნის დასაწყისში სამორა გახდა ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, რომ ხალხს ბიბლიური ცოდნა გაეღრმავებინა.

სამორა რთულ პერიოდში მოღვაწეობდა; ის ცხოვრობდა ისეთ ქვეყანაში, სადაც ბიბლიის კვლევის გამო მის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დამუქრებოდა. იმ დროს ესპანეთში ინკვიზიცია მძვინვარებდა და კათოლიკური ეკლესია ერთადერთ ავტორიტეტულ თარგმანად ლათინურ ვულგატას აღიარებდა. მიუხედავად ამისა, შუა საუკუნეებში კათოლიკე სწავლულებს უკვე შემჩნეული ჰქონდათ, რომ ვულგატას ლათინური ტექსტი შორს იყო სრულყოფილებისგან. მე-16 საუკუნის დასაწყისში ალფონსო დე სამორა და მისი თანამოაზრეები საკმაოდ რთულ საქმეს შეეჭიდნენ.

„გადარჩენისთვის აუცილებელია თარგმანი“

იმ პროექტებს შორის, რომლებზეც სამორა მუშაობდა, „ძველი აღთქმის“ სახელით ცნობილი ებრაული გამოცემა ლათინურ ენაზე გაკეთებულ თარგმანთან ერთად, უდავოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი იყო. როგორც ჩანს, მან განიზრახა, რომ ეს მასალა, ძირითადად, გამოეყენებინათ „კომპლუტენსიონ პოლიგლოტის“ შესადგენად. ერთ-ერთი მისი ხელნაწერი დაცულია ელ ესკორიალის ბიბლიოთეკაში (მადრიდი, ესპანეთი). კატალოგში ამ ხელნაწერის მოძებნა შემდეგი ნომრით შეიძლება: G-I-4. ეს ხელნაწერი მოიცავს ებრაულ ენაზე შესრულებულ წიგნ „დაბადებას“ ლათინურ სტრიქონობრივ ანუ სიტყვასიტყვით თარგმანთან ერთად.

წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ერების გადარჩენისთვის აუცილებელია წმინდა წერილების სხვა ენებზე თარგმნა . . . ჩვენ ეს კარგად გვესმის . . . უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ერთგულ ადამიანს ჰქონდეს სიტყვასიტყვით ნათარგმნი ბიბლია, რომელშიც თითოეულ ებრაულ სიტყვას ქვეშ მიწერილი ექნება ზუსტი ეკვივალენტი ლათინურ ენაზე“. ალფონსო დე სამორას, რომელიც ებრაული ენის სახელგანთქმული სპეციალისტი იყო, საკმაო გამოცდილება ჰქონდა, რომ ლათინურ ენაზე ასეთი ახალი თარგმანი გაეკეთებინა.

„ჩემი სული მოსასვენებელ ადგილს ვერსად პოულობს“

გარკვეულწილად მე-16 საუკუნის ესპანეთი მოღვაწეობისთვის საუკეთესო ადგილი იყო ისეთი სწავლულებისთვის, როგორიც სამორა იყო. შუა საუკუნეებში ესპანეთი გახდა ებრაული კულტურის ცენტრი. ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ ნათქვამია: „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მუსლიმანი და იუდეველი იყო, შუა საუკუნეების ესპანეთი დასავლეთ ევროპაში ერთადერთი მრავალეროვანი ქვეყანა იყო, სადაც არაერთი აღმსარებლობის ადამიანი ცხოვრობდა. ეს კარგად აისახა შუა საუკუნეების მიწურულს ესპანეთის რელიგიაზე, ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და არქიტექტურაზე“.

ვინაიდან ესპანეთში ბევრი ებრაელი ცხოვრობდა, ებრაული ბიბლიის უამრავი ხელნაწერი არსებობდა. ებრაელი მწიგნობრები, რომლებიც ესპანეთის სხვადასხვა მხარეში ცხოვრობდნენ, მძიმედ შრომობდნენ, რომ ხელნაწერები გაემრავლებინათ, რათა ხალხისთვის წაეკითხათ სინაგოგებში. ლაზარუს გოტშმიტი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ „ებრაული სწავლულები ყველაზე ზუსტ თარგმანად მხოლოდ ესპანურ-პორტუგალიურ ენებზე შესრულებულ ხუთწიგნეულს კი არ მიიჩნევდნენ, არამედ იმ ხელნაწერებსაც, რომელთა საფუძველზეც ეს ხუთწიგნეული და არაერთი პოლიგლოტი შეადგინეს“ (The Earliest Editions of the Hebrew Bible).

