არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიური დროის ქსოვილები და ფერთა გამა

ბიბლიური დროის ქსოვილები და ფერთა გამა

ბიბლიური დროის ქსოვილები და ფერთა გამა

ბიბლიაში ვკითხულობთ, საუკუნეების წინათ როგორი სამოსი იყო მიღებული, რა ფერებს ანიჭებდნენ უპირატესობას და რა მასალისგან ამზადებდნენ სამოსს.

რასაკვირველია, ბიბლია არ არის მოდების წიგნი, მაგრამ ზემოხსენებული განსაკუთრებული დეტალები ბიბლიურ დროში მომხდარ შემთხვევებს მკითხველს უფრო ცოცხლად წარმოუდგენს თვალწინ.

მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ თავდაპირველად ადამმა და ევამ თავიანთი სიშიშვლის დასაფარავად ლეღვის ფოთლები გადააბეს ერთმანეთს და წელზე შემოირტყეს, რაც ერთობ უშნო და ულამაზო სამოსი იყო. მაგრამ მოგვიანებით ღმერთმა მათ სხვა ტანსაცმელი მისცა; ეს იყო „ტყავის გრძელი სამოსელი“, რომელიც მალე არ გაცვდებოდა (დაბადება 3:7, 21).

გამოსვლის 28-ე და 39-ე თავებში დეტალურადაა აღწერილი ისრაელის მღვდელმთავრის სამოსი. მღვდელმთავარი ატარებდა სელის ქვედა საცვალს, თეთრ გრძელ სამოსელს, ნაქსოვ სარტყელს, ლურჯ მოსასხამს, მოქარგულ ეფოდს, სამკერდეს, თავსაბურავსა და ოქროს ბზინვარე ფირფიტას. როცა ვკითხულობთ, რა ძვირფასი მასალისგან იყო დამზადებული მღვდელმთავრის სამოსელი, ადვილად წარმოვიდგენთ ამ საუცხოო სამოსს (გამოსვლა 39:1—5, 22—29).

წინასწარმეტყველ ელიას სამოსი იმდენად გამორჩეული იყო, რომ ხალხი მას მაშინვე ცნობდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბეწვის სამოსი ემოსა და ტყავის სარტყელი ერტყა წელზე“. საუკუნეების გასვლის შემდეგ ზოგი ფიქრობდა, რომ იოანე ნათლისმცემელი ელია იყო, ალბათ, იმიტომ, რომ ისიც მსგავს სამოსს ატარებდა (2 მეფეები 1:8; მათე 3:4; იოანე 1:21).

ქსოვილები და ფერები. ბიბლიაში ხშირად არის მოხსენიებული, რა სახის მასალას იყენებდნენ ტანსაცმლის დასამზადებლად, რა ფერებს ანიჭებდნენ უპირატესობას და რითი ღებავდნენ ქსოვილებს. აგრეთვე ნახსენებია, რომ ბიბლიურ დროში ხალხი ართავდა, ქსოვდა და კერავდა. * ქსოვილები, რომლებიც ბიბლიაშია მოხსენიებული, ძირითადად, დამზადებული იყო მატყლისა და სელისგან. მატყლს იღებდნენ ცხვრისგან, სელს კი — სელის ბოჭკოსგან. აბელს ბიბლია მეცხვარედ მოიხსენიებს (დაბადება 4:2). ღვთის სიტყვაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, აბელს უშუალოდ მატყლის მისაღებად ჰყავდა თუ არა მოშენებული ცხვარი. სელი კი ბიბლიაში პირველად მაშინ არის მოხსენიებული, როცა ფარაონმა იოსები ძვირფასი სელის ტანსაცმლით შემოსა ძვ. წ. XVIII (დაბადება 41:42). ღვთის სიტყვაში თითქმის არაფერი წერია იმის შესახებ, ამზადებდნენ თუ არა ისრაელები ბამბისგან ქსოვილებს, მაგრამ ის კი ნამდვილად ცნობილია, რომ ამ მასალას ახლო აღმოსავლეთში ადრეული პერიოდიდან იყენებდნენ.

