არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჭეშმარიტების დამცველები

ჭეშმარიტების დამცველები

„გალაადის“ 132-ე კლასის გამოშვება

ჭეშმარიტების დამცველები

იეჰოვას მოწმეთა საგანმანათლებლო ცენტრში (პატერსონი, ნიუ-იორკი) 2012 წლის 10 მარტს ათასობით ლამაზად ჩაცმულმა ადამიანმა მოიყარა თავი, რომელთა შორისაც სხვა ქვეყნებიდან ჩასული სტუმრებიც იყვნენ. ეს განსაკუთრებული დღე იყო. ისინი „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ გამოსაშვებ პროგრამაზე დასასწრებად შეიკრიბნენ. ბევრმა პროგრამა პატერსონში მოისმინა, სხვა ადგილებში კი ამ პროგრამის ვიდეოტრანსლაცია მიმდინარეობდა. მთლიანობაში პროგრამა 9 042 და-ძმამ მოისმინა.

ყველა მოუთმენლად ელოდა ამ დღეს. მისიონერული სკოლა „გალაადის“ სხვა კურსდამთავრებულებისგან განსხვავებით, ამ კლასის კურსდამთავრებულები უკვე მსახურობდნენ სპეციალური სრული დროით მსახურების ამა თუ იმ სფეროში, მაგალითად, ზოგი მსახურობდა ბეთელში, სპეციალურ პიონერად, მიმომსვლელ ზედამხედველად ან მისიონერად, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ამ უკანასკნელთ არ ჰქონდათ გავლილი სკოლა „გალაადის“ სასწავლო კურსი. რას ეტყოდნენ ახალს ამ გამოცდილ მსახურებს?

აუდიტორიას დიდხანს არ მოუწია ლოდინი, ამ კითხვაზე პასუხი რომ გაეგო. დამსწრეთა წინაშე პირველი მოხსენებით იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი და პროგრამის თავმჯდომარე, ძმა გერიტ ლოში, წარდგა. მან კურსდამთავრებულებს შემდეგი კითხვით მიმართა: „მზად ხართ, გამოხვიდეთ დამცველებად?“. მან ახსნა, რომ ქრისტიანები ჭეშმარიტების დამცველები არიან, რაც ყველა ქრისტიანული სწავლების დაცვას ნიშნავს. ჭეშმარიტების სადარაჯოზე დგომაში მხოლოდ ის კი არ იგულისხმება, რომ ხალხს ჭეშმარიტება ვასწავლოთ, არამედ შევაყვაროთ კიდეც.

„როგორ შეგვიძლია გავიგოთ, რომ ჭეშმარიტების მხარეს ვდგავართ?“ — იკითხა ძმა ლოშმა. მან აღნიშნა, რომ ამას არ განსაზღვრავს ხალხის რაოდენობა, რომლებიც ჭეშმარიტებას იღებენ. დღეს მათი რიცხვი, ვინც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობის მხარესაა, მილიონებს ითვლის, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე კი მცირე იყო. მან ჩამოთვალა იმის დამადასტურებელი მტკიცებები, რომ ჭეშმარიტება ნამდვილად ჩვენთანაა: 1) მივყვებით იესოს სწავლებებს, 2) გვიყვარს ერთმანეთი, 3) ვცხოვრობთ ღვთის მაღალზნეობრივი ნორმების თანახმად, 4) არ ვმონაწილეობთ პოლიტიკურ დაპირისპირებებში და 5) ვიწოდებით ღვთის სახელით.

„მიჰყევით მითითებებს და სწორი გზიდან ნუ გადაუხვევთ“

დამსწრეები გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს იმას, თუ რა მოხდებოდა მას შემდეგ, როცა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, ჯეფრი ჯექსონი, სამგზავრო ჩანთით ხელში ავიდა სცენაზე. მისი მოხსენება „მიჰყევით მითითებებს და სწორი გზიდან ნუ გადაუხვევთ“, დაფუძნებული იყო ესაიას 50:5-ზე. ამ მუხლში მოყვანილი სიტყვები მოგვიანებით იესო ქრისტეს უნდა წარმოეთქვა: „მეც არ ვეურჩე; სხვა მხარეს არ შევბრუნებულვარ“.