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში ბიბლიის სათარგმნელად კარგი ნიადაგი იყო მომზადებული, ისინი, ვინც ამ საქმეს ჩაუდგნენ სათავეში, დიდ წინააღმდეგობას შეხვდნენ. 1492 წელს მეფე ფერდინანდისა და დედოფალ ისაბელას კათოლიკურმა ლაშქარმა საბოლოოდ დაიპყრო მავრების ტერიტორია ესპანეთში. როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, ამავე წელს მეფე-დედოფალმა გამოსცა ბრძანება, რომ ყველა, ვინც იუდეველთა რელიგიას მიეკუთვნებოდა, ესპანეთიდან გაეძევებინათ. ათი წლის შემდეგ მსგავსი ბრძანება გამოსცეს მუსლიმანების ქვეყნიდან გაძევების თაობაზეც. იმ დროს კათოლიციზმი ესპანეთში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა და სხვა რელიგიები აიკრძალა.

როგორ აისახა ეს ბიბლიის თარგმნაზე? ეს კარგად გამოჩნდა ალფონსო დე სამორას შემთხვევიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ებრაელი სწავლული კათოლიციზმზე მოექცა, ეკლესიის მესვეურებმა არაფრად ჩააგდეს ეს ფაქტი. ზოგმა მოწინააღმდეგემ კარდინალი სისნეროსი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან პოლიგლოტის შესადგენად კათოლიციზმზე მოქცეული ებრაელი გამოიყენა. ამ თავდასხმებმა სამორას ძალიან ატკინა გული. მადრიდის უნივერსიტეტში დაცულ ხელნაწერში სამორა თავის გულისტკივილს გამოთქვამს: „ყველა ჩემმა მეგობარმა მიმატოვა და შემიძულა. ისინი მტრებად მექცნენ. ჩემი სული მოსასვენებელ ადგილს ვერსად პოულობს და ვერც დაცულად ვგრძნობ ვერსად თავს“.

მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე იყო ტოლედოს არქიეპისკოპოსი ხუან ტაბერა, რომელიც მოგვიანებით მთავარი ინკვიზიტორი გახდა. სამორა იმდენად აღაშფოთა ტაბერას თავდასხმებმა, რომ პაპსაც კი მიმართა დახმარებისთვის. იგი პაპს წერდა: „თქვენო უწმინდესობავ, გთხოვთ და გემუდარებით, რომ დაგვეხმაროთ . . . და დაგვიცვათ ჩვენი მტრისგან, ტოლედოს ეპისკოპოს დონ ხუან ტაბერასგან. იგი ყოველდღე თავს გვატეხს უბედურებებს . . . ჩვენ ძალიან ვიტანჯებით, რადგან მის თვალში დასაკლავად განწირულ ცხოველებს ვგავართ . . . თუ თქვენი უწმინდესობა ყურად იღებს ჩვენს სათხოვარს, იაჰვე უსაფრთხოდ გატარებთ თქვენს გზაზე და ფეხსაც კი არაფერს წამოჰკრავთ (იგავები 3:23)“. *

ალფონსო დე სამორას მემკვიდრეობა

წინააღმდეგობის მიუხედავად, სამორას ნაშრომი ბიბლიის ბევრ მკვლევარს გამოადგა. მართალია, მას არასდროს უთარგმნია წმინდა წერილები იმ დროს გავრცელებულ ენებზე, მაგრამ მან ფასდაუდებელი სამსახური გაუწია სხვა მთარგმნელებს. იმისათვის, რომ გავიგოთ, რამხელა წვლილი შეიტანა სამორამ ამ საქმეში, უნდა გვახსოვდეს, რომ ბიბლიის თარგმნა შეუძლებელია მკვლევართა ორი ჯგუფის გარეშე. პირველმა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე შესრულებული ხელნაწერების ასლები, რათა საბოლოოდ ტექსტი გასაგები და ზუსტი იყოს. მეორე ჯგუფმა კი მათ მიერ მომზადებული მასალის საფუძველზე უნდა დაიწყოს თავიანთ მშობლიურ ენაზე წმინდა წერილების თარგმნა.

სწორედ ალფონსო დე სამორამ მოამზადა და დაამუშავა ებრაული ტექსტი, რომელიც საბოლოოდ 1522 წელს „კომპლუტენსიონ პოლიგლოტის“ სახით გამოიცა (ამ ნაშრომს დართული ჰქონდა ებრაულ-ლათინური ლექსიკონი და ებრაული გრამატიკა, რამაც სხვა მთარგმნელებს საგრძნობლად გაუადვილა ბიბლიის თარგმნა). სამორას თანამედროვემ, ერაზმუსმა, ქრისტიანულ-ბერძნული წერილების თარგმნისას, რომელსაც „ახალ აღთქმასაც“ უწოდებენ, იმავე მეთოდს მიმართა. ვინაიდან ებრაული და ბერძნული ტექსტები დამუშავებული სახით ხელმისაწვდომი გახდა, სხვა მთარგმნელებს გაუადვილდათ უაღრესად მნიშვნელოვანი საქმის დაწყება ხალხისთვის გასაგებ ენაზე ბიბლიის თარგმნა. როდესაც უილიამ ტინდალმა ინგლისურ ენაზე თარგმნა ბიბლია, ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც „კომპლუტენსიონ პოლიგლოტის“ ებრაული ტექსტით ისარგებლა.

