არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სადაც საზღვრები აღარ არსებობს

სადაც საზღვრები აღარ არსებობს

სადაც საზღვრები აღარ არსებობს

იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, ერებს შორის აღმართული კედელი დაანგრიონ. ისინი მიჰყვებიან პრინციპს, რომელსაც საფუძვლად უდევს იესოს სიტყვები. მან მოწაფეებს უთხრა: „თქვენ ყველანი ძმები ხართ“ (მათე 23:8). ამის ნათელი დადასტურებაა პორტუგალიასა და ესპანეთში არსებული იეჰოვას მოწმეთა ორი თაყვანისმცემლობის ადგილი.

ჩრდილოეთ პორტუგალიაში მდებარე გალავნიანი ქალაქი ვალენსა-დუ-მინიუ აგებულია ძნელბედობის ჟამს. მისი ქონგურებიანი კედლები გადაჰყურებს მდინარე მინიუს, რომელიც ესპანეთისა და პორტუგალიის საზღვარზე მიედინება. მდინარის ერთ ნაპირზე მდებარეობს ესპანური ქალაქი ტუი. ამ ქალაქში არის ტაძარი, რომელიც ციხე-სიმაგრეს წააგავს. ტუისა და ვალენსას მთავარი ციხე-სიმაგრეები თარიღდება XVII საუკუნით. ამ დროს ესპანეთსა და პორტუგალიას შორის ომი მძვინვარებდა.

ევროკავშირის ამ ორ წევრ ქვეყანას შორის 1995 წელს სასაზღვრო პუნქტები და საბაჟო გაუქმდა. მაგრამ ხალხთა გაერთიანებისთვის მხოლოდ საზღვრების გახსნა არ კმარა. ამისთვის საჭიროა, ადამიანებმა შეიცვალონ აზროვნება და შეხედულებები. ვალენსაში დგას პატარა, ლამაზი შენობა, რომელიც იმის ნათელი დადასტურებაა, თუ როგორ შეიძლება ადამიანებს შორის აღმართული კედლის დანგრევა. ეს არის იეჰოვას მოწმეთა თაყვანისცემის ადგილი — სამეფო დარბაზი, სადაც ესპანეთსა და პორტუგალიაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები იკრიბებიან.

ყველაფერი 2001 წელს დაიწყო. ტუიში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები თაყვანისცემის ადგილის გარეშე დარჩნენ. მათ დაქირავებული შენობის დატოვება მოუწიათ, საკუთარი დარბაზის ასაშენებლად კი საკმარისი სახსრები არ ჰქონდათ. ამასთანავე, რადგან რიცხობრივად ცოტანი იყვნენ, ახალი დარბაზის დაქირავებაც არ შეეძლოთ. ამიტომ, ესპანელმა ძმებმა პორტუგალიელ ძმებს სთხოვეს, რომ მათაც გამოეყენებინათ ვალენსას სამეფო დარბაზი, რომელიც ტუის ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული.

„ამ საკითხზე 2001 წლის დეკემბერში ვიმსჯელეთ, — იხსენებს ედუარდო ვილა, ტუის კრების წევრი (ესპანეთი). — შეხვედრის შემდეგ დავინახე, როგორ გაუკეთილშობილა იეჰოვამ გული პორტუგალიელ ძმებს. მათ დიდი მსხვერპლი გაიღეს ასეთი ლამაზი სამეფო დარბაზის ასაშენებლად, მაგრამ დაგვთანხმდნენ, რომ ჩვენც გამოგვეყენებინა ეს დარბაზი. ამის დანახვამ კიდევ უფრო განგვიმტკიცა რწმენა“.

„ჩვენ სიხარულით შევეგებეთ ესპანელ ძმებს ჩვენს სამეფო დარბაზში, — ამბობს ამერიკო ალმეიდა, პორტუგალიელი მოწმე, რომელიც ესწრებოდა ზემოხსენებულ შეხვედრას. — ჩვენ გვჯეროდა, რომ იეჰოვა მოიწონებდა ამ გადაწყვეტილებას და ერთსულოვნად მივიღეთ ის“. პორტუგალიელი და ესპანელი მოწმეები კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს. „შეიძლება უჩვეულო იყოს, მაგრამ არც კი გვიგრძვნია, რომ ორი სხვადასხვა ქვეყნიდან ვართ. ჩვენ სულიერი და-ძმები ვართ“, — აღნიშნავს ვალენსელი პაოლო.

