არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

საიდან მოიტანეს ისრაელებმა მღვდელმთავრის სამკერდეზე დამაგრებული ძვირფასი ქვები?

მას შემდეგ, რაც ისრაელი ეგვიპტიდან გამოვიდა და უდაბნოში დაეხეტებოდა, ღმერთმა უბრძანა მათ, რომ გაეკეთებინათ სამკერდე (გამოსვლა 28:15—21). ამ სამკერდეზე დამაგრებული იყო ისეთი ძვირფასი ქვები, როგორიცაა: ლალი, ტოპაზი, ზურმუხტი, ფირუზი, საფირონი, იასპი, ლეშემი, აქატი, ამეთვისტო, ქრიზოლითი, ონიქსი და ჟადეიტი. * საიდან მოიტანეს ისრაელებმა ასეთი ძვირფასი ქვები?

ბიბლიურ დროში ძვირფასი ქვები ძალიან ფასობდა. ამ ქვებით ვაჭრობდნენ კიდეც. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში ძვირფასი ქვები დღევანდელი ირანის, ავღანეთისა და შესაძლოა ინდოეთის ტერიტორიიდანაც კი ჩაჰქონდათ. თავად ეგვიპტეშიც მოიპოვებოდა სხვადასხვა ძვირფასი ქვა. ეგვიპტელი ფარაონების ხაზინაში მათ მიერ დაპყრობილ ქვეყნებში მოპოვებული ძვირფასი ქვებიც შედიოდა. იობმა აღწერა, როგორ მოიპოვებდნენ მისი თანამედროვენი მიწის წიაღიდან ძვირფას მადნეულს. იგი ძვირფასი ქვებიდან საფირონსა და ტოპაზს მოიხსენიებს (იობი 28:1—11, 19).

წიგნ „გამოსვლაში“ ნათქვამია, რომ ისრაელებმა „გაძარცვეს . . . ეგვიპტელები“ და მათი ქვეყნიდან ძვირფასეულობა წამოიღეს (გამოსვლა 12:35, 36). ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, ისრაელებს მღვდელმთავრის სამკერდეზე სწორედ ეგვიპტიდან წამოღებული ძვირფასი ქვები დაემაგრებინათ.

რატომ იყენებდნენ ღვინოს წამლად ბიბლიურ დროში?

ერთხელ იესომ იგავი მოჰყვა კაცზე, რომელიც ყაჩაღებმა სცემეს. ამ კაცს ერთმა სამარიელმა აღმოუჩინა დახმარება; მან ჭრილობები შეუხვია და „ზეთი და ღვინო დაასხა“ (ლუკა 10:30—34). პავლე მოციქულმა ერთ-ერთ წერილში თავის მეგობარ ტიმოთეს ურჩია: „წყალს ნუღარ დალევ. ცოტა ღვინო დალიე კუჭისთვის და ხშირი ავადმყოფობის გამო“ (1 ტიმოთე 5:23). ჩანს იესოს სიტყვებიდან და პავლეს რჩევიდან ის, რომ იმ დროს ღვინოს წამლად იყენებდნენ?

ერთ წიგნში ნათქვამია, რომ ღვინოს „იყენებდნენ ტკივილგამაყუჩებელ და სადეზინფექციო საშუალებად და აგრეთვე ბევრი სხვა დაავადების სამკურნალოდ“ (Ancient Wine). ძველად ეგვიპტელები, მესოპოტამიელები და სირიელები სამკურნალო საშუალებებს შორის ყველაზე დიდ მნიშვნელობას ღვინოს ანიჭებდნენ. ერთ ნაშრომში აღნიშნულია: „წიგნებიდან თუ სხვა წყაროებიდან ვიგებთ, რომ ღვინო ერთ-ერთი უძველესი წამალია, რომელსაც ადამიანები იყენებდნენ“ (The Oxford Companion to Wine). პავლეს რჩევა ნამდვილად არ იყო საფუძველს მოკლებული, რადგან ერთ წიგნში ვკითხულობთ: „კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მუცლის ტიფისა თუ სხვა საშიში დაავადებების დროს გავრცელებულ მიკრობებს ღვინო კლავს“ (The Origins and Ancient History of Wine). დღეს სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ღვინოში აღმოჩენილ 500-ზე მეტ ნაერთს უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 რთულია იმის დადგენა, თუ ზუსტად რა სახელებით იწოდება დღეს ეს ძვირფასი ქვები.

[სურათი 26 გვერდზე]

გლეხი ფეხით ჭყლეტს ყურძენს, ნაკტის სამარხი (თებე, ეგვიპტე)

[საავტორო უფლება]

Gianni Dagli Orti/The Art Archive at Art Resource, NY