პირველი საუკუნის ქრისტიანთა ყოფა-ცხოვრება — მწყემსი
„მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას. თავისი მკლავით შეაგროვებს ბატკნებს და უბით ატარებს მათ“ (ესაია 40:11).
მთელ ბიბლიაში, წიგნ „დაბადებიდან“ „გამოცხადების“ ჩათვლით, მწყემსი საკმაოდ ხშირად არის მოხსენიებული (დაბადება 4:2; გამოცხადება 12:5). ყველასთვის კარგად ცნობილი ადამიანები — აბრაამი, მოსე და მეფე დავითი — მწყემსები იყვნენ. ფსალმუნმომღერალი დავითი მხატვრულად აღწერს, თუ რა საზრუნავი და საფიქრალი ჰქონდა კარგ მწყემსს. ასაფის ფსალმუნში დავითი ღვთის ხალხის მწყემსად არის მოხსენიებული (ფსალმუნი 78:70—72).
მოგვიანებით, იესოს დროსაც, მწყემსის საქმიანობა დიდად ფასობდა. იესომ საკუთარ თავს „კარგი მწყემსი“ უწოდა და სწავლების მიზნითაც ხშირად უსვამდა ხაზს იმ თვისებებს, რომელიც კარგ მწყემსს ჰქონდა (იოანე 10:2—4, 11). ბიბლიაში თავად ყოვლისშემძლე ღმერთი, იეჰოვაც, მწყემსს არის შედარებული (ესაია 40:10, 11; ფსალმუნი 23:1—4).
რომელი ცხოველები ებარა მწყემსს? რას მოიცავდა მისი საქმიანობა? რისი სწავლა შეგვიძლია მუყაითი მწყემსისგან?
ცხვრები და თხები
ძველად ისრაელში ცხვრის სხვა ჯიშებთან ერთად მწყემსს ფარაში სირიული ყარაკულის ცხვარიც ჰყავდა, რომელსაც დიდი დუმა და სქელი მატყლი ჰქონდა. ამ ჯიშის ვერძებს (მამალი ცხვარი) რქები აქვთ, ნერბებს (დედალი ცხვარი) კი — არა. ეს ცხვარი მორჩილი, სუსტი და მტაცებელი ცხოველებისგან სრულიად დაუცველი იყო.
მწყემსს ფარაში თხებიც ჰყავდა. ისინი ყავისფერები ან შავები იყვნენ. თხებს გრძელი ბარტყუნა ყურები ადვილად ეხეოდათ ეკლებზე, როცა კლდე-ღრეში ასკილისა თუ სხვა ეკლიან ბუჩქებში დაძვრებოდნენ.
მწყემსი გამუდმებით აჩვევდა ცხვრებსა და თხებს თავის შეძახილს, რათა მათ ყური ეთხოვებინათ. კარგი მწყემსი, რომელიც თავის ცხვრებზე სათუთად ზრუნავდა, მათ სახელებსაც კი არქმევდა (იოანე 10:14, 16).
წლიდან წლამდე
გაზაფხულობით მწყემსს ფარეხიდან გამოჰყავდა ცხვარი და სოფლის მახლობლად ამწვანებულ მინდვრებში მიერეკებოდა საბალახოდ. სწორედ ამ დროს იწყებოდა დოლი. ახალმოგებული ბატკნები და თიკნები ერთიორად ზრდიდნენ ფარას. ამის შემდეგ იწყებოდა ცხვრის პარსვა, რაც მეტად სასიხარულო მოვლენა იყო მწყემსის ცხოვრებაში.
სოფლად მცხოვრებ ოჯახს შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე სული ცხვარი ჰყოლოდა. ის თავის ცხვარს დაქირავებულ მწყემსს მიაბარებდა ხოლმე, რომელსაც სხვისი ცხვარიც ებარა. ყველამ იცოდა, რომ ასეთი მწყემსები თავის ცხვარზე უფრო მეტად ზრუნავდნენ, ვიდრე სხვისაზე (იოანე 10:12, 13).
მკის დასრულების შემდეგ მწყემსს ცხვარი საბალახოდ მინდვრად გაჰყავდა, სადაც ახალამოწვერილი ბალახი და ნამჯაში ჩაბნეული მარცვლეული ეგულებოდა. ზაფხულის ხვატში მწყემსს ფარა საძოვრად მაღლობებზე, შედარებით გრილ ადგილას მიჰყავდა. მას ოცდაოთხი საათის განმავლობაში ღია ცის ქვეშ უწევდა ყოფნა — დღისით აბიბინებულ ფერდობებზე აბალახებდა ცხვარს, ღამით კი ღია სადგომში დაბინავებულ ცხვარს სდარაჯობდა. ღამით ზოგჯერ მწყემსები თავიანთ ფარას გამოქვაბულში აჩერებდნენ, სადაც ცხვარი დაცული იყო ტურებისა და აფთრებისგან. თუ ღამის წყვდიადში აფთრის გულის გამაწვრილებელი კივილი დააფრთხობდა ცხვარს, მწყემსი მშვიდი ხმით აშოშმინებდა მათ.
საღამოობით მწყემსი ცხვარს ითვლიდა და ამოწმებდა, დაშავებული ხომ არ იყო რომელიმე მათგანი. დილაობით კი მოუხმობდა ცხვარს და საძოვრისკენ მიუძღოდა (იოანე 10:3, 4). შუადღისით მწყემსს ცხვარი დასარწყულებლად გუბეებისკენ მიჰყავდა. როდესაც ზაფხულის პაპანაქებაში გუბეები შრებოდა, მწყემსი ჭიდან ამოღებული წყლით არწყულებდა მათ.
ზაფხულის მიწურულს მწყემსი ცხვარს ზღვისპირა დაბლობებისკენ მიერეკებოდა. წვიმიანი სეზონის
დაწყებისთანავე მას ფარა კვლავ ფარეხში გადაჰყავდა; წინააღმდეგ შემთხვევაში ღია ცის ქვეშ დარჩენილი ცხვარი თავსხმა წვიმის, სეტყვისა და ყინვის დროს დაიხოცებოდა. ნოემბრიდან მოყოლებული გაზაფხულამდე მწყემსს ცხვარი საბალახოდ მინდორში აღარ გაჰყავდა.მწყემსის ავლადიდება
მართალია, მწყემსის სამოსი უბრალო იყო, მაგრამ იგი დიდ სამსახურს უწევდა მას. ცხვრის ტყავისგან შეკერილი ტყაპუჭი, რომელიც მწყემსს პერანგზე ჰქონდა შემოცმული, წვიმისა და ღამის სუსხისგან იცავდა. ეკალი რომ არ შესობოდა და კლდე-ღრეში სიარული გაადვილებოდა, მას სანდლები ეცვა, თავზე კი შალის ქსოვილი ჰქონდა შემოხვეული.
როგორც წესი, მწყემსის მთელი ავლადიდება იყო: ტყავის აბგა, რომელშიც ელაგა საგზალი — პური, ზეთისხილი, ჩირი და ყველი, ერთი მეტრი სიგრძის კომბალი, რომლის მომრგვალებულ თავზეც ქვის ნატეხები იყო ჩასმული და რომლითაც ნადირს იგერიებდა, დანა, ხელჯოხი, რომელსაც მწყემსი სიარულის დროს ან აღმართზე ასვლისას ეყრდნობოდა, წყლის მათარა, ჭიდან წყლის ამოსაღები ტყავის დასაკეცი სათლი, შურდული, რომლითაც ქვას ესროდა გაფანტულ ცხვრებსა თუ თხებს, რათა ისინი ფარაში დაებრუნებინა ან მტაცებლები დაეფრთხო და ლერწმის სალამური, რომელსაც თავის შესაქცევად და ცხვრის დასაშოშმინებლად უკრავდა.
არც ცხვარი რჩებოდა მწყემსს ვალში — მადლიერების ნიშნად რძესა და ხორცს აძლევდა მას. ამასთანავე, ძველად ისრაელში მატყლსა და ტყავს სხვა საქონელში ცვლიდნენ და მათგან ტანსაცმელსა და სითხის ჩასასხმელ ჭურჭელსაც ამზადებდნენ. თხის ბეწვს ართავდნენ და მისგან ქსოვილს ამზადებდნენ. გარდა ამისა, ცხვარსა და თხას ღმერთსაც სწირავდნენ.
მისაბაძი მაგალითი
კარგი მწყემსი საიმედო, შრომისმოყვარე და მამაცი იყო. ფარის დასაცავად საკუთარ სიცოცხლესაც კი იგდებდა საფრთხეში (1 სამუელი 17:34—36).
ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ იესო და მისი მოწაფეები ქრისტიან ზედამხედველებს მწყემსებს ადარებდნენ (იოანე 21:15—17; საქმეები 20:28). როგორც ბიბლიურ დროში მცხოვრები მწყემსები, ისე დღეს ქრისტიანული კრების ზედამხედველები მწყემსავენ „მიბარებულ ღვთის სამწყსოს, არა იძულებით, არამედ ხალისით, არა უპატიოსნო შემოსავლის სიყვარულით, არამედ გულმოდგინებით“ (1 პეტრე 5:2).