სელიც და მატყლიც ბუნებრივი მასალისგან მიიღებოდა. მათ ართავდნენ, რათა სხვადასხვა სისქის ძაფები დაემზადებინათ. ამ ძაფებისგან ქსოვდნენ ქსოვილებს. ძაფებსა და ქსოვილებს სხვადასხვაფრად ღებავდნენ. შემდეგ ქსოვილებს მათ ზომაზე ჭრიდნენ, ვისაც მოგვიანებით ამ ქსოვილებისგან დამზადებული ტანსაცმელი უნდა ეტარებინა. ტანსაცმელს ხშირად სხვადასხვა ფერის ძაფით ქარგავდნენ, რისი წყალობითაც სამოსი უფრო ლამაზად და მდიდრულად გამოიყურებოდა (მსაჯულები 5:30).

ბიბლიაში ხშირადაა მოხსენიებული, რომ ქსოვილებს ლურჯად, ძოწისფრად და შინდისფრად ღებავდნენ. ისრაელებს ნაბრძანები ჰქონდათ, რომ ტანსაცმლის „კალთის ფოჩებისთვის ზემოდან ლურჯი თასმები“ გაეკეთებინათ, რაც მათ შეახსენებდა, რომ თავიანთ ღმერთთან, იეჰოვასთან, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ (რიცხვები 15:38—40). ღვთის სიტყვაში გამოყენებული ებრაული სიტყვა „თეხლეთ“, „ლურჯად“ არის ნათარგმნი, ხოლო „არგამანი“ — „ძოწისფრად“. სწორედ ამ ფერებით იყო გაწყობილი მღვდელმთავრის სამოსი და კარვისა თუ ტაძრის მოწყობილობა.

კარვისა და ტაძრის მოწყობილობა. უდაბნოში აგებული კარავი და მოგვიანებით იერუსალიმის ტაძარი, ისრაელების თაყვანისმცემლობის ცენტრი იყო. ამიტომ, სავსებით გასაგებია, რატომ არის ბიბლიაში ასე დაწვრილებით აღწერილი, რა მასალისგან იყო აგებული და როგორ იყო მოწყობილი კარავი და მოგვიანებით სოლომონის მიერ აშენებული ტაძარი. გამოყენებული მასალისა და ფერების გარდა, ბიბლიაში დეტალურადაა აღწერილი, რომ კარვის სახურავი და ფარდები მოქსოვილი, შეღებილი, შეკერილი და მოქარგული იყო.

ღვთის ხელმძღვანელობით გამოცდილმა ოსტატებმა, ბეცალელმა და ოჰოლიაბმა, სხვა კაცებთან და ქალებთან ერთად პირნათლად შეასრულეს განსაკუთრებული დავალება — მათ ააგეს იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის შესაფერისი კარავი (გამოსვლა 35:30—35). გამოსვლის 26-ე თავში დაწვრილებითაა აღწერილი, რა მასალისგან იყო აგებული კარავი. მაგალითად, ძვირადღირებული და სხვადასხვაფრად შეღებილი კარვის ქსოვილი „ძვირფასი გრეხილი სელის, ლურჯი ძაფის, მოშინდისფრო შალისა და ალისფერი ნართისგან“ იყო მოქსოვილი. ამ მასალის უმეტესობა ისრაელებმა ეგვიპტიდან წამოიღეს, როცა ტყვეობიდან გათავისუფლდნენ. ბიბლიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნაირფერ სქელ ფარდას, რომელზეც ამოქარგული იყო ქერუბიმები და რომელიც „წმინდას წმინდათაწმინდისგან“ ყოფდა (გამოსვლა 26:1, 31—33). იგივე მითითებები მისცა მეფე სოლომონმა მათ, ვისაც ტაძრისთვის უნდა დაემზადებინა ქსოვილები (2 მატიანე 2:1, 7).

ბიბლიაში მოცემული დეტალური აღწერილობიდან ვხედავთ, რომ ებრაელები განსაკუთრებულ სიმარჯვეს იჩენდნენ და ოსტატურად იყენებდნენ ხელთ არსებულ მასალებს. აშკარაა, რომ ისრაელები ერთფეროვანი და უგემოვნო სამოსით კი არ იმოსებოდნენ, არამედ სხვადასხვა ფერისა და სტილის სამოსით, რომლებსაც წელიწადის სხვადასხვა დროსა და განსაკუთრებული შემთხვევების დროს იცვამდნენ. ისრაელში თითოეული ოჯახი ისე იცვამდა, რის საშუალებასაც შემოსავალი აძლევდა.

