არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

როგორ იპოვა სიცოცხლის აზრი ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც მძიმე ბავშვობა ჰქონდა? რამ აღძრა აგრესიული ოპოზიციონერი, ღვთის მსახური გამხდარიყო? აი, რას გვიყვებიან თავად ისინი:

„გადაწურული მქონდა იმედი, რომ ოდესმე სიყვარულსა და სითბოს ვეღირსებოდი“ — ინა ლეჟნინა

დაბადების წელი: 1981

ქვეყანა: რუსეთი

წარსულში: ჰქონდა მძიმე ბავშვობა

მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე ყრუ-მუნჯების ოჯახში და თვითონაც ყრუ-მუნჯი ვიყავი. პირველი ექვსი წელი უზრუნველი ბავშვობა მქონდა. მაგრამ მოგვიანებით ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მართალია, ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, მაგრამ მესმოდა, რომ კარგი არაფერი მოჰქონდა გაყრას და ამან დიდი ტკივილი მომაყენა. გაყრის შემდეგ მამაჩემი და ჩემი უფროსი ძმა ტროიცკში დარჩნენ, მე და დედაჩემი კი ჩელიაბინსკში გადავედით. ცოტა ხანში დედა ხელმეორედ გათხოვდა. მამინაცვალი ლოთობდა და მე და დედას ხშირად გვცემდა.

1993 წელს ჩემი უფროსი ძმა დაიხრჩო, რამაც თავზარი დაგვცა. დედაჩემმაც სმა დაიწყო და ახლა უკვე ორივენი, ისიც და მამინაცვალიც, ცუდად მექცეოდნენ. მენატრებოდა ნორმალური ცხოვრება, თუმცა გადაწურული მქონდა იმედი, რომ ოდესმე სიყვარულსა და სითბოს ვეღირსებოდი. სხვადასხვა ეკლესიაში დავიწყე სიარული, რათა ნუგეში მეპოვა, მაგრამ ამაოდ.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: 13 წლის ვიყავი, როცა ერთმა თანაკლასელმა, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო, რამდენიმე ისტორია მომიყვა ბიბლიიდან. ძალიან მომწონდა ისეთი ბიბლიური პერსონაჟები, როგორებიც იყვნენ ნოე და იობი; ისინი სირთულეების მიუხედავად, ღმერთს ემსახურებოდნენ. მალე მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა და მათ კრების შეხვედრებზე დასწრება დავიწყე.

ბიბლიის შესწავლის შედეგად ბევრ რამეზე ამეხილა თვალი და არაერთ ბიბლიურ ჭეშმარიტებას მოეფინა ჩემთვის ნათელი. ჩემზე ძალიან იმოქმედა იმის გაგებამ, რომ ღმერთს სახელი ჰქონია (ფსალმუნი 83:18). გამაოცა ბიბლიური წინასწარმეტყველებების სიზუსტემ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარება იქნებოდა „ბოლო დღეებში“ (2 ტიმოთე 3:1—5). აღმაფრთოვანა მკვდრეთით აღდგომის იმედმა. წარმოიდგინეთ — მე ხომ კვლავ ვიხილავდი ჩემს ძმას! (იოანე 5:28, 29).

მაგრამ ყველა აღფრთოვანებით არ შეხვდა ჩემს ახალშეძენილ რწმენას. დედაჩემი და მამინაცვალი სიძულვილს ავლენდნენ იეჰოვას მოწმეების მიმართ. ისინი მაიძულებდნენ, შემეწყვიტა ბიბლიის შესწავლა. მაგრამ მე მიყვარდა ის, რასაც ვსწავლობდი და მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ თავი არ დამენებებინა შესწავლისთვის.

ადვილი არ იყო, ამეტანა ოჯახის წევრებისგან წინააღმდეგობა. მეორედ მაშინ დაგვატყდა თავს უბედურება, როცა ჩემი უმცროსი ძმაც დაიხრჩო. ის ჩემთან ერთად დადიოდა იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე. მოწმეები ყოველთვის ჩემ გვერდით იყვნენ. მათ ისეთი სითბო და სიყვარული მაგრძნობინეს, რასაც მთელი ცხოვრება ვნატრობდი. მივხვდი, რომ ჭეშმარიტი რელიგია ვიპოვე. 1996 წელს მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი.

კურთხევები: ექვსი წელია, რაც ცოლად გავყევი შესანიშნავ ადამიანს, დიმიტრის. დღეს ჩვენ ერთად ვმსახურობთ იეჰოვას მოწმეთა ფილიალში, რომელიც ქალაქ სანკტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარეობს. დროთა განმავლობაში მშობლები მოლბნენ და შეიცვალეს დამოკიდებულება ჩემი რწმენის მიმართ.

ძალიან მადლიერი ვარ, რომ გავიცანი იეჰოვა! მისმა მსახურებამ ნამდვილი აზრი შესძინა ჩემს ცხოვრებას.

„თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა და მოსვენებას არ მაძლევდა“ — რაუდელ როდრიგეს როდრიგესი

დაბადების წელი: 1959

ქვეყანა: კუბა

წარსულში: მეამბოხე

მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე ჰავანაში (კუბა). გავიზარდე ღარიბ უბანში, სადაც ხშირად იმართებოდა ქუჩაში მუშტი-კრივი. როდესაც წამოვიზარდე, ძიუდოთი და ორთაბრძოლის სხვა სახეობებით დავინტერესდი.

სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მშობლები მირჩევდნენ, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. იმ დროს ვფიქრობდი, რომ ჩემი ქვეყნის პოლიტიკა შეცვლას საჭიროებდა. ამიტომ გადავწყვიტე, მეამბოხეებთან გავერთიანებულიყავი. მე და ჩემი ერთი კლასელი პოლიციელს დავესხით თავს, რათა ცეცხლსასროლი იარაღი წაგვერთმია მისთვის. მას სერიოზული ჭრილობა მივაყენეთ თავის არეში. ჩვენ დაგვაპატიმრეს და დახვრეტა მოგვისაჯეს. სულ რაღაც 20 წლის ვიყავი და უკვე უნდა მოვმკვდარიყავი!

საპატიმროს საკანში გამოკეტილმა იმაზე ფიქრი დავიწყე, თუ როგორ მოვიქცეოდი დახვრეტის წინ. არ მინდოდა, სხვებს დაენახათ, რომ მეშინოდა. ამავე დროს, ძალიან ბევრი კითხვა მიტრიალებდა თავში. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: რატომ არის ამდენი უსამართლობა დედამიწაზე? სულ ეს არის ჩვენი ცხოვრება?

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ჩემი სასჯელი 30-წლიანი პატიმრობით შეიცვალა. სწორედ ამ დროს შევხვდი იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც თავიანთი რწმენის გამო ისხდნენ ციხეში. გამაოცა იმის დანახვამ, რომ ისინი გაბედულები და ამავე დროს, მშვიდობისმოყვარეები იყვნენ. მართალია, მოწმეები უსამართლოდ იყვნენ დაპატიმრებული, მაგრამ ამის გამო არ იყვნენ აღშფოთებულები ან გაბოროტებულები.

მოწმეებმა ამიხსნეს, რომ ღვთის განზრახვის თანახმად, დედამიწა სამოთხედ გადაიქცეოდა, სადაც აღარ იარსებებდა დამნაშავეობა და უსამართლობა. მათ მითხრეს, რომ დედამიწა აივსებოდა კარგი ადამიანებით, რომლებიც მარადიულად იცხოვრებდნენ სრულყოფილ გარემოში (ფსალმუნი 37:29).

ძალიან მომწონდა ის, რასაც მოწმეები მასწავლიდნენ, მაგრამ მეგონა, რომ მათსავით მშვიდობისმყოფელი ვერასდროს გავხდებოდი. ვფიქრობდი, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური ვერასდროს დავრჩებოდი და ვერასდროს მივუშვერდი სხვას მეორე ლოყას. ამიტომ გადავწყვიტე, მე თვითონ წამეკითხა ბიბლია. როდესაც დავასრულე ბიბლიის კითხვა, მივხვდი, რომ მხოლოდ იეჰოვას მოწმეები იქცეოდნენ პირველი ქრისტიანების მსგავსად.

ბიბლიის შესწავლის დროს დავინახე, რომ რადიკალურად უნდა შევცვლილიყავი. მაგალითად, უნდა გამესუფთავებინა ბაგე, რადგან ჩემი პირიდან ყოველთვის უხამსი სიტყვები გამოდიოდა. სიგარეტისთვისაც უნდა დამენებებინა თავი და აღარც პოლიტიკური „დებატები“ გამემართა. ადვილი არ იყო ამ ცვლილებების მოხდენა, მაგრამ იეჰოვას დახმარებით მე ეს შევძელი.

ყველაზე რთული ჩემთვის თავშეკავების გამოვლენა იყო. დღემდე ვთხოვ იეჰოვას, რომ დამეხმაროს თავშეკავების გამოვლენაში. ძალიან დამეხმარა იგავების 16:32-ში ჩაწერილი სიტყვები: „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია, თავშეკავებული — ქალაქის დამპყრობს“.

1991 წელს მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი. ციხეში წყლით სავსე კასრში მომნათლეს. მომდევნო წელს რამდენიმე პატიმარი გაგვათავისუფლეს და ესპანეთში გაგვაგზავნეს, რადგან იქ ნათესავები გვყავდა. ესპანეთში ჩასვლისთანავე იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრებზე დასწრება დავიწყე. იქ მოწმეებმა ისე გულთბილად მიმიღეს, თითქოს წლების მანძილზე მიცნობდნენ. ისინი დამეხმარნენ ცხოვრების თავიდან დაწყებაში.

კურთხევები: დღეს ბედნიერი კაცი ვარ, რადგან ჩემს მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად ვემსახურები იეჰოვას. მაქვს პატივი, დროის უმეტესი ნაწილი სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტებას გაზიარებას დავუთმო. ზოგჯერ მახსენდება ახალგაზრდობის წლები, როცა სიკვდილს თვალებში ვუყურებდი. მადლიერი ვარ, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. დღეს არა მხოლოდ ცოცხალი ვარ, არამედ მომავლის იმედიც მაქვს. მოუთმენლად ველი დაპირებულ სამოთხეს, სადაც სამართალი იზეიმებს და „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:3, 4).

[ჩანართი 19 გვერდზე]

„ჩემზე ძალიან იმოქმედა იმის გაგებამ, რომ ღმერთს სახელი ჰქონია“

[სურათი 20 გვერდზე]

მე და ჩემი მეუღლე ჟესტების ენაზე ვქადაგებთ