არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

როგორ გახდა კარგი ქმარი და მამა ერთი მამაკაცი, რომელსაც არ ჰქონია დალხენილი ბავშვობა? რამ უბიძგა ერთ ქალს, მიეტოვებინა ცხოვრების უზნეო წესი? აი, რას გვიყვებიან თავად ისინი.

„თავს უღირსად ვგრძნობდი“ — ვიქტორ უგო ერერა

  • დაბადების წელი: 1974

  • ქვეყანა: ჩილე

  • წარსულში: ლოთი

მოკლე ბიოგრაფია:

დავიბადე ჩილეს ულამაზეს სამხრეთში მდებარე ქალაქ ანგოლში. მამა არასდროს მინახავს. სამი წლის ვიყავი, როცა დედასთან და ძმასთან ერთად დედაქალაქ სანტიაგოში გადავედით საცხოვრებლად. დავსახლდით ერთ პატარა ოთახში, რომელიც უსახლკაროთათვის განკუთვნილ ბარაკში იყო განთავსებული. ეზოში მოწყობილი საერთო საპირფარეშოთი ვსარგებლობდით და წყალს სახანძრო ჰიდრანტიდან (ონკანი) ვსვამდით.

დაახლოებით ორი წლის შემდეგ მთავრობამ პატარა სახლი გამოგვიყო. სამწუხაროდ, ჩვენი ახალი მეზობლები ნარკომანები, ლოთები, ბოროტმოქმედები და მეძავები იყვნენ.

ერთ დღეს დედამ ერთი მამაკაცი გაიცნო, რომელსაც მოგვიანებით ცოლად გაჰყვა. ჩემი მამინაცვალი ლოთი იყო. ის მე და დედას გვცემდა. მარტოდარჩენილს ხშირად მიტირია, რადგან ისეთ მამაზე ვოცნებობდი, რომელიც დამიცავდა.

დედა ჩვენ შესანახად წელებზე ფეხს იდგამდა, მაგრამ მაინც ძალიან გვიჭირდა. როცა მშივრები ვიყავით, წყალში ვხსნიდით რძის ფხვნილს, შაქარს ვამატებდით და მთელი დღე ასე გაგვქონდა თავი. როცა გართობა მოგვინდებოდა, მე და ჩემი ძმა მეზობლის ფანჯარასთან მივცუცქდებოდით და ჩუმად ვუყურებდით ტელევიზორს. მაგრამ ერთ დღესაც მეზობელმა გამოგვიჭირა და ჩვენს გართობასაც დაესვა წერტილი.

როდესაც მამინაცვალი ფხიზელი იყო, რაც იშვიათად ხდებოდა, მე და ჩემი ძმისთვის საჭმელს ყიდულობდა. ერთხელაც პატარა ტელევიზორი გვიყიდა. სულ რამდენიმე ბედნიერი დღე მახსოვს ჩემი ბავშვობიდან და ეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი დღე იყო.

კითხვა 12 წლისამ ვისწავლე. ერთ წელიწადში სკოლიდან გამოვედი და სრულ განაკვეთზე დავიწყე მუშაობა. სამუშაოს შემდეგ თანამშრომლებთან ერთად წვეულებებზე დავდიოდი, სადაც უზომოდ ვსვამდით და ნარკოტიკებს ვიღებდით. მალე ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე გავხდი დამოკიდებული.

როცა 20 წლის გავხდი, ერთი გოგონა, კატი, გავიცანი, რომელზეც დავქორწინდი. თავდაპირველად ყველაფერი კარგად აგვეწყო, მაგრამ მალე ძველი ცხოვრების წესს დავუბრუნდი. არც მანამდე ვიყავი თითით საჩვენებელი, მაგრამ მერე სულ წყალწაღებული გავხდი. ვფიქრობდი, რომ ან ციხეში ამოვყოფდი თავს ან ნარკოტიკის გადამეტებული დოზა შემიწირავდა. კიდევ უფრო უარესი ის იყო, რომ ჩემს ვაჟს, ვიქტორს, ისევე ვუმწარებდი სიცოცხლეს, როგორც მე გამიმწარეს ბავშვობა. საკუთარ თავზე გაბრაზებული ვიყავი და თავს უღირსად ვგრძნობდი.

