რატომ უშვებს ლოცვების მომსმენი ტანჯვას?
რატომ უშვებს ლოცვების მომსმენი ტანჯვას?
ზოგს, ვინც ღმერთს ლოცვით მიმართავს, მის არსებობაში ეჭვი ეპარება. და ეს იმიტომ, რომ დედამიწაზე ამდენი ტანჯვა-წამებაა. თქვენც გაგჩენიათ კითხვა, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას?
რამდენად შესაძლებელია, რომ ღმერთს ისეთები შევექმენით, როგორებიც დღეს ვართ — არასრულყოფილები და ვაებისთვის განწირულნი? ალბათ, გაგვიჭირდებოდა, პატივი მიგვეგო ღვთისთვის, რომელიც ამისთვის გაგვიმეტებდა. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: აღფრთოვანებული ათვალიერებთ რომელიმე ფირმის ავტომობილის უახლეს მოდელს და უეცრად აღმოაჩენთ, რომ მას გვერდი შეჭეჭყილი აქვს. ნუთუ იფიქრებდით, რომ მწარმოებელმა ასეთი გამოუშვა? რა თქმა უნდა, არა! ცხადია, ქარხანამ ეს ავტომობილი „სრულყოფილი“ შექმნა, ვიღაცამ კი დააზიანა.
როცა ბუნების სილამაზითა და სამყაროში არსებული წესრიგით მოხიბლულებს გუნებას გვიფუჭებს ადამიანის მიზეზით გამოწვეული ქაოსი და მისივე ხელით გაჩანაგებული ბუნება, რა დასკვნამდე მივდივართ? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა პირველი წყვილი სრულყოფილი შექმნა, მაგრამ მოგვიანებით მათ თავად დაკარგეს სრულყოფილება (კანონი 32:4, 5). სასიხარულოა იმის ცოდნა, რომ ღმერთი თავისი დაპირებისამებრ მორჩილ კაცობრიობას სრულყოფილებას დაუბრუნებს. მაშ, ამდენი ხნის მანძილზე რატომ არ შეცვლილა არაფერი?
რატომ ასე დიდხანს?
პასუხი პირდაპირ უკავშირდება კითხვას, თუ ვის უნდა ემმართველა კაცობრიობაზე. მათი მმართველი თავად იეჰოვა უნდა ყოფილიყო. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). სამწუხაროდ, პირველი წყვილი ღვთის მმართველობას არ დაემორჩილა. ასეთი უკანონო ქმედების გამო ისინი ცოდვილები გახდნენ (1 იოანე 3:4). მათ დაკარგეს სრულყოფილება და როგორც საკუთარ თავს, ისე თავიანთ შთამომავლებს ზიანი მიაყენეს.
იეჰოვამ ადამიანებს უფლება მისცა, ათასობით წლის მანძილზე ემმართველათ. თუმცა ისტორიამ გვიჩვენა, რომ ადამიანს არ შესწევს ძალა, წარმატებით იმმართველოს. ნათელია, რომ ადამიანურ მმართველობებს ხალხისთვის ბედნიერება არ მოუტანია. მათ ვერ შეძლეს, აღმოეფხვრათ ომები, დამნაშავეობა, უსამართლობა და ავადმყოფობა.
როგორ გამოასწორებს ღმერთი მდგომარეობას?
ბიბლია გვპირდება, რომ მალე ღმერთი ახალ, სამართლიან ქვეყნიერებას დაამყარებს (2 პეტრე 3:13). მხოლოდ ისინი, რომლებიც ნების თავისუფლებას ერთმანეთისა და ღვთისადმი სიყვარულის გამოსავლენად იყენებენ, იცხოვრებენ ახალ ქვეყნიერებაში (კანონი 30:15, 16, 19, 20).
ბიბლიაში აგრეთვე ვკითხულობთ, რომ „გასამართლების . . . დღეს“, რომელიც სწრაფად ახლოვდება, ღმერთი ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას და მათ, ვინც ამ ტანჯვის მიზეზი ხდება (2 პეტრე 3:7). მას შემდეგ ღვთის მიერ დანიშნული მმართველი, იესო ქრისტე, იმეფებს მორჩილ კაცობრიობაზე (დანიელი 7:13, 14). რას მოუტანს იესოს მმართველობა კაცობრიობას? ბიბლიაში ვკითხულობთ: „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:11).
ზეციერი მეფე, იესო, სრულიად აღმოფხვრის იმ სავალალო შედეგებს, სადამდეც ადამიანი არასრულყოფილებამ მიიყვანა. ის მოსპობს ავადმყოფობას, სიბერესა და სიკვდილს, რაც „სიცოცხლის წყაროს“, იეჰოვა ღმერთის, წინააღმდეგ წასვლამ გამოიწვია (ფსალმუნი 36:9). იესო განკურნავს ყველას, ვინც მის მმართველობას დაემორჩილება. მისი მეფობის დროს შესრულდება ბიბლიური დაპირებები:
▪ „არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო. იმ მიწის მკვიდრთ ეპატიებათ დანაშაული“ (▪ „[ღმერთი] მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).
განა მანუგეშებელი არ არის იმის ცოდნა, რომ მალე ღმერთი შეასრულებს თავის დაპირებას და ბოლოს მოუღებს ტანჯვა-წამებას?! მანამდე კი შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი ისმენს ჩვენს ლოცვებს მიუხედავად იმისა, რომ დროებით უშვებს ტანჯვას.
ღმერთი შორს არ არის ჩვენგან. ის მაშინაც კი გისმენთ, როცა თქვენს გულისტკივილსა და წუხილს გამოთქვამთ. მას ძლიერ სურს, რომ იცხოვროთ იმ დროს, როცა ყველა თქვენი ეჭვი გაიფანტება და აღარც არაფერი მოგაყენებთ ტკივილს.