არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ იპყრობს ჩვენს ყურადღებას სასწაულები?

რატომ იპყრობს ჩვენს ყურადღებას სასწაულები?

რატომ იპყრობს ჩვენს ყურადღებას სასწაულები?

«საკმარისია სიტყვა „სასწაულის“ განმარტება წავიკითხოთ, რომ დავინახავთ, როგორ ეწინააღმდეგება ის მეცნიერებას» (რიჩარდ დოკინზი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი).

„ნამდვილად არსებობს იმის საფუძველი, გვჯეროდეს, რომ სასწაულები მართლაც ხდება. სასწაულები არ ეწინააღმდეგება რწმენას. პირიქით, იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთს თავისი ქმნილებები უყვარს და მათი ბედი ყოველთვის აღელვებს“ (რობერტ ლარმერი, ფილოსოფიის პროფესორი).

გჯერა სასწაულების? როგორც ზემოხსენებული ციტატებიდანაც გამოჩნდა, ამ საკითხზე ხალხის თვალსაზრისი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგრამ შენ თვითონ როგორ უპასუხებდი ამ კითხვას?

შეიძლება ყოყმანობ, თქვა, რომ გჯერა სასწაულების ან შესაძლოა შიშობ, რომ თუ ამას ხმამაღლა აღიარებ, ცრუმორწმუნე და გაუნათლებელ ადამიანად შეგრაცხავენ. ბევრი მართლაც ასე ფიქრობს.

არადა, შესაძლოა მართლა გჯერა, რომ სასწაულები ხდება. შეიძლება იმაშიც დარწმუნებული ხარ, რომ მართლაც მოხდა ის სასწაულები, რომლებსაც ბიბლიაში ვკითხულობთ; მაგალითად წითელი ზღვის ორად გაყოფა. იქნებ ისიც გჯერა, რომ დღესაც ხდება სასწაულები? ახლახან ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ „დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს სჯერა, რომ სასწაულები ხდება. მაგალითად, შეერთებული შტატების მოსახლეობის დაახლოებით 75 პროცენტი და ბრიტანეთის მოსახლეობის 38 პროცენტი დარწმუნებულია ამაში“ (The Cambridge Companion to Miracles, რედაქტორი გრემ თველფტრი). თუმცა, მხოლოდ ქრისტიანებს არ სჯერათ, რომ სასწაულები ხდება. ერთ-ერთი ენციკლოპედიის თანახმად, „ფაქტობრივად ყველა რელიგია აღიარებს“, რომ სასწაულები ხდება (Britannica Encyclopedia of World Religions).

ან იქნებ მესამე კატეგორიას მიეკუთვნები, რომლებიც ამბობენ: „არ ვიცი, არ მაინტერესებს! ჩემს ცხოვრებაში სასწაულები არ ხდება“. სინამდვილეში რატომ უნდა დავინტერესდეთ სასწაულებით?

წარმოიდგინე, რომ უკურნებელი სენი გჭირს. ერთ-ერთ ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალში რომ წაგეკითხა ახალი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც შენი დაავადების განკურნება შეუძლია, განა არ გამოყოფდი მცირე დროს მაინც იმის გამოსაკვლევად, რომ ეს მედიკამენტი მართლაც ეფექტურია? ბიბლია გვპირდება, რომ მალე გასაოცარი სასწაულები მოხდება და მათი თვითმხილველი დედამიწაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი გახდება. ნუთუ არ ღირს, დრო გამოყო იმის გასაგებად, თუ რამდენად სარწმუნოა ეს დანაპირები?

მაგრამ სანამ გავიგებთ, რა სასწაულები მოხდება მომავალში, მოდი, ჯერ განვიხილოთ სასწაულებთან დაკავშირებული სამი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება.

[ჩარჩო 3 გვერდზე]

რა არის სასწაული?

ეს არის მოვლენა, რომელიც ყოველგვარ ადამიანურ თუ ბუნებრივ ძალას აღემატება და ზებუნებრივი ძალის ჩარევით ხდება.