ძმა ჯექსონმა მოუწოდა კურსდამთავრებულებს, ზედმიწევნით მიჰყოლოდნენ მითითებებს, რომელსაც იეჰოვა მათ წმინდა სულის, ბიბლიისა და თავისი ორგანიზაციის მეშვეობით აძლევს. მათეს 25:14—30-ში ტალანტების შესახებ მოყვანილი იგავის თანახმად, თითოეულ მონას ბატონმა იმდენი რაოდენობის ტალანტი მისცა, რამდენის ბრუნვაში გაშვებასაც შეძლებდნენ. ბატონი მათგან მოელოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ იმისათვის, რომ მოგება ენახათ. ბატონმა ორი მონა შეაქო, რომ „კარგი და ერთგული მონები“ იყვნენ. ერთგულება მაინცდამაინც მიღწეული შედეგით კი არ განისაზღვრება, არამედ იმით, თუ რამდენად ვცდილობთ, მივყვეთ მითითებებს და არ გადავუხვიოთ სწორი გზიდან.

ბატონმა მესამე მონას უთხრა, რომ ბოროტი, ზარმაცი და უვარგისი იყო. ბატონი იმან განარისხა, რომ ამ მონამ ტალანტი მიწაში ჩაფლა. ტალანტი მონეტა კი არა, 6 000 დინარის ღირებულების ფულის ერთეული იყო, რომელიც 20 კილოგრამს იწონიდა. სწორედ ამ წონის ტვირთის გატანა შეგვიძლია მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში მივემგზავრებით. ძალიან დიდი შრომაა საჭირო იმისათვის, რომ ამ წონის სამგზავრო ჩანთა მიწაში ჩაფლა. მონაც სწორედ ასე მოიქცა — მან ჩამარხა ტალანტი და არ მიჰყვა ბატონის მითითებას. მისიონერებიც შეიძლება დაკავებული იყვნენ, მაგრამ საკითხავია, რით იქნებიან დაკავებული?! მათ შეიძლება ბევრი დრო დაუთმონ ახლობლებთან მიმოწერას, ინტერნეტს, მეგობრებთან გართობასა თუ პირად ბიზნესს. ასეთი ადამიანი შესაძლოა დღის ბოლოს მართლაც ქანცგაწყვეტილი იყოს, მაგრამ არა იმ საქმის კეთებით, რაც დავალებული ჰქონდა. ბოლოს ძმა ჯექსონმა მოუწოდა კურსდამთავრებულებს: „ყოველთვის მიჰყევით მითითებებს!“

„ნუ დაეჭვდებით!“

ამ თემაზე ისაუბრა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ენტონი მორისმა. მან აღნიშნა: „ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ შეიძლება გჯეროდეს რაღაცის და, ამავე დროს, ეჭვიც გეპარებოდეს. რწმენა აქარწყლებს ყოველგვარ ეჭვს“. თუკი სატანამ სრულყოფილი ქალის, ევას დაეჭვებაც კი შეძლო, არც ჩვენ შემთხვევაში გაუჭირდება ამის გაკეთება. ძმა მორისმა თქვა: „ასაზრდოეთ თქვენი რწმენა და ეჭვები გაგეფანტებათ“. მან მსმენელებს ყურადღება გაუმახვილა ბიბლიის იმ მონაკვეთზე, რომლის თანახმადაც პეტრე „წყალდაწყალ გაემართა იესოსკენ“, მაგრამ „ქარიშხალმა შეაშინა და ჩაძირვა დაიწყო“. იესომ მას ხელი გაუწოდა, დაიჭირა და ჰკითხა: „რატომ დაეჭვდი?“ (მათე 14:29—31). „მისიონერულ მსახურებაში იმდენად ბევრი საქმე გექნებათ, რომ თქვენი მუხლჩაუხრელი შრომა გარშემომყოფთათვის შეიძლება ისეთივე სასწაულის ტოლფასი იყოს, როგორც წყალდაწყალ სიარული, მაგრამ, როცა ქარიშხალი ამოვარდება, ეჭვი ნუ დაგრევთ ხელს“.

