არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველები გვეკითხებიან

იწონებს ღმერთი თამბაქოს მოწევას?

იწონებს ღმერთი თამბაქოს მოწევას?

▪ ვინმემ შეიძლება გულწრფელად დასვას ეს კითხვა, ვინაიდან ბიბლიაში თამბაქოს წევაზე არაფერია ნათქვამი. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავიგოთ, რას ფიქრობს ღმერთი ამ საკითხზე? რასაკვირველია, არა.

ბიბლია ამბობს, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ (2 ტიმოთე 3:16). ღვთის სიტყვაში მოცემულია ნათელი პრინციპები და მითითებები, საიდანაც ჩანს, რომ ღმერთს სურს, ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ. თავდაპირველად განვიხილოთ, რას ამტკიცებენ სპეციალისტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას ახდენს თამბაქო ადამიანის ჯანმრთელობაზე. შემდეგ კი ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვისაუბროთ, თუ რომელი ბიბლიური პრინციპებით უნდა იხელმძღვანელოს ქრისტიანმა.

თამბაქო ჯანმრთელობას ვნებს და სიკვდილს იწვევს. შეერთებულ შტატებში ხუთიდან ერთი ადამიანის სიკვდილის მიზეზი თამბაქოს წევა ხდება. ერთი ინსტიტუტის ცნობის თანახმად, ამ ქვეყანაში თამბაქოს წევის შედეგად უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე „ალკოჰოლის სმის, ნარკოტიკების გამოყენების, მკვლელობის, თვითმკვლელობის, ავტოსაგზაო შემთხვევებისა თუ შიდს-ის გამო“ (National Institute on Drug Abuse).

მწეველები სხვებსაც ვნებენ. თამბაქოს მცირე გამონაბოლქვიც კი მავნეა ჯანმრთელობისთვის. პასიურ ანუ უნებლიე მწეველებს შორის, რომლებიც გამონაბოლქვს შეისუნთქავენ, ფილტვის კიბოსა და გულის დაავადებების განვითარების რისკი ოცდაათ პროცენტამდე იზრდება. ამ ბოლო წლებში ექიმებმა დაადგინეს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თამბაქოს კვამლი გაიფანტება, მისი გამონაბოლქვი, რომლითაც გაჟღენთილია ტანსაცმელი, ნოხები თუ სხვა რამ, ხანგრძლივი დროის მანძილზე ვნებს ადამიანს. ეს მომწამლავი ნივთიერებები განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობაზე მოქმედებს უარყოფითად და სწავლის უნარს უქვეითებს.

თამბაქო დამოკიდებულებას იწვევს. ის ადამიანს ამ მავნე ჩვევის მონად აქცევს. სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ ნიკოტინი, ნივთიერება, რომელსაც თამბაქო შეიცავს, იწვევს დამოკიდებულებას და ამიტომ, სიგარეტისთვის თავის დანებება ძალიან რთული ხდება.

თუ გავითვალისწინებთ ზემოთ მოყვანილ ფაქტებს, რომელ ბიბლიურ პრინციპებს გამოვიყენებთ თამბაქოს წევასთან დაკავშირებით? მიაქციეთ ყურადღება შემდეგს:

ღმერთს სურს, დავაფასოთ სიცოცხლე. ისრაელისთვის მიცემულ კანონში ნათლად იყო აღნიშნული, რომ ვისაც სურდა ღვთის ნება შეესრულებინა, ადამიანის სიცოცხლე უნდა დაეფასებინა (კანონი 5:17). ისრაელებს ბანისთვის მოაჯირი უნდა გაეკეთებინათ. ისინი ასე იმიტომ უნდა მოქცეულიყვნენ, რომ ოჯახის წევრები თუ სტუმრები არ გადმოვარდნილიყვნენ და დაშავებულიყვნენ ან მომკვდარიყვნენ (კანონი 22:8). ისრაელებმა ისიც კარგად იცოდნენ, რომ მათ შინაურ ცხოველებს ზიანი არ უნდა მიეყენებინათ სხვებისთვის (გამოსვლა 21:28, 29). ის, ვინც თამბაქოს ეწევა, იმ პრინციპებს არღვევს, რომლებიც ამ კანონებს ედო საფუძვლად. იგი განზრახ ვნებს არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც.

ღმერთს უნდა, რომ გვიყვარდეს ის და მოყვასი. იესო ქრისტემ თქვა, რომ მის მიმდევრებს ორი უდიდესი მცნება უნდა დაეცვათ. მათ ღმერთი უნდა ჰყვარებოდათ მთელი გულით, სულით, ძალითა და გონებით, მოყვასი კი — საკუთარი თავივით (მარკოზი 12:28—31). ვინაიდან სიცოცხლე ღვთისგან ბოძებული საჩუქარია, მას, ვინც თამბაქოს ეწევა, არ უყვარს ღმერთი და მის ამ საჩუქარსაც არაფრად აგდებს (საქმეები 17:26—28). ამ ჩვევით მან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს სხვებს და ვეღარც იმით დაიკვეხნოს, რომ მოყვასი უყვარს.

ღმერთი მოითხოვს, უწმინდურ ჩვევებს თავი ავარიდოთ. ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს, განიწმინდონ „ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს“ (2 კორინთელები 7:1). აშკარაა, რომ თამბაქოს წევა ვნებს ადამიანს. ადვილი არ არის თამბაქოსთვის თავის დანებება. მაგრამ, თუ გსურთ ასიამოვნოთ ღმერთს, მისი დახმარებით ამას აუცილებლად შეძლებთ.