ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
რამ აღძრა თამბაქოს მომყვანი, შეეცვალა არა მარტო თავისი საქმიანობა, არამედ ღრმად გამჯდარი რელიგიური მრწამსიც? როგორ შეძლო ერთმა ალკოჰოლიკმა, შეეცვალა ცხოვრების წესი. აი, რას გვიყვებიან თავად ისინი.
„მიხარია, რომ დიდი ოჯახის წევრი ვარ“ — დინო ალი
დაბადების წელი: 1949
ქვეყანა: ავსტრალია
წარსულში: თამბაქოს მომყვანი
მოკლე ბიოგრაფია: ჩემი მშობლები 1939 წელს ალბანეთიდან კუინზლენდის (ავსტრალია) პატარა ქალაქ მარიბაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ამ მხარეში ცხოვრობდნენ ბერძნები, ბოსნიელები, იტალიელები, სერბები და სხვა ხალხები, რომელთაც თავიანთი რწმენა, წეს-ჩვეულებები და კულტურა ჰქონდათ. ქალაქ მარიბაში გაშენებული იყო თამბაქოს პლანტაციები. ამიტომ ჩემმა მშობლებმაც დაიწყეს ამ კულტურის მოშენება.
მე ორი უფროსი ძმა და ერთი და მყავდა. საუბედუროდ, ერთი წლის ვიყავი, როცა მამაჩემი გულის შეტევით დაიღუპა. დედა ხელმეორედ გათხოვდა და ოთხი ბიჭი ეყოლა. ჩვენ ყველანი მამინაცვალთან ვიზრდებოდით, რომელსაც თამბაქოს პლანტაციები ჰქონდა.
მოზარდი ვიყავი, როცა სახლიდან წამოვედი. 23 წლის ვიყავი, როცა საიმი მოვიყვანე ცოლად. ისიც ჩემსავით მუსლიმანი იყო და იმავე მეჩეთში დადიოდა, რომელშიც — მე. ყველა ჩემი ნათესავი მუსლიმანი იყო. ვკითხულობდი ყურანს და წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ ისტორიებს. პარალელურად ბიბლიასაც ვკითხულობდი. ყურანში ნახსენებ წინასწარმეტყველებზე ბიბლიაშიც იყო საუბარი. ამიტომ, ბიბლიის კითხვა მეხმარებოდა, გამეგო, რა პერიოდში ცხოვრობდნენ ისინი.
ერთხელ ჩემთან იეჰოვას მოწმეები მოვიდნენ. მას შემდეგ რეგულარულად მოჰქონდათ ჩემთვის ჟურნალები და წიგნები, რომლებსაც მე და საიმი სიამოვნებით ვკითხულობდით. მათთან არაერთხელ გვქონდა საინტერესო საუბარი რელიგიურ თემებზე. იეჰოვას მოწმეები თავიანთ აზრებს კი არ გვახვევდნენ თავს, არამედ ყოველთვის ბიბლიიდან გვპასუხობდნენ. ამან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა.
მოწმეები ბიბლიის შესწავლასა და კრების შეხვედრებზე დასწრებას მთავაზობდნენ, მაგრამ ყოველთვის უარს ვეუბნებოდი. ჩემი უმთავრესი მიზანი იყო, მქონოდა საკუთარი პლანტაციები და დიდი ოჯახი. მართალია, არასდროს მქონია საკუთარი პლანტაცია, მაგრამ მიხაროდა, რომ ხუთი შვილის მამა მაინც გავხდი.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ცხრა წელი მქონდა იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა, მაგრამ მრწამსის შეცვლაზე არც კი ვფიქრობდი. მიუხედავად ამისა, მათი პუბლიკაციების კითხვა სიამოვნებას მანიჭებდა. მე და საიმი მათ ლიტერატურას ყოველ კვირა დღეს ვკითხულობდით. ჩვენ ყველა ჟურნალი შენახული გვქონდა, რაც იეჰოვას მოწმეებს მთელი ამ წლების მანძილზე მოჰქონდათ. ამ ჟურნალებში მოცემული ინფორმაცია ძალიან დამეხმარა მაშინ, როცა სხვები ცდილობდნენ ჩემი რწმენის შერყევას, რომელიც ჩემს გულში იკიდებდა ფეხს.
ერთხელ შევხვდი ევანგელისტს, რომელიც ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ იესო ჩემი მხსნელი იყო. მან შეძლო საიმის ძმისა და ჩემი ნახევარძმის გადაბირება. მალე თითქმის ყველა რელიგიის მიმდევარი, რომლებიც ჩემ გარშემო ცხოვრობდნენ, ცდილობდა თავის რწმენაზე მოვექციე. ზოგი მაძლევდა ლიტერატურას, სადაც იეჰოვას მოწმეებს აკრიტიკებდნენ. ამ კრიტიკოსებს ვეკითხებოდი, ეჩვენებინათ ჩემთვის ბიბლიიდან, რის საფუძველზე სწამდათ ამა თუ იმ სწავლების, მაგრამ პასუხს ვერ ვიღებდი.