პირველად, რაც დარბაზში შესულ სტუმრებს თვალში ხვდება, ორი ერთნაირი კედლის საათია, რომლებიც სხვადასხვა დროს უჩვენებს. ესპანეთი ერთი საათით წინ არის პორტუგალიაზე, თუმცა ეს ერთადერთი სხვაობაა, რაც ამ დარბაზში შეიმჩნევა. როდესაც დარბაზის შეკეთება გახდა საჭირო, ესპანეთის რეგიონალური სამშენებლო კომიტეტის ხელმძღვანელობით ორივე კრების წევრები იღებდნენ ამაში მონაწილეობას. „ამ საქმეში გამოცდილი ბევრი და-ძმა ჩამოვიდა ესპანეთიდან ჩვენ დასახმარებლად. ზოგი 160 კილომეტრის მოშორებითაც კი ცხოვრობდა, — იხსენებს პაოლო. — ამ პროექტმა ეს ორი კრება კიდევ უფრო გააერთიანა და ერთმანეთისადმი სიყვარული გაუღრმავა“.

ახლა მეორე შემთხვევაზე ვისაუბროთ.

ერთიანობა გაყოფილ ველზე

ესპანეთში ქალაქი პოჩაერდა საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს. ეს ქალაქი გაშენებულია ნაყოფიერ ველზე, რომელიც გარშემორტყმულია პირენეების ბუმბერაზი მთებით. ეს ველი, რომელიც სერდანიას სახელითაა ცნობილი, ერთ დროს ესპანეთის ნაწილი იყო. მაგრამ 1659 წელს „პირენეების საზავო ხელშეკრულების“ თანახმად, ესპანეთმა ამ ტერიტორიის ნახევარი საფრანგეთს დაუთმო.

დღეს ფრანგები სავაჭროდ პოჩაერდაში დადიან, რომელიც ამ მხარის ცენტრად ითვლება. 1997 წლიდან იეჰოვას მოწმეებმა საკუთარი სამეფო დარბაზის კარი გაუღეს ფრანგ და-ძმებს. იმ წელს ფრანგებს მოუწიათ დაქირავებული შენობის დატოვება. საფრანგეთში უახლოესი სამეფო დარბაზი ერთი საათის სავალზე იყო და ზამთარში დათოვლილ მთებში მგზავრობა ხშირად თითქმის შეუძლებელი იყო.

ფრანგმა მოწმეებმა ესპანელ ძმებს აუხსნეს, რომ კრების შეხვედრების ჩასატარებელი ადგილი არ ჰქონდათ. ესპანელებმა მაშინვე შესთავაზეს თავიანთი სამეფო დარბაზი. „ყველა ესპანელი ძმა ერთხმად დაგვთანხმდა, — იხსენებს ადგილობრივი ძმა პრემი. — ასეთი მზადყოფნის სული ბიბლიის დახმარებით წლების მანძილზე გამოგვიმუშავდა. რამდენიმე კვირის შემდეგ ჩვენ კრების შეხვედრებს ერთ დარბაზში ვატარებდით და აი, უკვე 13 წელია, რაც ეს ასე გრძელდება“.

«ჩვენთვის პოჩაერდას სამეფო დარბაზი იდეალური ადგილი იყო თაყვანისცემისთვის, — იხსენებს ფრანგული კრების ზედამხედველი, ერიკი. — დღემდე მახსოვს, რა სიყვარულით დაგვხდა ესპანური კრება. მათ ყვავილებით მორთეს სამეფო დარბაზი და ასეთი წარწერით შეგვეგებნენ: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საყვარელო ძმებო და დებო!“».

„მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ჩვენი სამეფო დარბაზი დაიხურა, ხალხს ეგონა, რომ ჩვენი კრება დაიშალა, — დასძენს ერიკი. — მაგრამ იმ მხარეში რეგულარულად ვქადაგებდით და ვავრცელებდით მოსაწვევებს ესპანეთში კრების შეხვედრებზე დასასწრებად. ამიტომ, ყველამ დაინახა, რომ ჩვენი კრების შეხვედრები ისევ ტარდებოდა. დაინტერესებულები სიხარულით მოდიოდნენ პოჩაერდას სამეფო დარბაზში. რამდენადაც ერთ სამეფო დარბაზში გვიტარდებოდა კრების შეხვედრები, ესპანელ ძმებს დავუახლოვდით. მანამდე კი ვიცოდით, რომ საზღვრის იქით ესპანური კრება ტარდებოდა, მაგრამ მათთან თითქმის არ გვქონდა შეხება. ახლა ერთმანეთს ხშირად ვხედავთ და აღარ ვართ ერთმანეთისგან გაუცხოებული ამ შორეულ მთაგორიან ველზე“.

ქმნიდა მათ შორის კულტურული სხვაობა რაიმე უხერხულობას? „როდესაც გავიგე, რომ ჩვენი კრება საზღვრის იქით, ესპანეთში, ჩატარდებოდა, ავფორიაქდი, — იხსენებს 80 წელს გადაცილებული ფრანგი მოწმე. — მაგრამ პორტუგალიელი და-ძმების გულთბილმა დახვედრამ და მეგობრულმა დამოკიდებულებამ ყოველგვარი შიში გამიქარწყლა. ამის წყალობით დავინახეთ, როგორი ერთიანობაა იეჰოვას ხალხს შორის მთელ მსოფლიოში“.

რა აერთიანებს ხალხებს?

ევროკავშირის დამფუძნებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიზანი იყო, „საფუძველი ჩაეყარათ ევროპის ხალხების გაერთიანებისთვის“. გასული საუკუნის 80—90-იან წლებში სასაზღვრო პუნქტების გაუქმებამ ეს პროცესი დააჩქარა. თუმცა, ხალხებს შორის არსებული ბარიერების გადასალახავად საჭირო იყო აზროვნების შეცვლაც.

იეჰოვას მოწმეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თავიდან მოიშორონ წინასწარ შექმნილი აზრი და უნდობლობა. მოწმეებს ესმით, რომ სხვადასხვა ეროვნების და-ძმებთან ურთიერთობა მათ ცხოვრებას საინტერესოს ხდის. ისიც კარგად იციან, რომ „ღმერთი მიკერძოებული არ არის“ (საქმეები 10:34). საერთაშორისო კონგრესებზე და სამეფო დარბაზებში ისინი ხედავენ, თუ „რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!“ (ფსალმუნი 133:1). ვალენსელი და პოჩაერდელი ძმების ერთიანობა ამის ნათელი დადასტურებაა.

[ჩანართი 13 გვერდზე]

„შეიძლება უჩვეულო იყოს, მაგრამ არც კი გვიგრძვნია, რომ ორი სხვადასხვა ქვეყნიდან ვართ. ჩვენ სულიერი და-ძმები ვართ“

[ჩანართი 14 გვერდზე]

„ამ პროექტმა ეს ორი კრება კიდევ უფრო გააერთიანა და ერთმანეთისადმი სიყვარული გაუღრმავა“

[ჩანართი 15 გვერდზე]

„რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!“

(ფსალმუნი 133:1)

[სურათი 12, 13 გვერდებზე]

ტუისა და მდინარე მინიუს ხედი გალავნიანი ქალაქიდან, ვალენსა-დუ-მინიუდან

[სურათი 14 გვერდზე]

სამეფო დარბაზის შეკეთება

[სურათი 15 გვერდზე]

პირენეების მთები და სერდანიას ველი

[სურათი 15 გვერდზე]

ესპანურ და ფრანგულენოვანი კრების უხუცესები, რომლებიც პოჩაერდას სამეფო დარბაზში იკრიბებიან