ასწავლეთ შვილებს
თავიდან გაჯიუტდა, მაგრამ ბოლოს მორჩილება გამოავლინა
გაჯიუტებულხარ ოდესმე და არ დამორჩილებიხარ მშობლებს? ~ * შესაძლოა ტელევიზორში უყურე ისეთ გადაცემას, რომლის ყურებასაც დედ-მამა გიშლის. შეიძლება მოგვიანებით დაფიქრდი ამაზე და ინანე შენი საქციელი. ერთ-ერთმა ბიბლიურმა პერსონაჟმა, ნაამანმა, თავიდან უარი თქვა მორჩილებაზე. მოდი, ვნახოთ, რა დაეხმარა მას, რომ აღარ გაჯიუტებულიყო.
წარმოიდგინე, რომ 3 000-ზე მეტი ხნის წინათ ცხოვრობ. ნაამანი სირიის მეფის მხედართმთავარია. მეომრები ყოველთვის მის ბრძანებას ასრულებენ. მაგრამ ერთხელ ნაამანს კანის დაავადება, კეთრი შეეყარა. იგი საშინლად გამოიყურებოდა, რასაც ძალიან განიცდიდა.
ნაამანის ცოლს ერთი პატარა ისრაელი გოგონა ემსახურებოდა. ერთ დღესაც ამ პატარა გოგომ ქალბატონს უთხრა, რომ თავის სამშობლოში მცხოვრებ ერთ მამაკაცს, ელისეს, მისი ქმრის განკურნება შეეძლო. როდესაც ნაამანმა ცოლისგან ეს მოისმინა, ელისეს მოსაძებნად გაემართა და თან უამრავი საჩუქარი წაიღო. იგი მეომრებთან ერთად გაეშურა ისრაელისკენ. თავდაპირველად ნაამანი ისრაელის მეფესთან მივიდა, ჩასვლის მიზეზი რომ ეცნობებინა.
ელისემ გაიგო მისი ჩასვლის ამბავი და მეფეს შეუთვალა, რომ ნაამანი მასთან გაეგზავნა. როდესაც ნაამანი ელისეს სახლთან მივიდა, წინასწარმეტყველმა მაცნე გაუგზავნა და დაავალა, რომ შვიდჯერ განბანილიყო მდინარე იორდანეში და განიკურნებოდა. შენი აზრით, რა რეაქცია ექნებოდა ნაამანს ამ სიტყვებზე? ~
ნაამანი ძალიან გაბრაზდა, გაჯიუტდა და უარი თქვა, ისე მოქცეულიყო, როგორც ღვთის წინასწარმეტყველმა შეუთვალა. „განა დამასკოს მდინარეები . . . მთელი ისრაელის წყლებს არ სჯობია?“ — უთხრა ნაამანმა თავის მეომრებს და უკან გაბრუნდა. მაგრამ იცი, რა უთხრეს მას თავისმა მეომრებმა? ~ ძნელი საქმე რომ დაევალებინა, არ გააკეთებდიო? მით უმეტეს, როცა ასეთ უბრალო რამეს გეუბნება, რატომ არ უნდა გააკეთოო?
ნაამანი მათი სიტყვისამებრ მოიქცა და ექვსჯერ ჩაყვინთა წყალში, მეშვიდედ კი, როცა წყლიდან ამოვიდა, განცვიფრდა — მას ავადმყოფობის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა! ის მაშინვე გაემართა ელისეს სახლისკენ, რომელიც დაახლოებით 48 კილომეტრში მდებარეობდა, რათა მისთვის მადლობა გადაეხადა. მან ელისეს ძვირფასი საჩუქრები შესთავაზა, მაგრამ წინასწარმეტყველმა არაფრის აღება არ ისურვა.
მაშინ ნაამანმა ერთი რამ სთხოვა ელისეს. იცი, რა სთხოვა? ~ მისთვის იმდენი მიწა მიეცა, რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებდა. იცი, რისთვის სჭირდებოდა ეს მიწა? ~ მას სურდა, ღვთის ხალხის, ისრაელის ქვეყნიდან წაღებულ მიწაზე შეეწირა ღვთისთვის სამადლობელი მსხვერპლი. ნაამანმა პირობა დადო, რომ იეჰოვას გარდა, არც ერთ სხვა ღმერთს აღარ სცემდა თაყვანს. ის უკვე აღარ იყო ჯიუტი, პირიქით, მზად იყო, დამორჩილებოდა ჭეშმარიტ ღმერთს.
როგორ შეგიძლია მიჰბაძო ნაამანს? ~ თუ ზოგჯერ მის მსგავსად სიჯიუტეს ავლენ, შეგიძლია შეიცვალო. მიიღე დახმარება და მეტად აღარ გაჯიუტდე.
წაიკითხე შენს ბიბლიაში
^ აბზ. 3 ბავშვთან ამ სტატიის კითხვის დროს ტილდასთან პაუზა გააკეთეთ და მას თავისი აზრი გამოათქმევინეთ.