არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წერილი რუსეთიდან

განძის ძიება ალთაის „ოქროს მთებში“

განძის ძიება ალთაის „ოქროს მთებში“

ციმბირის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ალთაის რესპუბლიკაში მაისის ულამაზესი დღე გათენდა. ჩვენი ფანჯრიდან დაბურული წიწვოვანი ტყის საუცხოო ხედი გადაიშალა, რომლის უკანაც გოროზად წამომართული დათოვლილი მთის ცისფრად მოელვარე მწვერვალები მოჩანდა. ეს შორეული, თვალწარმტაცი მხარე მთაგორიანი და უსწორმასწოროა. ალთაელები აზიელები არიან, რომლებსაც საკუთარი ენა აქვთ. ისინი ძალიან კარგად გრძნობენ თავს ალთაის მთებში, რომლის სახელიც მომდინარეობს თურქულ-მონღოლური სიტყვიდან „ალთან“, რაც ნიშნავს „ოქროსი“.

უკვე რამდენიმე წელია, რაც მე და ჩემმა მეუღლემ რუსული ჟესტების ენა ვისწავლეთ და იეჰოვას მოწმეთა კრებებისა თუ პატარა ჯგუფების მონახულება დავიწყეთ. ამ ქვეყანაში დაახლოებით 170 ეთნიკური ჯგუფისა თუ კულტურის წარმომადგენლები ერთ, რუსულ ენაზე, ლაპარაკობენ, ყრუ-მუნჯები კი — რუსული ჟესტების ენაზე. ყრუ-მუნჯები ძალიან მეგობრულნი და სტუმართმოყვარენი არიან. ბევრი მათგანი, ვინც გავიცანით, სიხარულით გვიზიარებდა თავის ისტორიას. სწორედ ამით გამოირჩევიან ალთაელები.

ქალაქ გორნო-ალტაისკში შევიტყვეთ, რომ ერთ პატარა სოფელში, რომელიც ამ ქალაქიდან 250 კილომეტრით იყო დაშორებული, რამდენიმე ყრუმუნჯი ცხოვრობდა. ვიცოდით, რომ იქ მოწმეები ცხოვრობდნენ, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ იცოდა ჟესტების ენა. ჩვენ გვინდოდა ამ ალთაელ ყრუ-მუნჯებთან შეხვედრა და ამიტომ მათი მოძებნა გადავწყვიტეთ. ერთი ყრუ-მუნჯი წყვილი, იური და ტატიანა, სიხარულით შემოგვიერთდა. ჩვენ ფურგონი DVD-ფორმატის პუბლიკაციებით დავტვირთეთ და DVD-პლეიერიც გავიყოლეთ. აგრეთვე თან წავიღეთ თერმოსი, სენდვიჩები შებოლილი ძეხვით, ახალგამომცხვარი „პერაშკები“ — რუსული ღვეზელები კომბოსტოსა და კარტოფილის გულით. ბოლოს, ტანზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე მივისხით ენცეფალიტის გადამტანი ტკიპების საწინააღმდეგო სპეციალური საშუალება. ამ მხარეში ასეთი ტკიპები ძალიან გავრცელებულია.

გზად ჩვენ თვალწინ ამ მთაგორიანი მხარის ულამაზესი ხედები იშლებოდა. ჰაერი ჟასმინისა და იასამნის თავბრუდამხვევი სურნელით იყო გაჟღენთილი. ერთ სიამოვნებად ღირდა ჩრდილოეთის ირმების ჯოგის დანახვა, რომლებიც აუღელვებლად ბალახობდნენ. ალთაელები ცხოვრობენ თუნუქით გადახურულ ხის სახლებში. ბევრი სახლის გვერდით შენიშნავთ პატარა ხის ექვსკუთხოვან ქოხებს, რომლებსაც კონუსის ფორმის სახურავები აქვს. ზოგი მათგანი ვიგვამებს წააგავს, რომლებიც ხის ქერქითაა გადახურული. ბევრი ალთაური ოჯახი ამ ქოხებში მაისიდან სექტემბრამდე ცხოვრობს, შემოდგომაზე და ზამთარში კი დიდ სახლებში გადადიან.