როგორც ძმა მორისმა თქვა, მართალია, ქარიშხლის დროს სვლა არ არის ადვილი, მაგრამ როდესღაც ქარი აუცილებლად ჩადგება. მან მოუწოდა კურსდამთავრებულებს, ქარტეხილის დროს გაეხსენებინათ ფილიპეში დაპატიმრებული პავლე და სილა. საქმეების 16:25-ში ვკითხულობთ: „შუაღამისას პავლე და სილა ლოცულობდნენ და ღმერთს სადიდებელს უმღეროდნენ, პატიმრები კი უსმენდნენ მათ“. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ პავლე და სილა არა მხოლოდ ლოცულობდნენ, არამედ მღეროდნენ კიდეც. ისინი ისე ხმამაღლა მღეროდნენ, რომ სხვა პატიმრებსაც ესმოდათ. როგორც ძმა მორისმა აღნიშნა, ბევრ ჩვენგანს შეიძლება არ გვქონდეს დამუშავებული ხმა, მაგრამ არ უნდა მოგვერიდოს მღერის განსაკუთრებით მაშინ, როცა განსაცდელებს ვხვდებით. ძმა მორისმა თავისი მოხსენება დაასრულა სიტყვებით: „ბოლომდე მოვითმინოთ“. სწორედ ამ სიტყვებითაა დასათაურებული 135-ე სიმღერა სიმღერების წიგნში „უმღერეთ იეჰოვას“.

სხვა გამამხნევებელი მოხსენებები

„გსურთ კარგი დღეების ხილვა?“ — ამ მოხსენებით წარდგა აუდიტორიის წინაშე რობერტ ლუსიონი, რომელიც შესყიდვების განყოფილებაში მსახურობს. მოხსენება აგებული იყო ფსალმუნის 34:12-ზე, სადაც მეფე დავითის სიტყვებია ჩაწერილი. ძმა ლუსიონმა აღნიშნა, თუ როგორ შეგვიძლია თავი გავართვათ სირთულეებს და, ამავდროულად, კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთ იეჰოვასთან. აგრეთვე ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია 1 სამუელის 30-ე თავში მოთხრობილი ამბიდან. როცა დავითი, მისი მსახურები და მათი ოჯახის წევრები მეფე საულს გაექცნენ, ციკლაგს შეაფარეს თავი. მაგრამ როდესაც ამალეკელებმა დავითის მსახურების ოჯახის წევრები ტყვედ წაასხეს, მსახურებმა ამაში დავითი დაადანაშაულეს და მისი ჩაქოლვა მოინდომეს. როგორ მოიქცა დავითი? მან გული კი არ გაიტეხა, არამედ „ღვთით გაიმხნევა თავი“ (1 სამუელი 30:6). მან იეჰოვას სთხოვა ხელმძღვანელობა, შემდეგ ღვთის მითითებისამებრ მოიქცა და ტყვეები დაიხსნა. მომხსენებელმა დაარწმუნა კურსდამთავრებულები, რომ თუ მსგავსად მიენდობოდნენ იეჰოვას და მიჰყვებოდნენ მის მითითებებს, ბევრ კარგ დღეს იხილავდნენ. ეს განსაკუთრებული მსახურება, რომელიც ამ და-ძმებს მიენდოთ, მათ ცხოვრებას მეტ აზრს შესძენდა.

„იფიქრეთ დროზე, როცა ბნელს ნათელი შეცვლის“ — ეს მოხსენება წარმოთქვა სკოლა „გალაადის“ ერთ-ერთმა მასწავლებელმა მაიკლ ბარნეტმა. ისრაელები ღამეს ყოფდნენ სამ გუშაგობად. თითოეული გუშაგობა ოთხ საათს გრძელდებოდა. ბოლო გუშაგობა, რომელიც 2-დან 6 საათამდე გრძელდებოდა, ღამის ყველაზე ცივი და ბნელი მონაკვეთი იყო. ამ დროს განსაკუთრებით რთული იყო სიფხიზლის შენარჩუნება. ფსალმუნმომღერალი იეჰოვას სიტყვებზე ფიქრობდა, რათა ბოლო გუშაგობის დროს არ ჩასძინებოდა (ფსალმუნი 119:148). ძმა ბარნეტმა კურსდამთავრებულებს მიმართა: „თქვენც მოგიწევთ სიფხიზლის შენარჩუნება, რადგან თქვენც დაგიდგებათ შავბნელი დღეები მაშინ, როცა უსიყვარულო ქვეყნიერების სუსხს იგრძნობთ. თქვენ წინასწარ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ გაართვათ თავი სირთულეებს“. შემდეგ მომხსენებელმა შეახსენა კურსდამთავრებულებს, რომ კვლავაც ღრმად გამოეკვლიათ ბიბლიის სწავლებები სულიერი სიფხიზლის შესანარჩუნებლად. ძმა ბარნეტმა კურსდამთავრებულებს მიმართა: „თქვენ ყოველდღე ლოცულობთ იეჰოვას წინაშე, რადგან გსურთ, რომ იგი თქვენი მეგობარი იყოს. ამიტომ, მიეცით იეჰოვას, თქვენს მეგობარს, იმის საშუალება, რომ ყოველდღე ბიბლიის ფურცლებიდან გელაპარაკოთ. მალე სიბნელეს სინათლე შეცვლის. ასე რომ, წინ გაიხედეთ, რადგან მალე გათენდება და ღამის გუშაგობაც დასრულდება!“

