არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაუახლოვდით ლოცვების მომსმენს

დაუახლოვდით ლოცვების მომსმენს

დაუახლოვდით ლოცვების მომსმენს

ბევრს, ვინც აცხადებს, რომ ღვთის სწამს, არ შეუძლია თავიანთი რწმენის ჯეროვნად დასაბუთება. ისინი ვერც იმას ხსნიან, თუ რატომ დგას ხშირად ბოროტების მიღმა სწორედ რელიგია და რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას. ერთადერთი, რასაც ისინი აკეთებენ, ის არის, რომ ლოცვით მიმართავენ მათთვის უცნობ ღმერთს.

თუმცა, თქვენ შეგიძლიათ უფრო დაუახლოვდეთ ღმერთს. რწმენას იმ შემთხვევაში შეიძენთ, თუ გაიცნობთ მას. ეს კი მისდამი სიყვარულსა და მადლიერებას გაგიღრმავებთ. ნამდვილი რწმენა მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს (ებრაელები 11:1). თუ ღვთის შესახებ ჭეშმარიტებას გაიგებთ, გაიცნობთ მას და გულს ისე გადაუშლით, როგორც ახლო მეგობარს. მოდი, განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ ღვთის არსებობაში ეჭვი ეპარებოდათ, მაინც ლოცულობდნენ.

პირველ სტატიაში მოხსენიებული პატრიცია ამბობს: «ერთხელ ჩემმა მეგობრებმა რელიგიაზე ჩამოაგდეს საუბარი. მათ ვუთხარი: „ამ თემაზე საუბრისთვის თავი რომ ამერიდებინა, სახლიდან გავრბოდი“. მამაჩემი, რომელიც ათეისტი იყო, და ერთი იეჰოვას მოწმე, რომელიც გვაკითხავდა, ხშირად საუბრობდნენ რელიგიურ თემებზე. „იქნებ იეჰოვას მოწმეები სიმართლეს ამბობენ“, — თქვა ერთმა ჩემმა მეგობარმა.

„მოდი, წავიდეთ და გავიგოთ, რას ამბობენ“, — თქვა მეორემ. ჩვენ სწორედ ასე მოვიქეცით. მართალია, სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი, მაგრამ იმდენად თბილად მოგვექცნენ იეჰოვას მოწმეები, რომ მათ შეხვედრებზე სიარული განვაგრძეთ.

ერთ კვირა დღეს შეხვედრაზე ისეთი რამ მოვისმინე, რამაც ძირეულად შემიცვალა თვალსაზრისი. მომხსენებელმა ახსნა, თუ რა იყო ტანჯვის მიზეზი. მანამდე არასდროს დავფიქრებულვარ, რომ თავდაპირველად ადამიანები სრულყოფილები იყვნენ და მათგან მემკვიდრეობით გადმოგვეცა ცოდვაც და სიკვდილიც. მომხსენებელმა იმაზეც ისაუბრა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო, რათა ადამიანებს დაებრუნებინათ პირვანდელი მდგომარეობა (რომაელები 5:12, 18, 19). * უეცრად ჩემთვის ყველაფერს ნათელი მოეფინა — ნამდვილად უნდა ეარსება ღმერთს, რომელიც ზრუნავდა ჩვენზე. განვაგრძე ბიბლიის შესწავლა და მალევე მივხვდი, რომ პირველად ცხოვრებაში, შემეძლო ლოცვით რეალური პიროვნებისთვის, ღვთისთვის, მიმემართა».

ალანი, რომელიც ასევე პირველ სტატიაში მოვიხსენიეთ, ამბობს: «ერთ დღეს იეჰოვას მოწმეებმა მოგვიკაკუნეს კარზე და მეუღლემ შემოიპატიჟა. მას აინტერესებდა, რას ეტყოდნენ მოწმეები დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის შესახებ. ჩემს ცოლზე გავბრაზდი. სტუმრები მისაღებში დავტოვე, ცოლი სამზარეულოში გავიხმე და ვუთხარი: „რა ზღაპრებს უსმენ?! მაგის დაჯერება შეიძლება?!“.