ბიბლიაში ნათქვამია, რომ ისრაელებს ღმერთმა მისცა მადლიანი მიწა, „სადაც რძე და თაფლი“ მოედინებოდა (გამოსვლა 3:8; კანონი 26:9, 15). როცა ისინი ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას ერთგულები იყვნენ, ღმერთი მათ კურთხევებს არ აკლებდა. მათ კეთილმოწყობილი ცხოვრება ჰქონდათ; ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იყო. ბიბლიაში ვკითხულობთ: „სოლომონის [მეფობის] დროს უსაფრთხოდ ცხოვრობდა იუდა და ისრაელი, ყველა თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ, დანიდან ბეერ-შებამდე“ (1 მეფეები 4:25).

[სქოლიო]

^ აბზ. 7 ეს პროცესები დეტალურადაა აღწერილი თანდართულ ჩარჩოებში.

[ჩარჩო⁄სურათები 26, 27 გვერდებზე]

მატყლი და სელი

ბიბლიურ დროში ცხვარს, ძირითადად, იმ მიზნით ამრავლებდნენ, რომ მისგან რძე და მატყლი მიეღოთ. მეცხვარეს რამდენიმე ცხვარიც რომ ჰყოლოდა, თავისი ოჯახის წევრებისთვის სამოსის დასამზადებლად სამყოფ მატყლს მაინც მიიღებდა. მაგრამ თუ მწყემსს ბევრი ცხვარი ჰყავდა, მას შეეძლო ზედმეტი მატყლი ადგილობრივი ფეიქრებისთვის მიეყიდა. ზოგ ქალაქსა თუ სოფელში საკუთარი საფეიქროც კი ჰქონდათ. უძველესი დროიდან მოყოლებული ცხვრის პარსვა სეზონურად ხდებოდა (დაბადება 31:19; 38:13; 1 სამუელი 25:4, 11).

სელი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქსოვილი იყო, რომელიც სელის ბოჭკოსგან მზადდებოდა (გამოსვლა 9:31). ამ მცენარეს აყვავებამდე კრეფდნენ. ღეროებს მზეზე აშრობდნენ და წყალში აწყობდნენ, რათა დარბილებულიყო. გამოშრობის შემდეგ ჯოხით წეწავდნენ, რათა ბოჭკოები ერთმანეთისგან გამოეცალკევებინათ; ამის შემდგომ კი ართავდნენ. სამეფო კარის წარმომადგენლები სწორედ სელისგან დამზადებულ სამოსს ანიჭებდნენ უპირატესობას.

[სურათი]

გამხმარი სელი დასველებამდე

[ჩარჩო⁄სურათი 27 გვერდზე]

ძაფის დართვა

სელის, მატყლის, თხის ბეწვისა თუ სხვა მასალის თითოეული ბოჭკო ძალიან მოკლე და სუსტია. ამიტომ, დიდი რაოდენობის ბოჭკოს ერთმანეთს შეაგრეხენ ანუ ართავენ, რათა მისგან სასურველი სიგრძისა თუ სისქის ძაფები დაამზადონ. ბიბლიაში „მარჯვე ცოლზე“ ნათქვამია: „ჯარასკენ იწვდის ხელს და ხელში თითისტარი უჭირავს“ (იგავები 31:10, 19). ეს მუხლი კარგად აღწერს ძაფის რთვის პროცესს, რომლის დროსაც გამოიყენება ჯარა და თითისტარი.

ქალს ერთ ხელში უჭირავს ჯარა, რომელზეც ფთილაა შემოხვეული. მეორე ხელით კი ფთილას იღებს, გრეხს და თითისტარის ზედა ნაწილზე, საცმზე, აცვამს. თითისტარის ბოლოზე წამოცმულია სამძიმი, იგივე კვირისტავი, რომელიც აადვილებს თითისტარის ბრუნვას. ვერტიკალურად მბრუნავ თითისტარზე ქალი ართავს ფთილას სასურველი სისქის ძაფის მისაღებად, ძაფს კი ახვევს თითისტარის კოჭებზე, ანუ ბობინებზე. ბოლოს დართულ ძაფს ღებავს ან ქსოვილის დასამზადებლად იყენებს.