ადგილობრივმა მოწმეებმა გულთბილად მიგვიღეს, შემდეგ კი ერთი ყრუ-მუნჯი წყვილის სახლისკენ წაგვიძღვნენ. მათ ჩვენი დანახვა ძალიან გაუხარდათ და დაინტერესდნენ, საიდან ვიყავით და რას ვსაქმიანობდით. აღმოჩნდა, რომ სახლში კომპიუტერი ჰქონდათ; როგორც კი ჩანთიდან DVD-ფორმატის პუბლიკაცია ამოვიღეთ, დაჟინებით გვთხოვეს, რომ გვეჩვენებინა. ჩართვისთანავე ჩვენთან საუბარი შეწყვიტეს, თითქოს იქ არ ვიყავით და სულგანაბულები მიშტერებოდნენ მონიტორს. დროდადრო იმეორებდნენ ჟესტებს და თანხმობის ნიშნად თავს აქნევდნენ. მათი ყურადღება იმით მივიქციეთ, რომ კადრი გავაჩერეთ და დისკი თავიდან ჩავრთეთ, რათა მათთვის სამოთხის ულამაზესი პეიზაჟი გვეჩვენებინა. პერიოდულად ზოგიერთ კადრს ვაჩერებდით და ვმსჯელობდით იმაზე, თუ რას გააკეთებდა ღმერთი მომავალში ადამიანებისთვის და როგორი ხალხი იცხოვრებდა მარადიულად იმ პირობებში, როგორიც სურათებზე იყო ნაჩვენები. ისინი გულწრფელად დაინტერესდნენ, რამაც კიდევ უფრო მეტი სტიმული მოგვცა; საუბრის ბოლოს მათ გვითხრეს, რომ რამდენიმე საათის სავალზე, სხვა სოფელში, კიდევ ერთი ყრუ-მუნჯების ოჯახი ცხოვრობდა.

ამჯერად დავადექით თვალწარმტაცი კლდოვანი უღელტეხილისკენ მიმავალ დაკლაკნილ გზას, რომელიც მთებში ღრმად იყო შეჭრილი; ამ გზამ პატარა სოფლამდე მიგვიყვანა. იქ ვიპოვეთ ყრუ-მუნჯების ოჯახი — ცოლ-ქმარი, პატარა ბიჭუნა და ბებია, რომლებმაც ჩვენი მოულოდნელი სტუმრობით ძალიან გაიხარეს. როდესაც მათი პარატა ქოხის კარი შევაღეთ, იქ ხისა და დოს სასიამოვნო სუნი ტრიალებდა. ქოხს კონუსის ფორმის სახურავის წვერზე გაკეთებული ჰქონდა ხვრელი, საიდანაც სინათლე შემოდიოდა. ერთ კუთხეში იდგა თეთრი აგურით ნაშენი ღუმელი, კედლებს კი ხასხასა წითელი ფერის ხალიჩები ამშვენებდა. ეს ცოლ-ქმარი პატარა ზომის ალტაური ღვეზელებით და ჩაით გაგვიმასპინძლდა, რომელიც აზიური ფიალებით მოგვართვეს. ჩვენ ვკითხეთ მათ, უფიქრიათ თუ არა ოდესმე ღმერთთან მეგობრობაზე. ისინი ჩააფიქრა ამ კითხვამ. ბებიამ გაიხსენა, რომ ერთხელ, ბავშვობაში მთებში საჭმელი აიტანა, რათა ღმერთებისთვის შეეწირა. მან მხრები აიჩეჩა და ღიმილით თქვა: „არ მესმოდა, სინამდვილეში რას ვაკეთებდი. ეს უბრალოდ ჩვენი ტრადიცია იყო“.

ამ საკითხზე მათ DVD-ფორმატის პუბლიკაცია ვაჩვენეთ; მათ სახეები სიხარულისგან გაუბრწყინდათ. ძლიერ სურდათ, ბიბლიურ თემებზე საუბარი მომავალშიც გვქონოდა, მაგრამ როგორ მოვახერხებდით ამას? მართალია, ტექსტური შეტყობინებებით შესაძლებელია ყრუ-მუნჯებთან კონტაქტი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ მხარეში არ არსებობს მობილური კავშირგაბმულობა. ამიტომ, ჩვენ შევპირდით, რომ წერილებს მივწერდით.

მზე უკვე თითქმის ჩასული იყო, როცა მათ დავემშვიდობეთ და გორნო-ალტაისკენ მიმავალ გრძელ გზას დავადექით. მართალია, დაღლილები ვიყავით, მაგრამ ეს სასიამოვნო დაღლილობა იყო. მოგვიანებით, როცა ადგილობრივ მოწმეებს ამ ოჯახის შესახებ ვკითხეთ, შევიტყვეთ, რომ ქმარი ყოველ მეორე კვირას ჩადიოდა ქალაქში, სადაც ბიბლიას სწავლობდა და კრების შეხვედრებს ესწრებოდა; პროგრამას ერთი იქაური და უთარგმნის, რომელმაც ჟესტების ენა იცის. ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენმა შრომამ ფუჭად არ ჩაიარა!

ბიბლიური ცნობით გულწრფელად დაინტერესებული ყრუ-მუნჯების მოძებნა შეიძლება შევადაროთ მთებში საგულდაგულოდ დამალული განძის ძიებას. დიდი ხნის ძებნის შემდეგ შემთხვევით წავაწყდით უპატრონოდ მიგდებულ „ძვირფას ქვას“. ჩვენთვის ალთაის მთები ყოველთვის „ოქროსი“ იქნება, რომელიც ამ მთაგორიან მხარეში მცხოვრებ გულწრფელ ხალხს მოგვაგონებს.