არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“

„არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“

„არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“

„ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“ (იოანე 17:14).

რას ნიშნავს ეს? ვინაიდან ქვეყნიერების ნაწილი არ იყო, იესო ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა იმდროინდელ პოლიტიკურ თუ ეთნიკურ კონფლიქტებში. „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის, — თქვა მან. — ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ გადავცემოდი. მაგრამ ჩემი სამეფო აქედან არ არის“ (იოანე 18:36). მან აგრეთვე მოუწოდა თავის მიმდევრებს, არ ეთქვათ და არ გაეკეთებინათ ისეთი რამ, რასაც ღვთის სიტყვა განსჯიდა (მათე 20:25—27).

პირველი ქრისტიანები: რელიგიათმცოდნის, ჯონათან დაიმონდის, სიტყვების თანახმად, პირველი ქრისტიანები „უარს ამბობდნენ [ომში] მონაწილეობაზე იმის მიუხედავად, შეურაცხყოფდნენ, დააპატიმრებდნენ თუ სიკვდილით დასჯიდნენ მათ“. ისინი კომპრომისზე წასვლას ტანჯვას ამჯობინებდნენ. პირველი ქრისტიანები ზნეობითაც გამოირჩეოდნენ სხვებისგან. პეტრე მოციქულმა ქრისტიანებს უთხრა: „ისინი საგონებელში არიან ჩაცვენილი, მათთან ერთად რომ აღარ ისწრაფვით აღვირახსნილობის იმავე ჭაობისკენ, და გგმობენ“ (1 პეტრე 4:4). „პატარ-პატარა ქრისტიანული ჯგუფები ღვთისმოსაობითა და პატიოსნებით ხელს უშლიდნენ სიამოვნებას გადაყოლილ წარმართულ სამყაროს“, — წერდა ისტორიკოსი უილ დიურანტი.

ვინ მიყვება მათ კვალს? ქრისტიანული ნეიტრალიტეტის შესახებ „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „მორალურად გაუმართლებელია იარაღის აღებაზე უარის თქმა“. ერთი გაზეთის სტატიაში აღნიშნული იყო, რომ „აფრიკელთა უფლებების“ (ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია) ცნობით, 1994 წელს რუანდაში მომხდარი გენოციდის დროს კონფლიქტში „იეჰოვას მოწმეების გარდა“ ყველა რელიგიური მიმდინარეობა იღებდა მონაწილეობას (Reformierte Presse).

ნაცისტურ ჰოლოკოსტზე საუბრისას ერთმა სკოლის მასწავლებელმა დაიჩივლა, რომ „არც ერთი ეთნიკური ჯგუფი, ორგანიზაცია თუ ცალკეული ადამიანი არ გამოსულა მასობრივი სისასტიკის, სიცრუისა და სადიზმის წინააღმდეგ“. მაგრამ „შეერთებული შტატების მასობრივი განადგურების მუზეუმის“ მონახულების შემდეგ მან დაწერა: „ახლა ყველაფერი ცხადი გახდა ჩემთვის“. მან გაიგო, რომ იეჰოვას მოწმეებმა საშინელი მოპყრობის მიუხედავად, მტკიცედ დაიცვეს თავიანთი რწმენა.

რას ვიტყვით მათ ზნეობრივ ფასეულობებზე? „ახალგაზრდა კათოლიკეების უმეტესობა არ ეთანხმება ეკლესიის სწავლებას, რომელიც ხელმოწერის გარეშე ერთად ცხოვრებას [და] ქორწინებამდე სექსს ეხება“, — ნათქვამია ამერიკაში გამომავალ ერთ კათოლიკურ ჟურნალში (U.S. Catholic). მასში მოყვანილია ერთი დიაკვნის სიტყვები: „უმეტესობა, ჩემი აზრით, 50 პროცენტზე ბევრად მეტი, დაქორწინებამდე ერთად ცხოვრობს“. „ახალ ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ კი ნათქვამია, რომ იეჰოვას მოწმეები „ზედმიწევნით იცავენ მაღალზნეობრივ ნორმებს“.