არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საუბრები ბიბლიურ თემებზე

აწამებს ღმერთი ადამიანებს ჯოჯოხეთის ცეცხლში?

აწამებს ღმერთი ადამიანებს ჯოჯოხეთის ცეცხლში?

იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით ესაუბრებიან ადამიანებს ბიბლიურ საკითხებზე. გაგჩენიათ ბიბლიური კითხვები, რომლებზეც ისურვებდით პასუხის მიღებას? გაინტერესებთ, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს? თუ ასეა, ჰკითხეთ მათ, როცა შეხვდებით. ისინი დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებიან.

ქვემოთ მოყვანილია იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს საუბარი. წარმოიდგინეთ, რომ ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად ლაშა, ესაუბრება ერთ მამაკაცს, ლევანს.

დასჯის ღმერთი ბოროტ ადამიანებს?

ლაშა: მიხარია, რომ კვლავ შევხვდით ერთმანეთს, ლევან.

ლევანი: მეც მიხარია თქვენი ნახვა.

ლაშა: გახსოვთ, წინა შეხვედრაზე რაზე ვისაუბრეთ?

ლევანი: აბა, შემახსენეთ.

ლაშა: თქვენ ძალიან გაგაკვირვათ იმ ფაქტმა, რომ იეჰოვას მოწმეები უარყოფენ ჯოჯოხეთის არსებობას.

ლევანი: ამ ფაქტმა მართლა გამაკვირვა. სიმართლე რომ გითხრათ, ბოლომდე ვერც კი ვიჯერებ, რომ ეს არ გწამთ.

ლაშა: მადლობა ასეთი გულწრფელობისთვის. ყოველთვის ვინტერესდები სხვების აზრით. ვინაიდან ჯოჯოხეთზე ამდენი შეხედულება არსებობს, შეგიძლიათ ამიხსნათ, რას ნიშნავს ჯოჯოხეთი?

ლევანი: მჯერა, რომ ბოროტი ადამიანები სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთის ცეცხლში მარადიულად დაიტანჯებიან.

ლაშა: ეს ფართოდ გავრცელებული შეხედულებაა. ლევან, ერთი რამ მინდა გკითხოთ: თქვენს ცხოვრებაში ხომ არ დატრიალებულა ტრაგედია?

ლევანი: კი, ხუთი წლის წინ და მომიკლეს.

ლაშა: ძალიან ვწუხვარ. ალბათ, ძალიან გენატრებათ.

ლევანი: კი, ძალიან მაკლია. ყოველდღე მეფიქრება მასზე.

ლაშა: ზოგს მართლა უნდა დაიჯეროს, რომ ჯოჯოხეთი არსებობს, რადგან ბოროტმა ადამიანებმა მათ დიდი ტკივილი მიაყენეს. უდანაშაულო ხალხს ძლიერ სურს, რომ ბოროტებმა პასუხი აგონ თავიანთ საქციელზე.

ლევანი: მართალი ხართ. ძალიან მინდა, რომ საკადრისად ზღოს იმ კაცმა, რომელსაც ჩემი დის სისხლით აქვს ხელი გასვრილი.

ლაშა: ეს ბუნებრივია. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთიც რისხდება, როცა უდანაშაულო ხალხი ბოროტების მსხვერპლი ხდება და გვპირდება კიდეც, რომ დასჯის ბოროტებს. ყურადღება მიაქციეთ, რა წერია ესაიას 3:11-ში: „ვაი ბოროტს! უბედურება მას, რადგან თავისი ხელის ნამოქმედარისამებრ მიეზღვება!“ ასე რომ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი დაუსჯელს არ დატოვებს ბოროტებს.

ლევანი: მაგრამ როგორ დასჯის ღმერთი ბოროტებს, თუ არ არსებობს ჯოჯოხეთი?

ლაშა: კარგი კითხვაა. მოკლედ რომ ვთქვათ, ღმერთი ერთხელ და სამუდამოდ მოუღებს ბოროტებას ბოლოს. ვნახოთ, რა წერია 2 თესალონიკელების 1:9-ში. შეგიძლიათ წაიკითხოთ?

ლევანი: რა თქმა უნდა. „ისინი სასჯელად მარადიულ განადგურებას მიიღებენ, გაქრებიან უფლის სახისგან და მისი ძლიერების დიდებისგან“.

ლაშა: ამ მუხლიდან ჩანს, რომ სიკვდილის შემდეგ არანაირი იმედი არ არსებობს ბოროტებისთვის, რადგან ღმერთი მათ ერთხელ და სამუდამოდ გაანადგურებს. მათ მომავალი არ აქვთ.

