არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან

როგორ უნდა აღვნიშნოთ იესოს სიკვდილის გახსენების საღამო?

როგორ უნდა აღვნიშნოთ იესოს სიკვდილის გახსენების საღამო?

ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.

1. როგორ უნდა აღვნიშნოთ იესოს სიკვდილის დღე?

იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ მის გასახსენებლად ვახშამი გაემართათ, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ამისთვის მათ უნდა გამოეყენებინათ პური და ღვინო. პური ასიმბოლოებს იესოს სხეულს, ღვინო კი — მის სისხლს (წაიკითხეთ ლუკას 22:19, 20).

პური, რომელიც იესომ გამოიყენა, საფუარის გარეშე იყო. ბიბლიაში საფუარი ხშირად ცოდვასთან არის გაიგივებული. ამიტომ, უფუარი პური იესოს სრულყოფილი სხეულის შესაფერისი სიმბოლო იყო. მან თავისი სხეული მსხვერპლად გაიღო, რის შემდეგაც აღარ მოითხოვება მოსეს კანონით გათვალისწინებული ცხოველური შესაწირავი (ებრაელები 10:5, 9, 10). ღვინო ასიმბოლოებდა იესოს ძვირფას სისხლს, რომელიც ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად დაიღვარა (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:19; 2:24; 3:18).

2. როდის უნდა აღვნიშნოთ იესოს სიკვდილის დღე?

იესო მოკვდა 14 ნისანს, პასექის დღესასწაულზე. ებრაელებისთვის დღე იწყებოდა მზის ჩასვლის შემდეგ. სიკვდილის წინა საღამოს იესომ თავის მოციქულებთან ერთად ჭამა პასექი, შემდეგ კი დააწესა საღამო თავისი სიკვდილის გასახსენებლად (წაიკითხეთ ლუკას 22:14, 15).

ღვთის ხალხი აღნიშნავს განსაკუთრებულ დღეს — დღეს, როცა ღმერთმა თავისი ძის მეშვეობით მთელი კაცობრიობა გაათავისუფლა ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან (გამოსვლა 12:5—7, 13, 17). როგორც პასექის დღესასწაული აღინიშნებოდა წელიწადში ერთხელ, ისე იესოს სიკვდილის გახსენების საღამოც წელიწადში ერთხელ აღინიშნება, კერძოდ, მთვარის კალენდრის მიხედვით 14 ნისანს, მზის ჩასვლის შემდეგ (წაიკითხეთ იოანეს 1:29).

3. ვინ უნდა მიიღოს პური და ღვინო?

იესომ თავის მოწაფეებს ღვინო გადასცა და უთხრა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას“ (1 კორინთელები 11:25). ამ ახალმა შეთანხმებამ შეცვალა კანონის შეთანხმება, რომლის თანახმად ღმერთი დაჰპირდა ისრაელებს, რომ თუ ყველაფერში დაემორჩილებოდნენ, მისი ხალხი გახდებოდნენ (გამოსვლა 19:5, 6). მიუხედავად ამისა, ისრაელი არ დაემორჩილა ღმერთს. ამიტომ, იეჰოვამ ახალი შეთანხმება დადო (წაიკითხეთ იერემიას 31:31).

ახალი შეთანხმების საფუძველზე იეჰოვა აკურთხებს უამრავ ადამიანს მცირერიცხოვანი ჯგუფის მეშვეობით. ახალი შეთანხმება დაიდო მცირე ჯგუფთან, რომლის რიცხვიც მხოლოდ 144 000-ია. მათი მეშვეობით იეჰოვა მილიონებს აკურთხებს ყველა ერიდან, რომლებიც მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში დედამიწაზე. მათგან ზოგი, ვისთანაც დაიდო ახალი შეთანხმება, დღეს იეჰოვას დედამიწაზე ემსახურება. გახსენების საღამოზე მხოლოდ მათ უნდა მიიღონ პური და ღვინო, რადგან „სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას“ (წაიკითხეთ ლუკას 12:32; გამოცხადების 14:1, 3).

4. რით არის ჩვენთვის კარგი გახსენების საღამოს აღნიშვნა?

ყოველ წელს იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა მადლიერებას გვიღრმავებს იეჰოვა ღმერთის მიმართ განსაკუთრებული სახით გამოვლენილი სიყვარულის გამო. მან თავისი ძე ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად შესწირა. ამიტომ, როცა გახსენების საღამოს ვესწრებით, უნდა ვიფიქროთ, რა მოგვიტანა იესოს სიკვდილმა. უნდა დავფიქრდეთ იმაზეც, თუ როგორ შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ იმისთვის, რაც იეჰოვამ და იესომ გააკეთეს ჩვენთვის (წაიკითხეთ იოანეს 3:16; 2 კორინთელების 5:14, 15).

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ 206—208 გვერდებზე. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.