გაცემით გამოწვეული სიხარული
„გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).
რატომ აღნიშნავენ შობას?
იესოს სიტყვების თანახმად, გაცემა სიხარულს ჰგვრის როგორც გამცემს, ისე მიმღებს. ასეთი სიხარული რომ განიცადოს, ბევრი შობის დღესასწაულზე საჩუქრებს ჩუქნის სხვებს. მაგალითად, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, გასულ წელს ირლანდიაში თითოეულმა ოჯახმა საშუალოდ 500 ევროზე მეტი დახარჯა საშობაო საჩუქრებში.
როგორია სინამდვილე?
ბევრის აზრით, საშობაოდ საჩუქრების გაცვლის ტრადიცია უფრო მეტ სტრესს უქმნის ადამიანებს, ვიდრე სიხარულს ანიჭებს. ბევრი იძულებულია, ისეთი საჩუქრები იყიდოს, რომელზეც ხელი არ მიუწვდება. ვინაიდან წელიწადის ამ დროს ყველა საჩუქრებს ყიდულობს, რიგებს ბოლო არ უჩანს და ყველგან ხალხმრავლობაა, ეს კი ბევრის გაღიზიანებას იწვევს.
რას ამბობს ბიბლია?
„გაეცით“, — თქვა იესომ (ლუკა 6:38). * მას არ უთქვამს, რომ საჩუქრები მხოლოდ წელიწადის გარკვეულ დროს გავცეთ, მხოლოდ მაშინ, როცა ამას ჩვენგან მოელიან. იესომ მოუწოდა თავის მიმდევრებს, წელიწადის ნებისმიერ დროს გაეკეთებინათ ერთმანეთისთვის საჩუქრები და არ დალოდებოდნენ წლის განსაკუთრებულ პერიოდს.
„თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორინთელები 9:7). პავლეს რჩევის არსი იმაში მდგომარეობს, რომ „არაფერი გავცეთ ნაძალადევად ანუ იძულებით“, — ნათქვამია ერთ-ერთ ბიბლიურ ნაშრომში. „სიხარულით გამცემი“ ვერ ვიქნებით, თუ კონკრეტულ ნივთს კონკრეტულ ადამიანს წელიწადის კონკრეტულ დროს მოვალეობის მოხდის მიზნით ვჩუქნით, როგორც ეს ხშირად შობის დღესასწაულზე ხდება.
„როცა არის გულმოდგინება, ის განსაკუთრებით მოსაწონია იმის მიხედვით, რაც ადამიანს აქვს და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს“ (2 კორინთელები 8:12). ღმერთი არ მოითხოვს ქრისტიანებისგან, რომ ვალები აიღონ და ერთმანეთს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთონ. პირიქით, როცა ადამიანი გასცემს „იმის მიხედვით, რაც მას აქვს“, ასეთი საჩუქარი არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ „განსაკუთრებით მოსაწონია“. როგორ განსხვავდება ასეთი შეხედულება იმ მოწოდებისგან, რომელიც მომხმარებელს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ესმის: „იყიდე დღეს, გადაიხადე ხვალ!“.
^ აბზ. 8 ბიბლიის ზოგ თარგმანში უბრალოდ წერია: „გაეცით“. თუმცა, დედნისეულ ტექსტში, ბერძნულ ენაზე, ეს ზმნა განგრძობით მოქმედებას გამოხატავს.