არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაუახლოვდით ღმერთს

„აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ“

„აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ“

მეხსიერება ჩვენთვის დიდი საჩუქარია. როცა საყვარელ ადამიანებთან გატარებულ სასიამოვნო წუთებს ვიხსენებთ, გული სიხარულით გვევსება. მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ცუდი რამ გვახსენდება, ჩვენი მეხსიერება შეიძლება ჩვენთვის წყევლაზე უარესი იყოს. გულს ხომ არ გიკლავთ წარსულის მტკივნეული მოგონებები? თუ ასეა, ალბათ, გინდათ, რომ სამუდამოდ დაივიწყოთ ყველაფერი. ბიბლიაში მანუგეშებელ სიტყვებს ვკითხულობთ, რომელიც ესაია წინასწარმეტყველმა დაწერა (წაიკითხეთ ესაიას 65:17 ).

იეჰოვას განზრახვის თანახმად, ყველანაირი მტკივნეული მოგონება წარსულს ჩაჰბარდება. ღმერთი ამ ბოროტ სისტემას ყოველგვარ ტანჯვასთან ერთად ბოლოს მოუღებს და ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის. ესაიას პირით იეჰოვა გვპირდება: „აი, ვქმნი ახალ ცასა და ახალ დედამიწას“. თუ ამ სიტყვების მნიშვნელობას ბოლომდე ჩავწვდებით, გულში ნამდვილი იმედი ჩაგვესახება.

რას ნიშნავს „ახალი ცა“? ბიბლია ორ მინიშნებას აკეთებს, რაც გვეხმარება ამ სიტყვების მნიშვნელობის გაგებაში. პირველი, „ახალ ცას“ მოიხსენიებს კიდევ ორი ბიბლიის დამწერი და ორივე შემთხვევაში ეს სიტყვები მიუთითებს მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რაც დედამიწაზე მოხდება (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:1—4). მეორე, ბიბლიაში სიტყვა „ცა“ ასიმბოლოებს მმართველობას, ანუ ხელისუფლებას (ესაია 14:4, 12; დანიელი 4:25, 26). ასე რომ, „ახალი ცა“ არის ახალი მმართველობა, რომელსაც შეუძლია დედამიწაზე სამართალი გააჩინოს. მაგრამ ეს შეუძლია მხოლოდ ერთადერთ მმართველობას — ღვთის სამეფოს, ზეციერ მთავრობას, რომლის შესახებაც იესო მოუწოდებდა თავის მიმდევრებს, რომ ელოცათ. ამ სამეფოს წყალობით მთელ დედამიწაზე ღვთის სამართალი იზეიმებს (მათე 6:9, 10).

რა არის „ახალი დედამიწა“? ორი ბიბლიური მუხლის განხილვა დაგვეხმარება სწორი დასკვნის გაკეთებაში. პირველი, ბიბლიაში სიტყვა „დედამიწა“ ზოგჯერ გულისხმობს ადამიანებს და არა უშუალოდ ჩვენს პლანეტას (ფსალმუნი 96:1). მეორე, ბიბლია წინასწარმეტყველებს, რომ ღვთის მმართველობის დროს ერთგული ადამიანები ისწავლიან სიმართლეს, რომელიც მთელ დედამიწაზე იარსებებს (ესაია 26:9). აქედან გამომდინარე, „ახალი დედამიწა“ მიუთითებს ახალ საზოგადოებაზე, რომლებიც დაემორჩილებიან ღვთის მმართველობას და იცხოვრებენ სამართლიანი ნორმებით.

გსურთ, თქვენი თვალით იხილოთ, როგორ წაშლის იეჰოვა ყოველგვარი მტკივნეული მოგონების კვალს? მალე იეჰოვა შეასრულებს თავის დანაპირებს „ახალ ცასა და დედამიწასთან“ დაკავშირებით და დაამყარებს სამართლიან ახალ ქვეყნიერებას. * მტკივნეული მოგონებები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ფიზიკური თუ ემოციური ტრამვებით, წარსულს ჩაჰბარდება. ერთგული ადამიანები სრულად დატკბებიან ცხოვრებით და თითოეული დღე მხოლოდ და მხოლოდ ლამაზ მოგონებად დარჩება მათ მეხსიერებაში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რისი თქმა შეიძლება, თუ გულს გვიმძიმებს წარსულის მტკივნეული მოგონებები? იეჰოვა ესაიას მეშვეობით გვპირდება: „აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ“. ნებისმიერი ტკივილი, რასაც ჩვენ ვგრძნობთ ამ დრომოჭმულ ქვეყნიერებაში, თანდათანობით სრულ დავიწყებას მიეცემა. გითბობთ გულს ეს დანაპირები? თუ ასეა, კარგი იქნება, გაიგოთ, როგორ შეგიძლიათ დაუახლოვდეთ ღმერთს, რომელიც ასეთ ნათელ მომავალს გპირდებათ.

[სქოლიო]

^ აბზ. 5 თუ გსურთ, მიიღოთ მეტი ინფორმაცია ღვთის სამეფოსა და იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს მალე ეს სამეფო, იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-3, მე-8 და მე-9 თავები. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

მარტში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

ესაია 63 იერემია 16

[ჩანართი 19 გვერდზე]

იეჰოვას განზრახვის თანახმად, ყველანაირი მტკივნეული მოგონება წარსულს ჩაჰბარდება