„მომზადებულნი საქმისთვის, რომელსაც მომავალში შეასრულებენ“. 1 პეტრეს 5:10-ზე დაფუძნებული ეს მოხსენება სკოლა „გალაადის“ ერთ-ერთმა მასწავლებელმა, მარკ ნიუმარმა, წარმოთქვა. მან ასეთი კითხვით მიმართა კურსდამთავრებულებს: «თქვენ უკვე ხართ გამოცდილი მსახურები. მაშ, რატომღა მოგიწვიეს „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში?». შემდეგ კი თავადვე უპასუხა ამ კითხვას: „რადგან თქვენი საქმის კარგი მცოდნენი ხართ. ბევრი პროფესიონალი დროს გამოყოფს იმისთვის, რომ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს დაესწროს. ბოლო ხუთი თვის მანძილზე იეჰოვამ განგამტკიცათ და გაგაძლიერათ თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით, რათა შეძლოთ თქვენი დავალების პირნათლად შესრულება“. მომხსენებელმა კურსდამთავრებულები შეადარა ხის ბოძებს, რომელზეც შენობა დგას. «ის, თუ რა ისწავლეთ სკოლა „გალაადში“, იქიდან გამოჩნდება, თუ როგორ ითანამშრომლებთ და-ძმებთან. დაივიწყებთ ღვთის პრინციპებს თუ ღვთის სიტყვის შესაბამისად იმოქმედებთ განსაცდელების დროს? ის, რაც გამძლეა, დიდ დატვირთვასაც უძლებს. ხის გამძლეობას განაპირობებს ბოჭკოს სიმტკიცე. თქვენს სიმტკიცეს განსაზღვრავს ის, თუ რამდენად ძლიერი ხართ შინაგანად. იეჰოვამ აქ იმიტომ მოგიწვიათ, რომ გაგაძლიეროთ და განგამტკიცოთ, რათა მომავალში მნიშვნელოვანი საქმე შეასრულოთ. თავის მხრივ იეჰოვამ ყველაფერი გააკეთა. ახლა ჩვენ ვლოცულობთ, რომ თქვენც თქვენი მხრივ ყველაფერი გააკეთოთ და საშუალება მისცეთ დიდებულ მოძღვარს, რომ თქვენი განსწავლა დაასრულოს».

შემთხვევები და ინტერვიუები

ყოველთვის გამამხნევებელია კურსდამთავრებულთა ინტერვიუების მოსმენა და ინსცენირებების ყურება. ამ მხრივ გამონაკლისს არც ეს გამოშვება წარმოადგენდა. კურსდამთავრებულებმა სცენაზე გააცოცხლეს თავიანთი მსახურების შემთხვევები. მაგალითად, ერთ ფრანგ წყვილს, რომლებიც „გალაადში“ სასწავლებლად მიემგზავრებოდნენ, აეროპორტში ექვსი საათი მოუწიათ ლოდინი. აეროპორტის რესტორანში მათ წამოიწყეს საუბარი ორ მამაკაცთან, რომლებიც მათ მსგავსად თავიანთ რეისს ელოდნენ. როცა ერთ-ერთმა აღნიშნა, რომ მალავიდან იყო, წყვილი მას ჩიჩევა ენაზე დაელაპარა. მან გაოცებულმა ჰკითხა, თუ საიდან იცოდნენ მისი ენა. მათ აუხსნეს, რომ მისიონერებად მსახურობდნენ მალავიში. როცა გაიგეს, რომ მეორე მამაკაცი კამერუნიდან იყო, მისდა გასაკვირად ფრანგულად დაელაპარაკნენ. ამ ორივე მამაკაცს კარგი შთაბეჭდილება შეექმნა იეჰოვას მოწმეებზე და მისიონერებსაც მათთან ქადაგების შესაძლებლობა მიეცათ.