ლევანი: მუხლის აზრი კი გავიგე, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ეს უსამართლობაა. რადგანაც ყველა კვდება, ნუთუ უფრო მეტად არ უნდა დაისაჯონ ბოროტები?

სამართლიანად გამოაქვს ღმერთს განაჩენი?

ლაშა: ვხედავ, რომ თქვენ გულწრფელად გაღელვებთ დღევანდელი უსამართლობა.

ლევანი: მართლა ძალიან მაღელვებს.

ლაშა: ამისთვის შექებას იმსახურებთ. ადამიანებს ღმერთმა მისცა კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი. ამიტომ, მასაც აღელვებს უსამართლობა. მაგრამ რელიგიური წინამძღოლები ასწავლიან, რომ იგი ადამიანებს ჯოჯოხეთის ცეცხლში აწამებს და ამგვარად ისინი ღმერთს ძალიან უსამართლო პიროვნებად წარმოაჩენენ.

ლევანი: რას გულისხმობთ?

ლაშა: თუ ნებას მომცემთ, ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ნაცნობია თქვენთვის ადამისა და ევას ისტორია?

ლევანი: რასაკვირველია. ღმერთმა უთხრა მათ, რომ არ ეჭამათ აკრძალული ხის ნაყოფი, მათ კი არ დაუჯერეს.

ლაშა: მართალი ხართ. მოდი, ერთად წავიკითხოთ ეს მონაკვეთი ბიბლიიდან. დაბადების 2:16, 17-ში ვკითხულობთ: «უბრძანა იეჰოვა ღმერთმა კაცს: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“». ღვთის სიტყვების თანახმად, რა მოხდებოდა, თუ ადამი შეჭამდა აკრძალულ ხილს?

ლევანი: ღმერთმა თქვა, რომ ადამი მოკვდებოდა.

ლაშა: მართალია. ადამის შეცოდების შედეგად ადამიანები ცოდვილები იბადებიან. * მაგრამ უთხრა ღმერთმა ადამს რაიმე იმის შესახებ, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიტანჯებოდა?

ლევანი: არა.

ლაშა: მაგრამ თუ ადამი და ევა მარადიულად დაიტანჯებოდნენ ჯოჯოხეთში, ნუთუ არ უნდა გაეფრთხილებინა ღმერთს ამის შესახებ? და თუ არ გააფრთხილებდა, გამოავლენდა ამით მათ მიმართ სიყვარულსა და სამართლიანობას?

ლევანი: რასაკვირველია, არა.

ლაშა: იმასაც მიაქციეთ ყურადღება, თუ რა უთხრა ღმერთმა ადამსა და ევას შეცოდების შემდეგ. თუ შეიძლება, წაიკითხეთ დაბადების 3:19.

ლევანი: „პიროფლიანი შეჭამ პურს, სანამ მიწას დაუბრუნდები, რადგან მისგან ხარ აღებული; მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“.

ლაშა: მადლობა. ღვთის სიტყვის თანახმად, რას დაუბრუნდებოდა ადამი?

ლევანი: ღმერთმა უთხრა ადამს, რომ მიწის მტვრად იქცეოდა.

ლაშა: ზუსტად ასეა. განა არ მეთანხმებით — რაიმე რომ თავის ძველ მდგომარეობას დაუბრუნდეს, თავდაპირველად ამ მდგომარეობაში უნდა იყოს?

ლევანი: თავისთავად.

ლაშა: მაშ სად იყო ადამი, სანამ ღმერთი შექმნიდა?

ლევანი: იგი არ არსებობდა.

ლაშა: მართალია. თქვენ, ალბათ, შენიშნეთ, რომ იმ დროს, როცა ღმერთს განაჩენი გამოჰქონდა ადამისა და ევასთვის, გაკვრითაც კი არ უხსენებია, რომ მათ ჯოჯოხეთის ცეცხლში აწამებდა. იქნებოდა ღვთის მხრიდან სამართლიანი, ჯერ ეთქვა ადამისთვის, რომ მიწის მტვერს დაუბრუნდებოდა და შემდეგ ცეცხლოვან ჯოჯოხეთში გაეშვა საწამებლად?

ლევანი: ნამდვილად არ იქნებოდა სამართლიანი.

ღვთის ნებას ასრულებს ეშმაკი?

ლაშა: შეგვიძლია კიდევ ერთ საკითხზე ვიმსჯელოთ, რაც ჯოჯოხეთის შესახებ სწავლებას ეხება.

