ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან
რატომ უნდა გამოვიყენოთ ღვთის სახელი?
ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.
1. რატომ დაირქვა ღმერთმა სახელი?
ალბათ, მოგწონთ, როდესაც პირადი სახელით მოგმართავენ და არ მოგიხსენიებენ უბრალოდ „კაცად“, „ქალად“, „ბატონად“ ან „ქალბატონად“. სახელი სხვებისგან გამოგარჩევთ, როგორც ინდივიდს. ღმერთს აქვთ ისეთი ტიტულები, როგორიცაა „უზენაესი უფალი“, „ყოვლისშემძლე ღმერთი“ და „დიდებული შემოქმედი“ (დაბადება 15:2; 17:1; ეკლესიასტე 12:1). მაგრამ მან აგრეთვე დაირქვა სახელი, რომელიც გვეხმარება, მასთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს. ქართულ ენაზე ღვთის პირადი სახელია წარმოითქმება, როგორც იეჰოვა (წაიკითხეთ ესაიას 42:8).
მართალია, ბიბლიის ბევრმა მთარგმნელმა ჩაანაცვლა ღვთის სახელი ტიტულებით „ღმერთი“ და „უფალი“, მაგრამ ბიბლიის ძველ ებრაულ ხელნაწერებში ღვთის სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ მოიხსენიება. აშკარაა, ღმერთს სურს, რომ მისი სახელი ყველასთვის გახდეს ცნობილი (წაიკითხეთ ესაიას 12:4).
2. რატომ არის მნიშვნელოვანი ღვთის სახელის ცოდნა?
ღვთის სახელის ცოდნა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ იმას, თუ როგორ წარმოითქმება ის. იცნობდეთ ღმერთს სახელით, მასთან ახლო ურთიერთობას გულისხმობს. სახელი იეჰოვა ნიშნავს „აქცევინებს“. მისი სახელის მნიშვნელობა იმაში გვარწმუნებს, რომ ღმერთი თავისი განზრახვის შესასრულებლად იქცევა იმად, რადაც საჭიროა. ამიტომ, ღვთის სახელის ცოდნა იმას გულისხმობს, რომ გვჯეროდეს ღმერთის, რომელიც თავის განზრახვებს შეასრულებს (ფსალმუნი 9:10). მორწმუნეები, რომლებმაც იციან და იყენებენ ღვთის სახელს, ენდობიან იეჰოვას და მას პირველ ადგილზე აყენებენ ცხოვრებაში. ასეთ ხალხს ღმერთი დაიცავს (წაიკითხეთ ფსალმუნის 91:14).
3. რატომ სურს ღმერთს, რომ მისი სახელი ყველამ იცოდეს?
ღმერთს სურს, რომ ხალხმა იცოდეს მისი სახელი, რადგან ამ სახელის ცოდნას მათთვის სიკეთე მოაქვს. ამის წყალობით ისინი ღვთის მეგობრები ხდებიან და მარადიული სიცოცხლის იმედი ეძლევათ. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რატომ სურს ღმერთს, მისი სახელი ყველამ გაიგოს (წაიკითხეთ იოანეს 17:3; რომაელების 10:13, 14).
იესომ ღვთის სახელი გააცხადა მაშინ, როცა ხალხს ესაუბრებოდა ღვთის გზებზე, მის კანონებსა და დაპირებებზე. დღეს იესოს მიმდევრებიც ამცნობენ ერებს ღვთის სახელს. მათ სწორედ ღვთის სახელი აერთიანებთ (წაიკითხეთ საქმეების 15:14; იოანეს 17:26).
4. როგორ განადიდებს ღმერთი თავის სახელს?
იეჰოვა ღმერთს სურს, რომ განდიდდეს მისი სახელი, რადგან მას ჩირქი მოსცხეს. მაგალითად, ზოგი ამბობს, რომ ღმერთს არ შეუქმნია სიცოცხლე და ამიტომ არ უნდა დავემორჩილოთ მას. სხვები ამბობენ, რომ ღმერთი არ ზრუნავს ჩვენზე და სწორედ მისი ბრალია, რომ ასე ვიტანჯებით. ასეთი ხალხი შეურაცხყოფს ღვთის სახელს. მაგრამ ეს უსასრულოდ არ გაგრძელდება. ღმერთი გაილაშქრებს მათ წინააღმდეგ, ვინც შეურაცხყოფს მის სახელს (წაიკითხეთ ფსალმუნის 83:17, 18).
იეჰოვა განადიდებს თავის სახელს, როცა თავისი სამეფოს მეშვეობით ბოლოს მოუღებს მიწიერ მმართველობებს და დედამიწაზე მშვიდობა და უსაფრთხოება დაისადგურებს (დანიელი 2:44). მალე ყველა გაიგებს, რომ იეჰოვა არის ჭეშმარიტი ღმერთი (წაიკითხეთ ეზეკიელის 36:23; მათეს 6:9).
თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ? შეისწავლეთ ღვთის სიტყვა და გქონდეთ ურთიერთობა ღვთის მოყვარულ ხალხთან. ეს კი ხელს შეგიწყობთ, დაუახლოვდეთ ღმერთს. როდესაც იეჰოვა განადიდებს თავის სახელს, ის არც თავის ერთგულ მსახურებს დაივიწყებს (მალაქია 3:16).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ 1-ლი თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი 16 გვერდზე]
ღვთის სახელი უძველეს ებრაულ ხელნაწერში