ნიკოლას ახლადისმა, რომელიც მთარგმნელთა მომსახურების განყოფილებაში მსახურობს, ინტერვიუ აიღო ორი წყვილისგან. ერთი წყვილი, მისიონერად რომ ემსახურათ, ავსტრალიიდან აღმოსავლეთ ტიმორში გადავიდა, სადაც ომი მძვინვარებდა. მეორე წყვილი კი კორეიდან ჰონკონგში გადავიდა. ორივე წყვილი მზად იყო, დაბრუნებულიყო ამავე ქვეყნებში, რათა სკოლაში ნასწავლი გამოეყენებინათ.

დიპლომების გადაცემის შემდეგ ერთმა კურსდამთავრებულებმა კლასის სახელით სამადლობელი წერილი წაიკითხა. ძმა ლოშმა დასკვნით მოხსენებაში ლამაზი მხატვრული შედარებები გამოიყენა. მაგალითად, მან ჭეშმარიტება შეადარა მშვენიერ ცისარტყელას, ოაზისს უდაბნოში და ღუზას აბობოქრებულ ზღვაში. მომხსენებელმა თქვა: „ჭეშმარიტების ცოდნა მართლაც დიდი ბედნიერებაა! იყავით ჭეშმარიტების დამცველები და სხვებსაც დაეხმარეთ, დადგნენ მის სადარაჯოზე!“

[დიაგრამა/რუკა 31 გვერდზე]

კლასის სტატისტიკა

ქვეყნების რაოდენობა, საიდანაც მისიონერები არიან: 12;

საშუალო ასაკი: 36;

მონათვლის შემდეგ მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 20;

სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 15.

[რუკა]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ქვემოთ ჩამოთვლილია ქვეყნები, სადაც მისიონერები გაიგზავნენ:

ქვეყნები, სადაც მისიონერები იმსახურებენ

ბელიზი

ბენინი

კამბოჯა

კამერუნი

კაბო-ვერდე

კოტ-დ’ივუარი

დომინიკელთა რესპუბლიკა

აღმოსავლეთი ტიმორი

ეკვადორი

გაბონი

საქართველო

გვინეა

ჰონკონგი

ლიბერია

მადაგასკარი

მალავი

პერუ

სამოა

სან-ტომე და პრინსიპი

ამერიკის შეერთებული შტატები

ზიმბაბვე

[სურათი 31 გვერდზე]

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 132-ე კლასის გამოშვება

რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ:

1) რ. იაპი, ჯ. იაპი, ტ. ნგი, პ. ნგი, ფ. ლაურინო, ბ. ლაურინო, ს. ვონი, ს. ვონი;

2) ნ. მორალესი, მ. მორალესი, ჯ. ზანუტო, მ. ზანუტო, ი. რამფი, ჯ. რამფი, დ. ჟერმენი, ნ. ჟერმენი;

3) ი. აჩადე, ი. აჩადე, კ. ტომასი, ე. ტომასი, ს. ესტიჟენი, პ. ესტიჟენი;

4) დ. ერმანი, ა. ერმანი, ჯ. ბრეი, ა. ბრეი, მ. ამორიმი, დ. ამორიმი, ი. სეო, ი. სეო;

5) ჟ. საიმონი, კ. საიმონი, კ. სიალი, დ. სიალი, ჯ. ერიქსონი, რ. ერიქსონი;

6) დ. მაკკლასკი, თ. მაკკლასკი, ა. ბრაუნი, ვ. ბრაუნი, დ. მარიანო, ს. მარიანო, ი. ლოიოლა, ხ. ლოიოლა;

7) პ. რატგერსი, ნ. რატგერსი, პ. ფუკო, შ. ფუკო, ჯ. ვუნჯა, ე. ვუნჯა.