„დარჩით ჩემს სიტყვაში“
„დარჩით ჩემს სიტყვაში“
„თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:31, 32).
რას ნიშნავს ეს? იესოს „სიტყვაში“ იგულისხმება მისი სწავლებები, რომელიც ღვთისგან მომდინარეობდა. იესომ აღნიშნა: „თვითონ მამამ, რომელმაც გამომგზავნა, მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო“ (იოანე 12:49). თავისი ზეციერი მამის, იეჰოვა ღმერთის, წინაშე ლოცვის წარმოთქმის დროს იესომ თქვა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“. მას ხშირად მოჰყავდა ღვთის სიტყვიდან ციტატები თავისი სწავლებების განსამტკიცებლად (იოანე 17:17; მათე 4:4, 7, 10). ასე რომ, ნამდვილი ქრისტიანები „რჩებიან მის სიტყვაში“ ანუ ღვთის სიტყვას, ბიბლიას, ჭეშმარიტებად მიიჩნევენ, თავიანთ რწმენას მასზე აფუძნებენ და მის თანახმად ცხოვრობენ.
პირველი ქრისტიანები: პავლე მოციქული, რომელმაც ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დიდი ნაწილი დაწერა, ღვთის სიტყვის შესახებ იესოს თვალსაზრისს იზიარებდა. მან დაწერა: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ (2 ტიმოთე 3:16). ქრისტიანული კრების ზედამხედველი მამაკაცები, რომლებიც თანაქრისტიანებს ასწავლიდნენ, უნდა ყოფილიყვნენ ღვთის „სარწმუნო სიტყვას ჩაჭიდებულნი“ (ტიტე 1:7, 9). პირველი ქრისტიანები გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ ისინი არ გაეტაცა „ფილოსოფიასა და ფუჭ ცდუნებას, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტეს“ (კოლოსელები 2:8).
ვინ მიყვება მათ კვალს? 1965 წელს ვატიკანის საეკლესიო კრების მიერ მიღებული „საღმრთო გამოცხადების შესახებ დოგმატური კონსტიტუციისა“ და კათოლიკური ეკლესიის კატეხიზმოში მოყვანილი ციტატის თანახმად, „[კათოლიკური] ეკლესია ყველაფერში, რაც თაყვანისცემას ეხება, მხოლოდ წმინდა წერილებს კი არ ეყრდნობა, არამედ წმინდა ტრადიციებსაც. წმინდა წერილებისა და წმინდა ტრადიციების მიმართ ქრისტიანი ერთნაირად უნდა ავლენდეს ერთგულებასა და მოწიწებას“. ტორონტოში (კანადა) გამომავალ ჟურნალ „მაკლინზის“ ერთ სტატიაში მოყვანილი იყო ერთ-ერთი ღვთის მსახურის ციტატა. მან ასეთი კითხვა დასვა: «რატომ უნდა მოვუსმინოთ ორი ათასწლეულის წინათ გაჟღერებულ „რევოლუციურ“ ხმას? ჩვენ შესანიშნავი აზრები გვაქვს და გამუდმებით ვერ დავჩრდილავთ მათ საღვთო წერილში ჩაწერილი იესოს სწავლებებით».
იეჰოვას მოწმეების შესახებ „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ისინი ბიბლიას თავიანთი რწმენის ერთადერთ საფუძვლად და სწორი გზის მაჩვენებლად მიიჩნევენ“. ახლახან კანადაში მცხოვრებმა ერთმა მამაკაცმა, სანამ ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე თავს წარუდგენდა, დაასწრო და უთხრა: „ვიცი, ვინც ხართ“. მან ბიბლიაზე მიუთითა და დასძინა: „ამით გიცანით“.