„კარგი, მაშინ გადი და დაუმტკიცე მათ, რომ ცდებიან“, — მომიგო ცოლმა.

რაღა თქმა უნდა, არაფრის დამტკიცება არ შემეძლო. იეჰოვას მოწმეებმა დიდი გულისხმიერება გამოიჩინეს და წიგნიც დამიტოვეს იმის თაობაზე, თუ როგორ გავჩნდით — შემოქმედების თუ ევოლუციის გზით. წიგნში მოცემული მტკიცებულებები იმდენად ლოგიკური და სარწმუნო მეჩვენა, რომ გადავწყვიტე, მეტი გამეგო ღმერთზე. მოწმეებთან დავიწყე ბიბლიის შესწავლა და მალევე მივხვდი, რომ ღვთის სიტყვა სრულიად განსხვავებულ რამეს ასწავლიდა იმ ყველაფერზე, რაც მანამდე მესწავლა. რაც უფრო ახლოს ვეცნობოდი იეჰოვას, მით უფრო მიადვილდებოდა მისთვის გული გადამეშალა ლოცვაში. იმასაც მივხვდი, რომ საკუთარ თავში ბევრი რამ უნდა შემეცვალა, და ლოცვებში ღმერთს დახმარებას შევთხოვდი. იეჰოვას უპასუხოდ არ დაუტოვებია ჩემი ლოცვები».

ინგლისელი ენდრიუ გვიზიარებს: «ყოველთვის ვიზიარებდი საზოგადოებაში დამკვიდრებულ აზრს და მიტაცებდა მეცნიერება. ევოლუციის თეორიაც სარწმუნოდ იმიტომ მიმაჩნდა, რომ უმეტესობის აზრით ის მეცნიერულად დასაბუთებული იყო. ღვთის არსებობა კი იმიტომ არ მჯეროდა, რომ ამდენი ბოროტება ხდებოდა.

თუმცა, ზოგჯერ ვფიქრობდი: „თუ ღმერთი არსებობს, რატომ არ უღებს ბოლოს დამნაშავეობასა და ომებს?“ პრობლემების დროს მილოცია დახმარებისთვის, თუმცა, არ ვიცოდი ვის ვუზიარებდი გულისტკივილს.

ერთხელ ჩემს ცოლს მისცეს იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ტრაქტატი „გადარჩება კი ეს ქვეყნიერება?“. ეს სწორედ ის კითხვა იყო, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა. ტრაქტატმა დამაფიქრა: „იქნებ ღირს ჩემს კითხვებზე პასუხები ბიბლიაში მოვიძიო?“ მოგვიანებით, შვებულებაში ყოფნისას მომცეს წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“. * როდესაც დავინახე, რომ ბიბლია სრულ თანხმობაში იყო მეცნიერებასთან, მივხვდი, რომ უფრო კარგად უნდა გამომეკვლია ეს წიგნი. ამიტომ, როცა ერთმა იეჰოვას მოწმემ ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა, დავთანხმდი. რაც უფრო მეტს ვიგებდი იეჰოვას განზრახვების შესახებ, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ის რეალური პიროვნება იყო და შემეძლო მისთვის გული გადამეშალა ლოცვაში».

ჯანი, რომელიც ლონდონში პროტესტანტულ ოჯახში აღიზარდა, ამბობს: „სასულიერო პირების თვალთმაქცობამ და გარშემო ამდენი ტანჯვა-წამების ყურებამ რელიგიაზე გული ამიცრუა. კოლეჯიდანაც გამოვედი და ფული რომ მეშოვნა, გიტარაზე ვუკრავდი და ვმღეროდი. იმ დროს პეტი გავიცანი. ის კათოლიკურ ოჯახში გაიზარდა, მაგრამ მოგვიანებით მანაც ჩემსავით დაკარგა რწმენა.