დღეს რომ ბიბლია ასე ფართოდაა გავრცელებული, სამორას მსგავსი ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც თავი მიუძღვნეს უაღრესად მნიშვნელოვან საქმეს. მათი დაუღალავი შრომის წყალობით, დღეს ჩვენ უკეთესად გვესმის წმინდა წერილები. სამორას ესმოდა, რომ ხალხის გადარჩენა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად კარგად ესმოდათ ღვთის სიტყვა და ითვალისწინებდნენ მის რჩევებს (იოანე 17:3). ამისთვის კი საჭირო იყო, უბრალო ხალხისთვის გასაგებ ენაზე გადათარგმნილიყო ბიბლია. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეხებოდა მილიონების გულსა და გონებას ბიბლიური ცნობა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 იმის გასაგებად, თუ რამდენად დიდი როლი შეასრულა „კომპლუტენსიონ პოლიგლოტმა“ თარგმნის ისტორიაში, იხილეთ 2004 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 28—31.

^ აბზ. 15 აღსანიშნავია, რომ რომის პაპის მიმართ მიწერილ წერილში სამორამ ღვთის სახელი გამოიყენა და არა ტიტული. ამ წერილის ესპანურ თარგმანში მოხსენიებულია ღვთის სახელი „იაჰვე“. ჩვენთვის უცნობია, რა ფორმით მოიხსენია მან ღვთის სახელი თავის წერილში, რომელიც ლათინურად დაწერა. იმის თაობაზე, თუ როგორ გადმოიტანა სამორამ ღვთის სახელი თავის თარგმანში, იხილეთ ჩარჩო მე-19 გვერდზე „ღვთის სახელის ტრანსლიტერაცია“.

[ჩარჩო⁄სურათები 19 გვერდზე]

ღვთის სახელის ტრანსლიტერაცია

საგულისხმოა ის ფაქტი, თუ როგორ გადმოიტანა ებრაული წარმოშობის განათლებულმა მამაკაცმა ალფონსო დე სამორამ ღვთის სახელი. როგორც თანდართული სურათიდან ჩანს, მის ებრაულ-ლათინურ სტრიქონობრივ თარგმანში, კერძოდ წიგნ „დაბადების“ მარგინალურ მუხლში ღვთის სახელი „იეჰოვაა“ მოხსენიებული.

როგორც ჩანს, სამორამ ღვთის სახელი ლათინურ თარგმანშიც გადაიტანა. მე-16 საუკუნეში, როდესაც ბიბლიის თარგმნა ევროპულ ენებზე დაიწყო, ბიბლიის ბევრმა მთარგმნელმა, მათ შორის უილიამ ტინდალმა (ინგლისური, 1530), სებასტიან მიუნსტერმა (ლათინური, 1534), პიერ რობერტ ოლივეტანმა (ფრანგული, 1535) და კასიოდორო დე რეინამ (ესპანური, 1569), ღვთის სახელი იმავე ან მსგავსი ტრანსლიტერაციით გადმოიტანეს თავიანთ თარგმანებში.

ამგვარად, სამორა იყო მე-16 საუკუნის ერთ-ერთი პირველი ბიბლიის მკვლევარი, რომელმაც ღვთის სახელი ხალხისთვის ცნობილი გახადა. პირველად ღვთის სახელი წმინდა წერილებიდან ებრაელთა ცრურწმენის გამო ამოიღეს, რადგან ისინი ფიქრობდნენ, რომ ღვთის სახელის წარმოთქმა არ შეიძლებოდა. ებრაული ტრადიციის გავლენით ბიბლიის ქრისტიანმა მთარგმნელებმა. ერთ-ერთი მათგანი იყო იერონიმე, ლათინური ვულგატის მთარგმნელი, რომელმაც ღვთის სახელი ისეთი ტიტულებით ჩაანაცვლა, როგორიცაა „უფალი“ და „ღმერთი“.

[სურათი]

ღვთის სახელის ებრაული ტეტრაგრამატონი, რომელიც სამორამ გადმოიტანა, როგორც იეჰოვა

[სურათი 18 გვერდზე]

ესპანეთის მეფე-დედოფლის ბრძანებულება, 1492 წელი

[საავტორო უფლება]

Decree: Courtesy of the Archivo Histórico Provincial, Ávila, Spain

[სურათი 18 გვერდზე]

ალკალა-დე-ენარესის უნივერსიტეტი

[სურათი 21 გვერდზე]

სამორას მიერ შესრულებული სტრიქონობრივი თარგმანის პირველი გვერდი.