არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაუახლოვდით ღმერთს

„რას ითხოვს იეჰოვა შენგან?“

„რას ითხოვს იეჰოვა შენგან?“

რას მოელის იეჰოვა მათგან, ვისაც სურს, რომ მისთვის მისაღები სახით სცენ თაყვანი? მოითხოვს ის სრულყოფილებას და ამგვარად არასრულყოფილი ადამიანისთვის შეუძლებელს ხდის მასთან დაახლოებას? თუ მხოლოდ იმას მოელის ჩვენგან, რაც ჩვენს ძალას არ აღემატება? თუ გვსურს სიხარული ვპოვოთ ღვთის მსახურებაში, ამ კითხვებზე პასუხის მიღება ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია. მოდი, ვნახოთ, რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან წინასწარმეტყველ მიქას სიტყვების თანახმად (წაიკითხეთ მიქას 6:8).

„მან გითხრა . . . რა არის კარგი“. ნამდვილად არ არსებობს იმის საჭიროება, ვიმარჩიელოთ, თუ რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან. ბიბლიაში მისი მოთხოვნები ღიად და ყოველგვარი გასაიდუმლოების გარეშეა მოცემული. ღმერთი ჩვენგან იმას მოელის, რაც „არის კარგი“. ღვთის ეს მოთხოვნა ცალსახაა. „ღმერთი სიყვარულია“ და ჩვენი კეთილდღეობითაა დაინტერესებული (1 იოანე 4:8; 5:3). თუ ღვთის მოთხოვნების შესაბამისად ვიცხოვრებთ, ამით არა მხოლოდ მას გავუხარებთ გულს, არამედ ეს ჩვენთვისვე იქნება კარგი (კანონი 10:12, 13).

„რას ითხოვს შენგან იეჰოვა?“. აქვს ღმერთს უფლება, რაიმე მოითხოვოს ჩვენგან? რასაკვირველია. ვინაიდან ღმერთია სიცოცხლის წყარო და ზრუნავს ჩვენზე, ვალდებულნი ვართ, დავემორჩილოთ მას (ფსალმუნი 36:9). მაშ, რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან? წინასწარმეტყველი მიქა ღვთის მოთხოვნებიდან სამს გამოყოფს. აქედან პირველი ორი ადამიანებისადმი ჩვენს დამოკიდებულებას ეხება, მესამე კი — ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას.

„სამართლის ქმნა“. „სამართლად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა, ერთ-ერთი ნაშრომის თანახმად, ნიშნავს „სამართლიან და პატიოსან მოპყრობას“. ღმერთი გვთხოვს, რომ სხვებს, მისი ნორმების თანახმად, სამართლიანად და პატიოსნად ვექცეოდეთ. „სამართალს ვიქმთ“, თუ მიუკერძოებლები და პატიოსნები ვიქნებით (ლევიანები 19:15; ესაია 1:17; ებრაელები 13:18). თუ ადამიანებს სამართლიანად მოვექცევით, შესაძლოა ამით ისინიც წავახალისოთ, რომ იმავეთი გვიპასუხონ (მათე 7:12).

„სიკეთის სიყვარული“. ღმერთი მოგვიწოდებს, რომ არა მხოლოდ უნდა ვავლენდეთ სიკეთეს, არამედ უნდა გვიყვარდეს კიდეც. ებრაული სიტყვა „ხესედ“, რომელიც „სიკეთედ“ ითარგმნა, შესაძლოა ასევე ნიშნავდეს „სიყვარულიდან გამომდინარე სიკეთეს“ ანუ „ერთგულ სიყვარულს“. „ამ სიტყვას [ხესედს] მხოლოდ ერთი სიტყვით ვერ ვთარგმნით, მაგალითად, სიყვარულად, გულმოწყალებად ან სიკეთედ, რადგან ეს სიტყვა თავისი მნიშვნელობით სამივეს მოიცავს“, — ამბობს ბიბლიის ერთი მკვლევარი. თუ გვიყვარს სიკეთე, მას სიხარულით ვაკეთებთ და გაჭირვებულთათვის დახმარების აღმოჩენა დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. შედეგად, კმაყოფილების გრძნობა გვეუფლება, რაც გაცემას მოაქვს (საქმეები 20:35).

„მოკრძალებულად სიარული ღმერთთან ერთად“. ბიბლიაში გამოყენებული სიტყვა „სიარული“, „არჩეული კურსის მიყოლას“ გულისხმობს. ჩვენ ვივლით ღმერთთან ერთად, თუ ბიბლიური მითითებების თანახმად ვიცხოვრებთ. არჩეული კურსით სვლა რომ განვაგრძოთ, ამაში მოკრძალება დაგვეხმარება. როდესაც რეალურად ვაფასებთ ღვთის წინაშე ჩვენს მდგომარეობას და ვაცნობიერებთ ჩვენს შეზღუდულ შესაძლებლობებს, ღვთის წინაშე მოკრძალებას ვავლენთ. აქედან გამომდინარე, „მოკრძალებულად სიარული“ ნიშნავს, გვესმოდეს, თუ რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან და ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია.

საბედნიეროდ, იეჰოვა არასდროს ითხოვს იმაზე მეტს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ის აფასებს იმ ძალისხმევას, რომელსაც მისადმი მსახურებას ვახმართ (კოლოსელები 3:23). მას ესმის, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია (ფსალმუნი 103:14). როდესაც გვყოფნის თავმდაბლობა, ვაღიაროთ ეს, ღმერთთან ერთად სიარული სიხარულს გვგვრის. გსურთ გაიგოთ, როგორ შეგიძლიათ ღმერთთან ერთად სიარული? თუ ამას გადაწყვეტთ, ღვთისგან კურთხევები არ მოგაკლდებათ (იგავები 10:22).

ნოემბერში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი:

იოელი 1მიქა 7