არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გიყვარდეთ ერთმანეთი“

„გიყვარდეთ ერთმანეთი“

„გიყვარდეთ ერთმანეთი“

„ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:34, 35).

რას ნიშნავს ეს? ქრისტემ უთხრა თავის მიმდევრებს, რომ ისე ყვარებოდათ ერთმანეთი, როგორც მან შეიყვარა ისინი. როგორ უყვარდა იესოს ისინი? მას განურჩევლად უყვარდა ყველა, კაცი თუ ქალი, მათი წარმოშობის მიუხედავად, რაც უჩვეულო იყო იმ დროისთვის (იოანე 4:7—10). ქრისტეს სიყვარული აღძრავდა, არ დაეშურებინა დრო და ძალ-ღონე, სხვებს რომ დახმარებოდა და საკუთარ კეთილდღეობაზე წინ სხვების კეთილდღეობა დაეყენებინა (მარკოზი 6:30—34). ბოლოს ქრისტემ ყველაზე დიდებული სახით გამოავლინა სიყვარული. „მე კარგი მწყემსი ვარ, — თქვა მან. — კარგი მწყემსი თავის სულს სწირავს ცხვრისთვის“ (იოანე 10:11).

პირველი ქრისტიანები: პირველ საუკუნეში ქრისტიანები ერთმანეთს „და-ძმებს“ უწოდებდნენ (ფილიმონი 1, 2). ქრისტიანულ კრებაში ყველა ეროვნების ადამიანს გულთბილად იღებდნენ, რადგან სწამდათ, რომ არ არსებობდა „განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რადგან უფალი ყველასთვის ერთია“ (რომაელები 10:11, 12). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ იერუსალიმში მოწაფეები „ყიდდნენ თავიანთ საკუთრებასა და ქონებას და ყველას საჭიროებისდა მიხედვით უნაწილებდნენ“. ამგვარად ახალმონათლულებს შეეძლოთ დარჩენილიყვნენ იერუსალიმში და „მოციქულებისგან გამუდმებით“ ესწავლათ (საქმეები 2:41—45). რა უბიძგებდა მოწაფეებს ამისკენ? მოციქულების სიკვდილიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ ტერტულიანემ გაიმეორა ის, რასაც სხვები ამბობდნენ ქრისტიანებზე: „როგორ უყვართ ერთმანეთი . . . ისინი მზად არიან, სიცოცხლეც კი გაიღონ ერთმანეთისთვის“.

ვინ მიყვება მათ კვალს? ერთ წიგნში აღნიშნული იყო, რომ ისინი, ვინც ქრისტიანებად აცხადებდნენ თავს, საუკუნეების მანძილზე „ერთმანეთს [წარმართებზე] გაცილებით დიდი სისასტიკით ეპყრობოდნენ“ (The History of the Decline and Fall of the Roman Empire, 1837). შეერთებულ შტატებში ახლახან ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბევრი, ვინც თავს მორწმუნედ აცხადებს (რომელთა უმეტესობა თავს ქრისტიანს უწოდებს), ერთ რასას მეორეზე მაღლა აყენებს. სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ერთი და იმავე ეკლესიის მრევლი ერთმანეთისთვის არაფერს აკეთებს; მათ არანაირი სურვილი არ აქვთ, დაეხმარონ თანამორწმუნეებს მაშინაც კი, როცა მათ დახმარება სჭირდებათ.

2004 წელს ფლორიდას ორი თვის მანძილზე, ერთმანეთის მიყოლებით, ოთხჯერ დაატყდა თავს ქარიშხალი. ფლორიდის შტატის საგანგებო მდგომარეობის კომიტეტის თავმჯდომარე ამოწმებდა, თუ რამდენად მართებულად იყენებდა ხალხი მათ ხელთ არსებულ მარაგს. მან თქვა, რომ იეჰოვას მოწმეების მსგავსად, არც ერთი ჯგუფი არ იყო ორგანიზებული. იგი მოწმეებს დაჰპირდა, რომ თუ რამე დასჭირდებოდათ, დახმარებას აღმოუჩენდა. 1997 წელს იეჰოვას მოწმეებისგან შემდგარმა მაშველთა ჯგუფმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაჭირვებაში ჩავარდნილ და-ძმებს წამლები, საკვები და ტანსაცმელი ჩაუტანა. ევროპელმა და-ძმებმა კი მილიონობით აშშ დოლარის ღირებულების საკვები და პირველადი მოხმარების საგნები გაუგზავნეს კონგოელ თანამორწმუნეებს.