[ჩარჩო⁄სურათები 28, 29 გვერდებზე]

შეღებვა

დართვისა და გასუფთავების შემდეგ მატყლისა თუ სელისგან მიღებულ ძაფებს ან ძაფებისგან დამზადებულ ქსოვილებს სხვადასხვაფრად ღებავდნენ. ძაფს ან ქსოვილს რამდენჯერმე უშვებდნენ საღებავში, რათა ქსოვილს რაც შეიძლება მკვეთრი ფერი მიეღო. ვინაიდან საღებავი ძალიან ძვირი ღირდა, ქსოვილიდან გამოწურულ საღებავს ხელახლა იყენებდნენ. შეღებილ ძაფს ან ქსოვილს კი გასაშრობად ფენდნენ.

ძველად სინთეზური მასალის ნაცვლად, ბუნებრივი ნედლეულისგან, ანუ ცხოველებისა და მცენარეებისგან, მდგრად და საოცრად ნაირფეროვან საღებავს ამზადებდნენ. მაგალითად, ყვითელი ფერი ნუშის ფოთლებისგან და ბროწეულის ქერქისგან მიიღებოდა, შავი ფერი კი — ბროწეულის ხის ქერქისგან. წითელი საღებავი ენდროს ფესვებისგან ან კერმესის დედლის სხეულისგან მიიღებოდა, ხოლო ლურჯი ფერი — ინდიგოს ყვავილისგან. მურექსის მოლუსკების პიგმენტების შერევის შედეგად იღებდნენ სხვადასხვა ფერის საღებავებს, მათ შორის ძოწისფერს, ლურჯსა და შინდისფერს.

რამდენი ზღვის მოლუსკი იყო საჭირო ერთი სამოსის შესაღებად? თითოეული მოლუსკი იმდენად მცირე რაოდენობის პიგმენტს შეიცავდა, რომ როგორც ერთ ნაშრომშია აღნიშნული, სამეფო ძოწისფერის მისაღებად დაახლოებით 10 000 მოლუსკი იყო საჭირო. ბაბილონის მეფის, ნაბონიდის, მმართველობის დროს მატყლისგან დამზადებული ძოწისფერი ძაფი ან სამოსი 40-ჯერ უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე სხვა ფერად შეღებილი ძაფი ან სამოსი. ტვიროსმა სახელი გაითქვა ამ ძვირადღირებული საღებავის წარმოებით. ამიტომ, ძოწისფერი ცნობილი გახდა, როგორც ტვიროსის ძოწისფერი.

[სურათები]

ზღვის მოლუსკის ნიჟარა

თელ-დორში აღმოჩენილი შესაღები კასრი, რომელიც ძვ. წ. III-II საუკუნით თარიღდება, ისრაელი

[საავტორო უფლება]

The Tel Dor Project

[ჩარჩო⁄სურათი 29 გვერდზე]

ქსოვა

დართული ძაფით საქსოვ დაზგაზე იქსოვებოდა სასურველი ზომის სამოსი თუ სხვა ქსოვილი. საქსოვ დაზგაზე ძაფები განლაგებული იყო სიგრძესა და სიგანეზე. ჰორიზონტალურად განლაგებული ძაფები ვერტიკალური ძაფების ზემოდან და ქვემოდან იქსოვებოდა.

ბიბლიურ დროში არსებობდა ჰორიზონტალური დაზგები, რომლებიც იატაკზე იდგმებოდა და ასევე მაღალი, ვერტიკალური დაზგები. ვერტიკალურ დაზგაში ძაფს მიამაგრებდნენ ლილვთან და ჭიმავდნენ ჩამოსაკიდებელი საწონებით. ძველი საქსოვი დაზგების საწონები ისრაელის არაერთ მხარეშია აღმოჩენილი.

ისრაელში ქსოვა საოჯახო საქმედ ითვლებოდა, მაგრამ ზოგ ადგილას ვაჭრობის მიზნით მთელი სოფელი ამ საქმით იყო დაკავებული. მაგალითად, 1 მატიანეს 4:21-ში ვკითხულობთ, რომ ისრაელში „ძვირფასი ქსოვილების დამამზადებელთა საგვარეულოები“ არსებობდა. როგორც ჩანს, ეს საგვარეულოები, ძირითადად, ქსოვით იყვნენ დაკავებული.

[სურათები 26, 27 გვერდებზე]

„ლურჯი ძაფი და მოშინდისფრო შალი“ (გამოსვლა 26:1)