2001 წელს იეჰოვას ორმა მოწმემ მოგვინახულა და კატიმ მათთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. იგი ყოველთვის მიზიარებდა ნასწავლს. ცნობისმოყვარეობის გამო მეც დავიწყე ბიბლიის შესწავლა. 2003 წელს კატი მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

ერთ დღეს რუთის 2:12 წავიკითხე, სადაც ნათქვამია, რომ იეჰოვა აჯილდოებს მათ, ვინც რწმენით მოქმედებს და მის ფრთებქვეშ ეძებს თავშესაფარს. მივხვდი, რომ თუ საკუთარ თავში ცვლილებებს მოვახდენდი, ღმერთს გულს გავუხარებდი და სანაცვლოდ მისგან კურთხევებს მივიღებდი. ბიბლიის არაერთ მონაკვეთში ხაზგასმულია, რომ ღმერთი არ იწყნარებს ლოთობას, რაც ნამდვილად არ დამრჩენია შეუმჩნეველი. ჩემზე განსაკუთრებით 2 კორინთელების 7:1-ში ჩაწერილმა იმოქმედა: „განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს“. ამიტომ გადავწყვიტე, მომეცილებინა ცუდი ჩვევები. თავიდან ძალიან გამიჭირდა — ხასიათი კიდევ უფრო დამიმძიმდა. მალე გამოვდიოდი წყობიდან, მაგრამ კატი ყოველთვის მხარში მედგა.

საბოლოოდ სამუშაოდან წამოვედი, რადგან იქ მოწევისა და დალევის დიდი ცდუნების წინაშე ვიყავი. მართალია, უმუშევრობის გამო შემოსავალი შეგვიმცირდა, მაგრამ ბიბლიის შესწავლისთვის მეტი დრო გამომიჩნდა. სწორედ ამ დროს დავიწყე სულიერად ზრდა. კატი არასდროს ითხოვდა, რომ მატერიალურად წელში გავმართულიყავით და არც ხელმოკლეობაში ცხოვრების გამო მსაყვედურობდა. ძალიან მადლიერი ვარ მისი ასეთი სიყვარულისა და მხარდაჭერის გამო.

თანდათანობით უფრო დავუახლოვდი იეჰოვას მოწმეებს. მათ დამანახვეს, რა იყო იეჰოვას მთავარი — მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, რომ რომ დიდად განათლებული არ ვიყავი. ის იმიტომ მაფასებდა, რომ მისი მსახურების გულწრფელი სურვილი მქონდა. სიყვარულმა და ერთობამ, რომელიც ქრისტიანულ კრებაში არსებობდა, ჩვენს ოჯახზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ არსად გვინახავს ისეთი მშვიდობა, რომელიც ამ ხალხში სუფევდა. 2004 წელს მეც მოვინათლე.

კურთხევები:

თავად დავრწმუნდი ესაიას 48:17-ში ჩაწერილი სიტყვების უტყუარობაში: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ“. დედაჩემი და ჩემი ძმა იმდენად აღფრთოვანდნენ იმ ცვლილებებით, რომელიც ჩემში დაინახეს, რომ თავადაც დაიწყეს შესწავლა. მეზობლებიც კი ვერ მალავენ სიხარულს, როცა ხედავენ, როგორ შევიცვალე და რა ბედნიერი ოჯახი მყავს დღეს.

გვერდში მიდგას მეუღლე, რომელსაც უყვარს ღმერთი და ცხოვრების საიმედო თანამგზავრად და მეგობრად მთვლის. მართალია, მამა არასდროს მყოლია, მაგრამ ბიბლიამ მასწავლა, როგორ გავუწიო საუკეთესო მამობა ჩემს სამ ვაჟს. საპასუხოდ მათგანაც სიყვარულს ვგრძნობ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი იეჰოვას რეალურ პიროვნებად მიიჩნევენ და მისადმი სიყვარულს იღრმავებენ.

„მართალია, მამა არ მახსოვს, მაგრამ ბიბლიამ მასწავლა, როგორ გავუწიო საუკეთესო მამობა ჩემს სამ ვაჟს“

ძალიან მადლიერი ვარ იმის გამო, რომ მძიმე ბავშვობის მიუხედავად, იეჰოვას წყალობით დღეს ბედნიერი ვარ!

„ერთი კაპასი და ანჩხლი გოგო ვიყავი“ — ნაბიჰა ლაზაროვა

  • დაბადების წელი: 1974

  • ქვეყანა: ბულგარეთი

  • წარსულში: ნარკოტიკებით მოვაჭრე

მოკლე ბიოგრაფია:

დავიბადე ქალაქ სოფიაში (ბულგარეთი). ჩემი ოჯახი საშუალო ფენას მიეკუთვნებოდა. 6 წლის ვიყავი, როცა მამამ მიგვატოვა, რაც ჩემთვის დიდი შოკი იყო. საშინელი ემოციური დარტყმა მივიღე. თავს მიტოვებულად ვგრძნობდი და ვფიქრობდი, რომ სიყვარულის ღირსი არ ვიყავი. ამ ყველაფერმა გამაბოროტა და როცა გავიზარდე, კაპასი და ანჩხლი გოგო გავხდი.

14 წლის ასაკში პირველად გავიქეცი სახლიდან. დედასა და პაპა-ბებიას ხშირად ვპარავდი ფულს. ჩემი ფიცხი ხასიათის გამო სკოლაში პრობლემები მექმნებოდა. სწორედ ამიტომ, სულ რამდენიმე წელში ხუთი სკოლა გამოვიცვალე. სკოლის ატესტატის მიღებამდე სამი წელი იყო დარჩენილი, როცა სწავლას თავი დავანებე. უზნეო ცხოვრებას მივყავი ხელი. დავიწყე სიგარეტისა და მარიხუანას წევა. სულ წვეულებებზე დავდიოდი და უზომოდ ვსვამდი. ნარკოტიკებით ვაჭრობაშიც ჩავები. ცხოვრების აზრს ვერ ვხედავდი ქვეყნიერებაში, სადაც ხალხი იტანჯებოდა და კვდებოდა. ამიტომ, არაფერს ვიკლებდი და ყოველ დღეს განცხრომაში ვატარებდი.

1998 წელს, როცა 24 წლის ვიყავი, სან-პაულუს (ბრაზილია) აეროპორტში დამაკავეს, რადგან კონტრაბანდის სახით გადამქონდა ნარკოტიკები და ოთხი წელი მომისაჯეს.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

2000 წელს იეჰოვას მოწმეებმა ჩვენს ციხეში დაიწყეს ქადაგება; ისინი კვირაში ერთხელ გვაკითხავდნენ. ერთი მოწმე, მარინესი ძალიან თბილად მექცეოდა. მან ბიბლიის შესწავლის სურვილი გამიღვიძა. რადგანაც მანამდე იეჰოვას მოწმეებზე არაფერი მსმენოდა, სხვა პატიმრებს გამოვკითხე, რა აზრის იყვნენ მათზე. ჩემდა გასაკვირად, უმეტესობას გულზე დიდად არ ეხატებოდა ისინი. ერთმა პატიმარმა ისიც კი მირჩია, რომ ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი გავმხდარიყავი, ოღონდაც იეჰოვას მოწმეებთან არ დამეჭირა საქმე. მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო მეტი ცნობისმოყვარეობა გააღვიძა ჩემში. მაინტერესებდა, რატომ სძულდა ასე ძალიან ხალხს იეჰოვას მოწმეები. მივხვდი, რომ ისინი იმიტომ ჰყავდათ მოძულებული, რომ ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები იყვნენ. ბოლოს და ბოლოს, ბიბლია ხომ ამბობს, რომ იესოს ყველა ჭეშმარიტი მიმდევარი დევნილი იქნებოდა (2 ტიმოთე 3:12).

სწორედ ამ დროს ციხის ადმინისტრაციულ შენობაში დავიწყე მუშაობა. ერთ დღეს საწყობში რამდენიმე ყუთს წავაწყდი, რომლებშიც „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის * ძველი ნომრები ელაგა. ჟურნალები ჩემს საკანში წავიღე და კითხვას შევუდექი. რაც უფრო მეტს ვკითხულობდი, მით მეტად მეუფლებოდა ისეთი გრძნობა, რომ თითქოს ხრიოკ უდაბნოში კამკამა წყლით სავსე ჭას მივაგენი. ვინაიდან დრო თავზე საყრელად მქონდა, ბიბლიას ყოველდღე საათობით ვკითხულობდი.

ერთ დღეს ციხის ადმინისტრაციაში დამიბარეს. იმედი მქონდა, რომ გამათავისუფლებდნენ. ამიტომ, საჩქაროდ შევაგროვე ჩემი ნივთები, პატიმრებს დავემშვიდობე და სწრაფი ნაბიჯით გავეშურე ადმინისტრაციული შენობისკენ. როცა ადგილზე მივედი, მითხრეს, რომ ჩემ წინააღმდეგ მორიგი საქმე იყო აღძრული ყალბი საბუთების შენახვა-გამოყენებასთან დაკავშირებით. შედეგად, კიდევ ორი წელი მომისაჯეს.

თავიდან ამის გაგებამ გამანადგურა. რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ კი გავაცნობიერე, რომ ზოგი ჭირი მარგებელია. მართალია, უკვე ბევრი რამ ვიცოდი ბიბლიიდან, მაგრამ გათავისუფლების შემთხვევაში კვლავ ცხოვრების ძველ წესს მივყოფდი ხელს, რადგან გულის სიღრმეში სწორედ ეს მსურდა. ცვლილებების მოსახდენად მეტი დრო მჭირდებოდა.

ხანდახან მეგონა, რომ ღმერთი არასდროს ჩამთვლიდა თავისი თაყვანისცემის ღირსად. ბიბლიის ისეთ მონაკვეთებზე დავიწყე ფიქრი, როგორიცაა 1 კორინთელების 6:9—11. ამ მუხლებიდან ჩანს, რომ ახ. წ. I საუკუნეში ზოგი ქრისტიანი ყოფილი ქურდი, ლოთი და გამომძალველი იყო. მათ იეჰოვას დახმარებით შეიცვალეს ცხოვრების წესი. მათი მაგალითით ძლიერ გავმხნევდი.

ზოგი მანკიერი მხარე ადვილად მოვიცილე. მაგალითად, ნარკოტიკების მონობას ადვილად დავაღწიე თავი, რასაც ვერ ვიტყვი თამბაქოზე. წელიწადზე მეტი ვებრძოდი მოწევის დაუოკებელ სურვილს და საბოლოოდ დავძლიე ეს მავნე ჩვევა. ერთი, რაც დამეხმარა სიგარეტის გადაგდებაში, იმ არასასურველ შედეგებზე მეტის გაგება იყო, თუ როგორ აუარესებს მოწევა ჯანმრთელობას. ყველაზე მეტად კი ამაში დაჟინებული ლოცვა დამეხმარა.

„ვიპოვე საუკეთესო მამა, რომელიც არასდროს მიმატოვებდა“

რაც უფრო ვუახლოვდებოდი იეჰოვას, მით უფრო ნაკლებად მაწუხებდა უღირსობის გრძნობა, რომელსაც მას შემდეგ ვებრძოდი, რაც მამამ მიგვატოვა. ფსალმუნის 27:10-ში ჩაწერილი სიტყვები გულზე მალამოდ დამედო: „დედ-მამასაც რომ მივეტოვებინე, იეჰოვა ამიყვანდა“. მივხვდი, რომ ვიპოვე საუკეთესო მამა, რომელიც არასდროს მიმატოვებდა. ახლა უკვე ჩემმა ცხოვრებამ აზრი შეიძინა. ციხის დატოვებიდან, სულ რაღაც, ექვსი თვის შემდეგ, 2004 წლის აპრილში, მოვინათლე და იეჰოვას მოწმე გავხდი.

კურთხევები:

დღეს ბედნიერი ქალი ვარ. უკვე აღარ ვარ მავნე ჩვევების მონა და ბევრად უკეთესი ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობა მაქვს, ვიდრე ახალგაზრდულ წლებში მქონდა. დღეს ბედნიერი ოჯახი მაქვს და ჩემს ზეციერ მამასთან, იეჰოვასთანაც, ახლო ურთიერთობა მაქვს. მის თაყვანისმცემლებს შორის ბევრი მამა, დედა, ძმა თუ და ვპოვე (მარკოზი 10:29, 30). მადლიერი ვარ მათი, რომ ჩემში ჯერ კიდევ მაშინ შენიშნეს სულიერი ზრდის პოტენციალი, როცა თავად მიჭირდა ამის დანახვა.

ჩემი წარსულის გამო დროდადრო კვლავ მქენჯნის სინდისი. მაგრამ მანუგეშებს იმის ცოდნა, რომ ღვთის დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში წარსულის ცუდი მოგონებები აღარ გაგვახსენდება (ესაია 65:17). მანამდე კი შევეცდები, ჩემი გამოცდილებით დავეხმარო და თანავუგრძნო მათ, ვისაც ისეთივე სირთულეებთან უხდებათ ჭიდილი, როგორსაც ერთ დროს თავად ვებრძოდი. შეიძლება ითქვას, რომ წარსული გამოცდილება რაღაც კუთხით მართლაც მეხმარება. მაგალითად, როცა მსახურების დროს ვხვდები ნარკომანებს, ლოთებსა და ბოროტმოქმედებს, გაცილებით მიადვილდება მათთან საუბარი და არც წინასწარაკვიატებული აზრი მიშლის ხელს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ მე შევძელი ცვლილების მოხდენა და იეჰოვას გული გავუხარე, სხვა ნებისმიერიც შეძლებს!

^ აბზ. 29 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.