ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან
როდის გამეფდა იესო?
ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.
1. რომელი სამეფოს მეფე უნდა გამხდარიყო იესო?
ღმერთმა აღუთქვა დავითს, რომ მის სამეფო ტახტზე მისი შთამომავალი იჯდებოდა მარადიულად. ეს ნაწინასწარმეტყველები შთამომავალი იესოა და ის დღეს ზეცაში ღვთის სამეფოს მეფეა (წაიკითხეთ ფსალმუნის 89:4; ლუკას 1:32, 33).
დავითი ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როდესაც იეჰოვამ თავისი ხალხის მეფედ აირჩია. დავითის სიკვდილის შემდეგ კი ღმერთმა სოლომონი აირჩია, რომ „იეჰოვას სამეფო ტახტზე“ დამჯდარიყო (1 მატიანე 28:4, 5; 29:23). სოლომონის სიკვდილის შემდეგ ისრაელს ბევრი მეფე ჰყავდა, მაგრამ მათგან უმეტესობა ღვთის ორგული იყო. ბოლოს იეჰოვამ დაუშვა, რომ ბაბილონის ჯარებს გაენადგურებინა იერუსალიმი და მეფე ტახტიდან ჩამოეგდო. ეს ძვ. წ. 607 წელს მოხდა. მას შემდეგ დავითის არც ერთი შთამომავალი აღარ გამეფებულა იერუსალიმში (წაიკითხეთ ეზეკიელის 21:27).
2. რამდენ ხანს არ ეყოლებოდა ღვთის სამეფოს წარმომადგენელი დედამიწაზე?
იერუსალიმის განადგურებიდან მალევე იეჰოვამ თავის წინასწარმეტყველ დანიელს უთხრა, რომ აირჩევდა მეფეს, რომელიც ზეციდან იმეფებდა. როდის დაიწყებდა ეს მეფე მმართველობას? (წაიკითხეთ დანიელის 7:13, 14).
დანიელმა ახსნა ხილვა, რომლის თანახმადაც ღმერთმა ბრძანა, მოჭრილიყო უზარმაზარი ხე ანუ განადგურებულიყო იერუსალიმი. მაგრამ ხის ფესვები მიწაში უნდა ჩაეტოვებინათ, რათა „შვიდი დროის“ გასვლის შემდეგ ხე კვლავ გაზრდილიყო. ბიბლიის თანახმად, სამნახევარი დრო 1 260 დღეა, ასე რომ „შვიდი დრო“ 2 520 დღე გამოდის (გამოცხადება 12:6, 14). ბიბლიური წინასწარმეტყველების მიხედვით, დღეები ხშირად წლებთან არის გაიგივებული (რიცხვები 14:34). აქედან გამომდინარე, ღვთის სამეფო 2 520 წლის განმავლობაში არ იარსებებდა (წაიკითხეთ დანიელის 4:10—17).
3. როდის დაიწყო იესომ მეფობა?
ღმერთმა იესო 1914 წელს, იერუსალიმის განადგურებიდან ზუსტად 2 520 წლის გასვლის შემდეგ, გაამეფა ზეცაში. იესომ პირველ რიგში სატანა და მისი დემონები გადმოყარა ზეციდან (გამოცხადება 12:7—10). მართალია, ეს ადამიანის თვალისთვის უხილავი იყო, მაგრამ ის სავალალო შედეგები, რაც სატანის დედამიწაზე გადმოგდებას მოჰყვა, ყველასთვის ნათელი გახდა (გამოცხადება 12:12). მოვლენები, რაც 1914 წლის შემდეგ ხდება, იმაზე მეტყველებს, რომ იესო სწორედ ამ წელს გამეფდა (წაიკითხეთ მათეს 24:14; ლუკას 21:10, 11, 31).
4. რას მოგვიტანს ეს სამეფო?
ის ფაქტი, რომ იესოს გამეფებასთან დაკავშირებით წინასწარმეტყველებები ზუსტად შესრულდა, იმაზე მოწმობს, რომ ღვთის სიტყვა სანდოა. მალე იესო თავის ძალაუფლებას იმისთვის გამოიყენებს, რომ ადამიანთა ყოველგვარ ტანჯვას დაუსვას წერტილი (წაიკითხეთ ფსალმუნის 72:8, 12, 13; დანიელის 2:44).
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ 215—218 გვერდები. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[დიაგრამა 16, 17 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ოქტომბერი ოქტომბერი
ძვ. წ. 607 ახ. წ. 1914
← 2 520 წელი →
ძვ. წ 1000 ძვ. წ. 1 ახ. წ. 1 ახ. წ. 1000 ახ. წ. 2000
← 606 წელი და 3 თვე →← 1 913 წელი და 9 თვე →
იერუსალიმში არსებული სამეფო განადგურდა გამოთვალეთ:
606 წელი და 3 თვე
1 913 წელი და 9 თვე = 2 520 წელს
ღმერთი აძლევს იესოს ძალაუფლებას, რათა ყველა ერი მას დაემორჩილოს