ლევანი: კერძოდ რაზე?

ლაშა: ხალხის აზრით, ვინ აწამებს ადამიანებს ჯოჯოხეთის ცეცხლში?

ლევანი: ეშმაკი.

ლაშა: მაგრამ ეშმაკი ხომ ღვთის დაუძინებელი მტერია. თუ ღმერთი ადამიანებს ეშმაკის ხელით აწამებს ჯოჯოხეთის ცეცხლში, ეს იმაზე ხომ არ მოწმობს, რომ ის და ღმერთი მოკავშირეები არიან და ერთ საქმეს ემსახურებიან?

ლევანი: საინტერესოა, ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ.

ლაშა: თქვენ ხომ მამა ხართ?

ლევანი: დიახ, გახლავართ. 15 წლის ვაჟი მყავს.

ლაშა: დავუშვათ, თქვენი ვაჟი არაფერში გემორჩილებათ. ხშირად თავისი საქციელით გულს გტკენთ. რას გააკეთებდით?

ლევანი: შევეცდებოდი მის გამოსწორებას.

ლაშა: დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებდით იმისათვის, რომ თქვენი შვილი ცუდ გზას არ დასდგომოდა.

ლევანი: სრულებით გეთანხმებით.

ლაშა: დავუშვათ, ყველაფერს აკეთებთ, რაც კი შეგიძლიათ, მაგრამ თქვენი შვილი ხელს გკრავთ. ისღა დაგრჩენიათ, რომ დასაჯოთ.

ლევანი: მართალი ხართ.

ლაშა: მაგრამ რას გააკეთებდით, თუ გაიგებდით, რომ ვიღაც ბოროტი კაცი ცუდ გავლენას ახდენს თქვენს შვილზე და ყოველგვარ უმსგავსობას ასწავლის?

ლევანი: ამ შემთხვევაში ამ კაცს მოვკითხავდი პასუხს.

ლაშა: ეს მაგალითი იმიტომ მოგიყვანეთ, რომ ამ დასკვნამდე მისულიყავით. თქვენ რომ იცოდეთ, რომ ვიღაც ბოროტი და უზნეო კაცი თქვენს შვილს თქვენ წინააღმდეგ განაწყობს, ნუთუ მას მისცემდით თქვენი შვილის დასჯის უფლებას?

ლევანი: რასაკვირველია, არა. ეს წარმოუდგენელია. ამას არც ერთი საღად მოაზროვნე მშობელი არ იზამდა.

ლაშა: ნუთუ ღმერთი სატანას — მას, ვინც გაბოროტებულ ხალხს თავის გავლენაში აქცევს — დაავალებდა ამავე ხალხის დასჯას?

ლევანი: არა მგონია.

ლაშა: თუ ღმერთს სურდა ბოროტების დასჯა, რაღა ეშმაკს, თავის დაუძინებელ მტერს, აირჩევდა საკუთარი სამართლის აღსასრულებლად?

ლევანი: არასდროს მიფიქრია ამ საკითხზე.

იეჰოვა ბოლოს მოუღებს ბოროტებას

ლაშა: შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ღმერთი გამოუსწორებელი ბოროტების წინააღმდეგ ზომებს მიიღებს. მოდი, ერთად წავიკითხოთ კიდევ ერთი მუხლი, რომელიც ამაში დაგვარწმუნებს. შეგიძლიათ წაიკითხოთ ფსალმუნის 37:9?

ლევანი: კარგი. „ბოროტმოქმედნი მოისპობიან, იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას“.

ლაშა: მადლობა. შენიშნეთ, რა ზომებს მიიღებს იეჰოვა ღმერთი ბოროტების წინააღმდეგ?

ლევანი: ამ მუხლიდან ჩანს, რომ ღმერთი ბოროტმოქმედებს მოსპობს.

ლაშა: მართალი ხართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი ერთხელ და სამუდამოდ მოუღებს მათ ბოლოს. მაგრამ კარგი ადამიანები, „იეჰოვაზე დაიმედებულნი“, მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე. ბუნებრივია, სხვა კითხვებიც გაგიჩნდებათ. მაგალითად, რატომ არ სპობს დღესვე ღმერთი ბოროტებას და რატომ არ სჯის ბოროტ ადამიანებს?

ლევანი: კარგი კითხვებია.

ლაშა: მოდი, ამის შესახებ შემდეგი შეხვედრის დროს ბიბლიის დახმარებით გიპასუხებთ. *

ლევანი: კარგი, დაგელოდებით.

^ აბზ. 79 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-11 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.