ამ წინააღმდეგობის დროს კიდევ უფრო ღრმად დავიწყე ბიბლიის გამოკვლევა იმ ლიტერატურის დახმარებით, რომლებსაც მოწმეები მაძლევდნენ. ბოლოს მივხვდი, რომ ნასწავლის შესაბამისად უნდა მოვქცეულიყავი.
იეჰოვას მოწმეებიდან პირადად არავინ მასწავლიდა ბიბლიას; პირდაპირ კრების შეხვედრებზე დავიწყე სიარული. თავიდან ძალიან ვნერვიულობდი და შებოჭილი ვიყავი, მაგრამ ამ შეხვედრებზე ბევრ თბილ და მოსიყვარულე ადამიანს შევხვდი და ისიც მომწონდა, რასაც იქ ვსწავლობდი. საბოლოოდ იმ აზრამდე მივედი, რომ იეჰოვას მოწმე უნდა გავმხდარიყავი. 1981 წელს ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლე.
მართალია, ჩემს ცოლს წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ ზოგჯერ ეჭვი ეპარებოდა, შეცდომაში ხომ არ შემიყვანეს. თუმცა ის მაინც დაესწრო ჩემს ნათლობას. მე ვაგრძელებდი მასთან საუბარს ჭეშმარიტებაზე, რომელსაც ვსწავლობდი. ნათლობიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როცა შვებულებიდან ვბრუნდებოდით, საიმმა მანქანაში მითხრა, რომ სურდა, იეჰოვას მოწმე გამხდარიყო. მისმა სიტყვებმა იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ საჭე ძლივს დავიმორჩილე. საიმი 1982 წელს მოინათლა.
ჩვენთვის ნამდვილად არ იყო ადვილი ცხოვრების წესის შეცვლა. შევწყვიტე თამბაქოს მოყვანა, რადგან ეს საქმიანობა ბიბლიურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა (2 კორინთელები 7:1; იაკობი 2:8). დრო დაგვჭირდა, სანამ სტაბილურ სამუშაოს ვიშოვიდით. წლების განმავლობაში ზოგ ჩვენს ნათესავს საერთოდ არ ჰქონდა ჩვენთან ურთიერთობა. ვცდილობდით, როგორც ბიბლია გვასწავლიდა, მათ მიმართ სიყვარული გამოგვევლინა. საბოლოოდ ყინული გალღვა და ახლა ნათესავები თავს აღარ გვარიდებენ.
კურთხევები: არაერთი სირთულის გადატანა მომიწია; მაგალითად, ბუნებით ძალიან მორცხვი
ვიყავი. გარდა ამისა, ფინანსური პრობლემები შემექმნა და ახლობლებისგან დიდ წინააღმდეგობასაც შევხვდი, მაგრამ ყველაფერს გავუძელი. ამ განსაცდელების დროს დავინახე, როგორი მოთმინებით მეხმარებოდა იეჰოვა ღმერთი პრობლემებთან გამკლავებაში. ამჟამად კრებაში უხუცესად ვმსახურობ და ხშირად მიწევს აუდიტორიის წინაშე წარდგომა. დღემდე ნერვიულობისგან ენა მებმის. მაგრამ გამუდმებული ლოცვისა და იეჰოვას დახმარებით დღემდე მაქვს პატივი, უხუცესად ვიმსახურო კრებაში.მე და ჩემი მეუღლე ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს და ეს ურთიერთობა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, შვილების აღზრდის დროს შეცდომები დავუშვით, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდით, რომ მათში ბიბლიის სიყვარული ჩაგვენერგა (კანონი 6:6—9). ჩემი უფროსი ვაჟი და მისი მეუღლე დღეს მისიონერებად მსახურობენ.
მახსოვს, ერთხელ, იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე ახალი დაწყებული გვქონდა სიარული; დარბაზთან მანქანა გავაჩერე და შიგნით შევედი, სადაც უამრავი ხალხი შეკრებილიყო. ჩემი ოჯახის წევრებს ვუთხარი: „შეხედეთ ამ ხალხს!“. დარბაზში თავი მოეყარა სხვადასხვა კულტურის, წარმოშობისა და ეროვნების ადამიანს — ესენი იყვნენ აბორიგენები, ავსტრალიელები, ალბანელები და ხორვატები. ისინი ძალიან კარგად გრძნობდნენ თავს ერთად. მიხარია, რომ სულიერი და-ძმებისგან შემდგარი ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ, რომელიც მარტო ავსტრალიაში კი არა, მთელ მსოფლიოში არსებობს (1 პეტრე 5:9).
„ჩემს დას არასდროს ჩაუქნევია ჩემზე ხელი“ — ელენა სიომინა
დაბადების წელი: 1952
ქვეყანა: რუსეთი
წარსულში: ალკოჰოლიკი, რომელმაც თავის მოკვლა სცადა
მოკლე ბიოგრაფია: დავიბადე მოსკოვის მახლობლად მდებარე პატარა და წყნარ ქალაქ კრასნოგორსკში. ჩემი მშობლები პედაგოგები იყვნენ. სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი და მუსიკალური განათლებაც მივიღე. ისე ჩანდა, რომ კარგი მომავალი მელოდა.