ჩვენ ვცხოვრობდით ერთ მიტოვებულ სახლში სხვა უსახლკაროებთან ერთად, რომლებიც აღმოსავლური რელიგიებით იყვნენ დაინტერესებული. გვიან ღამით საათობით ვისხედით და ვსაუბრობდით, თუ რა აზრი ჰქონდა სიცოცხლეს. მართალია, მე და პეტს ღმერთი არ გვწამდა, მაგრამ გულის სიღრმეში ვფიქრობდით, რომ რაღაც ზებუნებრივ ძალას მაინც უნდა ეარსება.

ვინაიდან მოხეტიალე მუსიკოსები ვიყავით, ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილში სამუშაოს საძებნელად გადავედით. იქ ვაჟი შეგვეძინა. ერთ ღამეს, როცა ჩვენი პატარა ცუდად გაგვიხდა, სრულიად გაუცნობიერებლად ლოცვით მივმართე ღმერთს, რომლის არსებობაშიც არ ვიყავი დარწმუნებული. მალე მე და პეტს შორის ურთიერთობა დაიძაბა. პეტი მივატოვე და ბავშვი თან წავიყვანე. კვლავ მივმართე ღმერთს დახმარებისთვის, რადგან იმედი მქონდა, რომ შეისმენდა ჩემს ლოცვას. თურმე პეტიც იმავეს აკეთებდა.

იმ დღეს, როცა ვილოცე, თურმე იეჰოვას ორმა მოწმემ პეტის კარზე მიაკაკუნა და ბიბლიიდან რამდენიმე პრაქტიკული რჩევა ამოუკითხა. პეტმა დამირეკა და მკითხა, თანახმა ვიყავი თუ არა, რომ ჩვენთვის იეჰოვას მოწმეებს ესწავლებინათ ბიბლია. მალე გავიგეთ, რომ ღვთისთვის რომ გვესიამოვნებინა, ჩვენი ქორწინება რეგისტრაციაში უნდა გაგვეტარებინა. ეს არც ისე ადვილი გადასაწყვეტი იყო, რადგან არ ვიყავით დარწმუნებული, რამდენად კარგად აეწყობოდა ჩვენი ურთიერთობა.

გვინდოდა, უფრო მეტი გაგვეგო იმის შესახებ, თუ როგორ შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები, რა იყო ტანჯვის მიზეზი და რას ნიშნავდა ღვთის სამეფო. თანდათანობით ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ღმერთი მართლაც ზრუნავს ადამიანებზე. ამიტომ, სურვილი გაგვიჩნდა, მისი ნება შეგვესრულებინა. ჩვენ დავქორწინდით. ღვთის სიტყვიდან მიღებული ცოდნა დაგვეხმარა, სწორად აღგვეზარდა ჩვენი სამი შვილი. დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვამ შეისმინა ჩვენი ლოცვები“.

თავად მოიძიეთ ღვთის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები

ზემოხსენებულ ადამიანებს, სხვა მილიონების მსგავსად, ცრუ რელიგიამ თავგზა ვერ აუბნია. მათ დაინახეს, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას. ალბათ, ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ თითოეული მათგანი ბიბლიდან მიღებულმა საფუძვლიანმა ცოდნამ დაარწმუნა იმაში, რომ იეჰოვა ნამდვილად ისმენს ლოცვებს.

გინდათ თქვენც მოიძიოთ ღვთის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები? იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან, გაიცნოთ ჭეშმარიტი ღმერთი და გაიგოთ, როგორ შეგიძლიათ დაუახლოვდეთ „ლოცვების მომსმენს“ (ფსალმუნი 65:2).

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 დამატებითი ინფორმაცია იესოს გამომსყიდველურ მსხვერპლთან დაკავშირებით იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 5. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

^ აბზ. 12 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩანართი 10 გვერდზე]

„რაც უფრო მეტს ვიგებდი იეჰოვას განზრახვების შესახებ, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ის რეალური პიროვნება იყო და შემეძლო მისთვის გული გადამეშალა ლოცვაში“

[სურათი 9 გვერდზე]

ნამდვილი რწმენა რომ შეიძინოთ, უნდა გქონდეთ ღვთის გაცნობის სურვილი და უნდა მოიძიოთ მისი არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები