არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაუახლოვდით ღმერთს

იეჰოვას სძულს უსამართლობა

იეჰოვას სძულს უსამართლობა

„კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). ეს სიტყვები, რომლებიც დაახლოებით 3 000 წლის წინათ დაიწერა, კარგად მიესადაგება დღევანდელობას. დღეს ადამიანები იმის მიუხედავად, თუ ვინ არიან და სად ცხოვრობენ, ბოროტად იყენებენ თავიანთ ძალაუფლებას. ძალიან ხშირად მათი მსხვერპლი დაუცველი და ღარიბი ადამიანები ხდებიან. მოსწონს იეჰოვას ასეთი უსამართლობა? ამ კითხვაზე პასუხს გვცემს ეზეკიელის 22:6, 7, 31 (წაიკითხეთ).

ისრაელისთვის მიცემულ კანონში იეჰოვამ პირდაპირი მითითება მისცა ძალაუფლების მქონეთ, რომ თავიანთი ძალაუფლება ბოროტად არ გამოეყენებინათ. ის იმ შემთხვევაში აკურთხებდა ისრაელს, თუ მისი მმართველები ღარიბებსა და დაუცველებს კეთილად და თანაგრძნობით მოეპყრობოდნენ (კანონი 27:19; 28:15, 45). მაგრამ ეზეკიელის დროს იერუსალიმსა და იუდაში ისრაელის თავკაცები თავიანთ ძალაუფლებას ბოროტად იყენებდნენ.

ამ თავკაცებს „თავიანთი მკლავის იმედი ჰქონდათ“; ისინი „სისხლის ღვრისკენ ისწრაფოდნენ“ (მუხლი 6). ამ შემთხვევაში სიტყვა „მკლავი“ ძალაუფლებას გულისხმობს. „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“ ეს მუხლი ასეა ნათარგმნი: „ისრაელის მთავარნი — თითოეული თავის ძალას იკრებდა, რომ სისხლი დაეღვარა“. ვის უნდა დაეცვა კანონი და ვის უნდა მოეწოდებინა ხალხისთვის მისი დაცვა მაშინ, როცა ისრაელის თავკაცები ბოროტად იყენებდნენ თავიანთ ძალაუფლებას და უდანაშაულოთა სისხლს ღვრიდნენ?!

ეზეკიელი მხოლოდ თავკაცებს კი არ გულისხმობდა, არამედ მათაც, ვინც ამ თავკაცებს ჰბაძავდა და არღვევდა იეჰოვას კანონს. „დედ-მამას სიძულვილით ეპყრობიან“, — ამბობს ეზეკიელი (მუხლი 7). რადგან ისრაელები ჯეროვან პატივს არ მიაგებდნენ მშობლებს, ოჯახები გაიხლიჩა და ერის სიძლიერე შეირყა (გამოსვლა 20:12).

ზნეობრივად დაცემული ისრაელები ექსპლუატაციას უწევდნენ დაუცველთ. თითოეული ასეთი უკანონო ქმედება იმაზე მოწმობდა, რომ ისრაელები უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ ღვთის კანონს, რომელსაც საფუძვლად სიყვარული ედო. მაგალითად, ღვთის კანონით ისრაელებს მოეთხოვებოდათ, განსაკუთრებული თანაგრძნობით მოპყრობოდნენ არაისრაელებს, ანუ ხიზნებს (გამოსვლა 22:21; 23:9; ლევიანები 19:33, 34). სამწუხაროდ, ხალხი „ხიზანს სძალავდა“ ანუ ავიწროებდა (მუხლი 7).

ისრაელები ცუდად ექცეოდნენ დაუცველებსაც — „უმამო ბავშვსა და ქვრივს“ (მუხლი 7). იეჰოვა განსაკუთრებულ თანაგრძნობას იჩენს მათ მიმართ, ვისაც მშობელი ან მეუღლე გარდაეცვალა. ღმერთი ჰპირდება მათ, რომ თავად გაასამართლებს იმ ადამიანებს, ვინც დაუცველ ბავშვებსა და ქვრივებს ჩაგრავს (გამოსვლა 22:22—24).

ამგვარად ისრაელები ეზეკიელის დროს არღვევდნენ ღვთის კანონს, რომელსაც საფუძვლად სიყვარული ედო. რა ზომებს მიიღებდა იეჰოვა მათ წინააღმდეგ? „გადმოვღვრი ჩემს რისხვას მათზე“, — თქვა ღმერთმა (მუხლი 31). მან თავისი სიტყვა შეასრულა და ძვ. წ. 607 წელს ნება დართო ბაბილონელებს, გაენადგურებინათ იერუსალიმი და ხალხი ტყვედ წაესხათ.

ეზეკიელის სიტყვებიდან ორ მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ: პირველი ის, რომ იეჰოვას სძულს უსამართლობა და მეორე კი ის, რომ თანაგრძნობას ავლენს მათ მიმართ, ვინც უსამართლოდ იტანჯება. ღმერთი არ იცვლება (მალაქია 3:6). იგი გვპირდება, რომ მალე ბოლოს მოუღებს უსამართლობას და მის სულისჩამდგმელთ (იგავები 2:21, 22). უკეთ გაიცანით „სამართლიანობის მოყვარული“ ღმერთი და გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ დაუახლოვდეთ მას (ფსალმუნი 37:28).

აგვისტოში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

ეზეკიელი 21—38

[ჩანართი 27 გვერდზე]

იეჰოვამ პირდაპირი მითითება მისცა ძალაუფლების მქონეთ, რომ თავიანთი ძალაუფლება ბოროტად არ გამოეყენებინათ