ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან
რატომ უნდა მოინათლონ ქრისტიანები?
ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.
1. რას ნიშნავს ქრისტიანული ნათლობა?
თუ ვინმეს სურს, რომ ღმერთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, უნდა მოინათლოს. ამიტომ, ქრისტიანი მაშინ კი არ უნდა მოინათლოს, როცა ჩვილია, არამედ მაშინ, როცა შეუძლია მიიღოს ცოდნა ღვთის შესახებ და გახდეს იესოს მოწაფე (საქმეები 8:12; 1 პეტრე 3:21). იესოს მოწაფე იმ შემთხვევაში გავხდებით, თუ გავეცნობით მის მითითებებს და ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც დაგვიბარა (წაიკითხეთ მათეს 28:19, 20).
იესოს მოციქულების მსახურებისას ბევრი არ კარგავდა დროს და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი გაეგო ღვთისა და იესოს შესახებ. მაგალითად, როცა ერთმა კაცმა გაიგო, რომ იესოს სიკვდილმა ხსნა მოუტანა ადამიანებს, მაშინვე მისი მოწაფე გახდა. დღესაც ბევრი გულწრფელი ადამიანი ხდება იესოს მიმდევარი (წაიკითხეთ საქმეების 8:26—31, 35—38).
2. რატომ მოინათლა იესო?
იესო დაახლოებით 30 წლის იყო, როცა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა; ნათლობის დროს მისი სხეული სრულად დაფარა წყალმა. ნათლობით იესომ ყველასთვის ცხადი გახადა, რომ მზად იყო, ღვთის ნება შეესრულებინა (ებრაელები 10:7). იესოს, როგორც მესიას, სიცოცხლეც უნდა გაეღო მსხვერპლად კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად. იესოს ყოველთვის უყვარდა თავისი მამა, იეჰოვა და ემორჩილებოდა მას ჯერ კიდევ მანამ, სანამ დედამიწაზე ჩამოვიდოდა (წაიკითხეთ მარკოზის 1:9—11; იოანეს 8:29; 17:5).
3. რატომ უნდა მოინათლოს ქრისტიანი?
ჩვენი მდგომარეობა სრულიად განსხვავდება იესოს მდგომარეობისგან, რადგან დაბადებიდანვე ცოდვილები ვართ. მაგრამ იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ღმერთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს (რომაელები 5:10, 12; 12:1, 2). ეს შესაძლებლობას გვაძლევს, ღვთის ოჯახის წევრები ვიყოთ (2 კორინთელები 6:18). რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ეს პატივი გვხვდეს წილად? ლოცვაში თავი უნდა მივუძღვნათ იეჰოვას და აღვუთქვათ, რომ მთელი დარჩენილი სიცოცხლე მის ნებას შევასრულებთ. ამის შემდეგ კი შეგვიძლია, მიძღვნის ნიშნად მოვინათლოთ (წაიკითხეთ მათეს 16:24; 1 პეტრეს 4:2).
4. როგორ უნდა მოვემზადოთ ნათლობისთვის?
იეჰოვას მოწმეები ასწავლიან ბიბლიას ყველას, ვისაც ღმერთთან დაახლოება სურს. ბიბლიის შესწავლა და ქრისტიანულ კრების შეხვედრებზე დასწრება ღვთისადმი სიყვარულს გაგიღრმავებთ და რწმენას განგიმტკიცებთ. ეს აგრეთვე დაგეხმარებათ, განივითაროთ დადებითი განწყობა და კარგი ჩვევები. თუ სიყვარულს, რწმენასა და სხვა ღვთისმოსაწონ თვისებებს გამოავლენთ, შეძლებთ შეასრულოთ იეჰოვას წინაშე დადებული აღთქმა, რომ მარადიულად ემსახურებით (წაიკითხეთ იოანეს 17:3; ებრაელების 10:24, 25).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-18 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.