არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველები გვეკითხებიან

ბიბლიური მოძღვრებაა სამება?

ბიბლიური მოძღვრებაა სამება?

▪ სამების მოძღვრებას ბევრნაირად განმარტავენ. ერთ-ერთი მათგანი ამგვარად ჟღერს: „არსებობს სამი ღვთაება (მამა, ძე და სულიწმიდა). სამივე მარადიული, ყოვლისშემძლე და თანასწორია. სამივე ღმერთია, მაგრამ სამივე მაინც ერთი ღმერთია“. ამას ასწავლის ბიბლია?

ჩვეულებრივ, ამ მოძღვრების მხარდასაჭერად მათეს 28:19 მოჰყავთ. „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“ ამ მუხლს ასე გადმოსცემს: „ამიტომ წადით და გახადეთ მოწაფეებად ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“. მართალია, ამ მუხლში მოხსენიებულია მამა, ძე და სულიწმიდა (ანუ წმინდა სული), მაგრამ არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ეს სამი ერთია. იესომ თავის ებრაელ მიმდევრებს დაავალა, რომ ესწავლებინათ ხალხისთვის და მოენათლათ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით. რა სწამდათ ებრაელებს?

ღმერთმა ისრაელ ერთან კანონის საფუძველზე დადო შეთანხმება, რომელიც მოგვიანებით ბიბლიის ნაწილი გახდა. ამ კანონის მიცემის დროს ღმერთმა მათ უბრძანა: „არასოდეს გაიჩინო სხვა ღმერთები ჩემ გარდა“ (კანონი 5:7). რამდენი პიროვნება საუბრობს ამ მუხლის მიხედვით? კანონის 6:4-ში ნათლად წერია: „მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა“. მუხლიდან აშკარად ჩანს, რომ ღმერთი ერთი იყო და არა სამპიროვანი. ისრაელი ერი ახალი გათავისუფლებული იყო ეგვიპტიდან, სადაც ხალხი ოსირისის, ისიდასა და ჰოროსის ტრიადას (ნაჩვენებია მარცხნივ) ეთაყვანებოდა. თუმცა ისრაელს ნაბრძანები ჰქონდა, რომ მხოლოდ ერთი ღმერთისთვის ეცა თაყვანი. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ხალხისთვის ამ კანონის მნიშვნელობის გაგება? ერთ-ერთი რაბინის, დოქტორ ჰერცის სიტყვების თანახმად, „მონოთეიზმის შესახებ სახალხოდ გაცხადება პოლითეიზმის წინააღმდეგ ომის გამოცხადებას ნიშნავდა . . . შემა გამორიცხავს სამებას, ქრისტიანობის კრედოს, რომელიც ღვთის ერთპიროვნულობას უპირისპირდება“. *

ვინაიდან იესო ისრაელ ერში დაიბადა, მასაც ასწავლეს, რომ დაეცვა ეს კანონი. ნათლობის შემდეგ, როცა ეშმაკი შეეცადა მის ცდუნებას, იესომ მიუგო: «გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“» (მათე 4:10; კანონი 6:13). ამ შემთხვევიდან, სულ მცირე, ორი რამის სწავლა შეგვიძლია. პირველი, სატანა იესოს აიძულებდა, იეჰოვას გარდა სხვა ნებისმიერი ვინმესთვის ეცა თაყვანი. თუ იესო ღვთის განუყოფელი ნაწილი იყო, მაშინ სატანის მცდელობა სრული აბსურდი გამოდიოდა. მეორე, იესომ ის კი არ თქვა, რომ „ჩვენ“ გვეცითო თაყვანი, არამედ „მხოლოდ მას“ ეცითო თაყვანი. ის რომ სამების ნაწილი ყოფილიყო, ამ სიტყვებს ნამდვილად არ იტყოდა. იესომ ნათლად დაგვანახვა, რომ ჩვენ მხოლოდ ერთ ღმერთს უნდა ვცემდეთ თაყვანს.

როცა ადამიანი ღვთის შესახებ საფუძვლიან ცოდნას იღებს და მისი მსახურების სურვილი უჩნდება, „მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ ინათლება (მათე 28:19). ის აღიარებს იეჰოვა ღმერთის უზენაესობას და ესმის, რა როლს ასრულებს იესო ქრისტე ღვთის განზრახვის შესრულებაში (ფსალმუნი 83:18; მათე 28:18). მას აგრეთვე კარგად ესმის, რა დანიშნულება აქვს ღვთის წმინდა სულს, მის მოქმედ ძალას (დაბადება 1:2; გალატელები 5:22, 23; 2 პეტრე 1:21).

სამების მოძღვრება უკვე საუკუნეებია ხალხს დაბნეულობაში აგდებს. მაგრამ იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს ნათლად დაანახვა, რომ არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა, რომელსაც თაყვანი უნდა სცენ (იოანე 17:3).

[სქოლიო]

^ აბზ. 5 ერთადერთი ღვთისადმი რწმენა კარგად არის გამოხატული „შემაში“ ანუ ლოცვაში, რომელიც დაფუძნებულია კანონის 6:4-ზე. სინაგოგებში ღვთისმსახურების დროს ამ ლოცვის წაკითხვა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო.

[სურათის საავტორო უფლება 23 გვერდზე]

Musée du Louvre, Paris