ისმენს ვინმე ჩვენს ლოცვას?
ისმენს ვინმე ჩვენს ლოცვას?
„ღვთის არსებობაში ეჭვი მეპარებოდა. თუმცა, დროდადრო მაინც ვლოცულობდი. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ვინმე ისმენდა ჩემს ლოცვას, მაგრამ გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი, რომ ვიღაც მაინც მომისმენდა. თავს უბედურად ვგრძნობდი და ჩემი ცხოვრებაც უაზრო მეჩვენებოდა. არ მინდოდა, დამეჯერებინა ღვთის არსებობა, რადგან ვფიქრობდი, რომ ის მხოლოდ სუსტებს სჭირდებოდა“ (პატრიცია, * ირლანდია).
თქვენც ყოფილხართ პატრიციას მსგავს მდგომარეობაში? გილოციათ მაშინაც კი, როდესაც ეჭვი გეპარებოდათ ღვთის არსებობაში? შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენ არ წარმოადგენთ გამონაკლისს. მოდი, თვალი გადავავლოთ ზოგად სტატისტიკას.
▪ 2 200 ბრიტანელის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მათგან მხოლოდ 22 პროცენტს სწამს, რომ არსებობს ლოცვების მომსმენი ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო. მიუხედავად ამისა, გამოკითხულთა 55 პროცენტი დროდადრო მაინც ლოცულობს.
▪ ოთხ კონტინენტზე 10 000 ადამიანის გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა თითქმის 30 პროცენტი, რომელიც ათეისტს უწოდებს თავს, ლოცულობს.
რატომ ეპარებათ ადამიანებს ეჭვი ღვთის არსებობაში?
ინგლისელი მამაკაცი, სახელად ალანი, ამბობს: «ხშირად ვამბობდი, რომ ღმერთი არ მწამდა, რადგან რელიგია მხოლოდ ხალხის სამართავი და ფულის საკეთებელი საშუალება მეგონა; თუ ღმერთი არსებობდა, რატომ უშვებდა ამდენ უსამართლობას. ხანდახან განვმარტოვდებოდი ხოლმე და თითქოს ვიღაცას გულს ვუშლიდი. საკუთარ თავს იმასაც ვეკითხებოდი: „რისთვის გავჩნდი?“»
ყველა, ვისაც მსგავსი გრძნობები ეუფლება, საკუთარ ახსნას უძებნის იმას, თუ რატომ ეეჭვებათ, რომ მათ ლოცვებს ვინმე ისმენს. ხშირ შემთხვევაში ასეთ ეჭვებს ბადებს უპასუხოდ დარჩენილი შემდეგი კითხვები:
▪ არსებობს შემოქმედი?
▪ რატომ დგას ხშირად უბედურების მიღმა რელიგია?
▪ რატომ უშვებს ღმერთი ადამიანთა ტანჯვა-წამებას?
უფრო გულდაჯერებით ილოცებდით, თუ ზუსტი პასუხები გეცოდინებოდათ ამ კითხვებზე?
[სქოლიო]
^ აბზ. 2 ამ სტატიათა სერიაში ზოგი სახელი შეცვლილია.