დაქორწინების შემდეგ მე და ჩემი ქმარი საცხოვრებლად ისეთ მხარეში გადავედით, სადაც გარშემო ყველა იგინებოდა, ლოთობდა და სიგარეტს ეწეოდა. მაშინ ვერც კი ვხვდებოდი, რომ იქაურმა გარემომ ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. თავდაპირველად წვეულებებზე უბრალოდ იმიტომ დავდიოდი, რომ გიტარაზე დამეკრა და მემღერა. მაგრამ ერთხელაც იქაურებმა მეც შემომთავაზეს სიგარეტი და სასმელი. მალე უზომოდ სმას მივყავი ხელი.
ლოთობამ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ბოლოს იმ ზომამდე მივედი, რომ ჭამის სურვილიც კი დავკარგე. სიკვდილს ვნატრობდი და რამდენჯერმე თავის მოკვლაც ვცადე. მიხარია, რომ მე ეს არ გამომივიდა.
მთელი ამ დროის მანძილზე ჩემს დას არ მივუტოვებივარ. ის იეჰოვას მოწმე იყო და ცდილობდა, დაენახვებინა ჩემთვის, რომ ბიბლიას შეეძლო ჩემი დახმარება. ბიბლია საერთოდ არ მაინტერესებდა, ამიტომ ჩემი დის თავიდან მოშორებას
ვცდილობდი. მაგრამ მას არასდროს ჩაუქნევია ჩემზე ხელი. მან იმხელა მოთმინება და სიყვარული გამოავლინა, რომ ბოლოს ბიბლიის შესწავლაზე დავთანხმდი.ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ბიბლიის შესწავლის დაწყების შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე, სმისთვის თავი დამენებებინა. იმ პერიოდში ერთმა გალეშილმა მეზობელმა ისე მცემა, რომ საავადმყოფოში დამაწვინეს. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი — გატეხილი მქონდა ოთხი ნეკნი, თვალის ბადურა კი დაზიანებული. ნათქვამია, რომ ზოგი ჭირი მარგებელიაო და ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. საავადმყოფოში დამეხმარნენ, რომ ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი გადამელახა ანუ „ლომკიდან“ გამოვსულიყავი.
იმ დროს მხურვალედ ვლოცულობდი. ძალიან მანუგეშებდა ბიბლიაში, გოდების 3:55, 56-ში ჩაწერილი სიტყვები: „იეჰოვა, ყველაზე ღრმა ორმოდან მოვუხმე შენს სახელს. ისმინე ჩემი ხმა, ყურს ნუ მომარიდებ, როცა შვებას, შველას გთხოვ!“.
მჯეროდა, რომ იეჰოვა უპასუხებდა ჩემს ლოცვებს. მან მომცა ძალა, რომ აღარ დავბრუნებოდი წარსულს. დროდადრო დალევის ცდუნების წინაშე ვდგებოდი. მაგრამ მიხარია, რომ ამ ცდუნებას არასდროს დავუძლევივარ.
ბიბლიის შესწავლის დროს მივხვდი, რომ ქმარს უნდა დავხმარებოდი ოჯახის თავის მოვალეობის შესრულებაში (1 პეტრე 3:1, 2). ეს არ იყო ადვილი, რადგან მას ყოველთვის ჩემს ჭკუაზე ვატარებდი. იეჰოვას ვთხოვდი დახმარებას. ამ ცვლილების მოსახდენად დრო დამჭირდა, მაგრამ საბოლოოდ უკეთესი ცოლი გავხდი.
ამ ცვლილებებმა ჩემი ძვირფასი ქმარი გააოცა. მანამდე მას არ აინტერესებდა ბიბლია. მაგრამ როდესაც გადავწყვიტე, რომ მოწევისთვის თავი დამენებებინა, მან მითხრა: „თუ მოწევას თავს დაანებებ, ბიბლიის შესწავლას დავიწყებ“. ჩვენ ორივემ ერთ დღეს გადავაგდეთ სიგარეტი.
კურთხევები: ჩემმა ქმარმა თავისი პირობა შეასრულა და ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ახლა ჩვენ ყოველდღე ერთად ვკითხულობთ ბიბლიას, ვფიქრობთ წაკითხულზე და ვცდილობთ ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებას.
სიტყვებით ვერ აღვწერ, როგორ გაუმჯობესდა ჩვენი ოჯახური ცხოვრება, რომ აღარაფერი ვთქვა პირადად ჩემზე. ძალიან მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომელმაც თავისკენ მიმიზიდა (იოანე 6:44). მადლიერი ვარ ჩემი დისაც, რომელმაც ჩემზე ხელი არ ჩაიქნია. საკუთარ თავზე გამოვცადე, რომ ბიბლიას ნამდვილად შეუძლია ადამიანთა ცხოვრების შეცვლა.
[ჩანართი 11 გვერდზე]
მივხვდი, რომ უნდა მემოქმედა
[ჩანართი 13 გვერდზე]
ჩემმა დამ იმხელა მოთმინება და სიყვარული გამოავლინა, რომ ბოლოს ბიბლიის შესწავლაზე დავთანხმდი