არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

„როგორც იქნა, ვიპოვე ნამდვილი თავისუფლება!“

„როგორც იქნა, ვიპოვე ნამდვილი თავისუფლება!“
  • დაბადების წელი: 1981
  • ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები
  • წარსულში: გზასაცდენილი შვილი

მოკლე ბიოგრაფია:

დავიბადე მდინარე ოჰაიოზე გაშენებულ წყნარ ქალაქ მაუნდზვილში, დასავლეთ ვირჯინიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში (აშშ). ოჯახში ოთხი შვილიდან მეორე ვიყავი, ორი ძმა და ერთი და მყავდა. ვინაიდან ოჯახში სამი ბიჭი ვიზრდებოდით, სახლში ყოველთვის ჟრიამული იყო. ჩემი მშობლები მუყაითი, პატიოსანი და მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ. ფუფუნებაში არასდროს გვიცხოვრია, მაგრამ არასოდეს არაფერი მოგვკლებია. ჩემი მშობლები იეჰოვას მოწმეები იყვნენ და ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ პატარაობიდანვე ბიბლიური ფასეულობებით გავეზარდეთ.

მაგრამ მოზარდობის დროს სხვაგვარმა ცხოვრებამ მიმიზიდა და ბიბლიიდან ნასწავლს ეჭვის თვალით დავუწყე ყურება. საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რამდენად აზრიანი და კმაყოფილების მომგვრელი იქნებოდა ჩემი ცხოვრება იმ შემთხვევაში, თუ ბიბლიური ფასეულობებით ვიცხოვრებდი. მეგონა, რომ მხოლოდ სრული თავისუფლება მომიტანდა ნამდვილ ბედნიერებას. მალე, ქრისტიანული კრების შეხვედრებზე დასწრება შევწყვიტე. ჩემმა უფროსმა ძმამ და უმცროსმა დამაც მე მომბაძა. ჩემი მშობლები ჩვენ დასახმარებლად ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ არაფრის გაგონება არ გვსურდა.

მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეგრეთ წოდებული თავისუფლება, რომელიც ასე ძლიერ მწყუროდა, საკუთარი გულისთქმების მონად მაქცევდა. ერთ დღეს, როცა სკოლიდან შინ ვბრუნდებოდი, მეგობარმა სიგარეტი შემომთავაზა და მეც უარი არ მითქვამს. იმ დღიდან მოყოლებული, ბევრი მავნე ჩვევა შევიძინე. დროთა განმავლობაში ნარკოტიკების გამოყენება და უზნეოდ ცხოვრება დავიწყე; სასმელსაც მივეძალე. მომდევნო წლების მანძილზე სულ უფრო და უფრო ძლიერ ნარკოტიკს ვუსინჯავდი გემოს და საბოლოოდ მათი მონა გავხდი. მალე ნარკოტიკებით ვაჭრობაც დავიწყე, საკმარისი თანხა რომ მეშოვა და საკუთარი გულისთქმები დამეკმაყოფილებინა.

რაც უფრო ვცდილობდი, ჩამეხშო სინდისის ხმა, მით უფრო მეტად მქენჯნიდა ის და შემახსენებდა, რომ გზასაცდენილი ვიყავი. თუმცა, ვფიქრობდი, რომ იმდენად ღრმად შევტოპე, რომ უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილი მქონდა. მართალია კონცერტებსა და წვეულებებზე ჩემ ირგვლივ მუდამ უამრავი ადამიანი ირეოდა, მაგრამ თავს მაინც ეულად და მარტოსულად ვგრძნობდი. დროდადრო იმაზეც მეფიქრებოდა, რა წესიერი და კარგი  მშობლები მყავდა და მე როგორღა აღმოვჩნდი ასეთ წუმპეში.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

მართალია, საკუთარ თავზე ხელი მქონდა ჩაქნეული, მაგრამ სხვები ასე არ ფიქრობდნენ. 2000 წელს ჩემმა მშობლებმა იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესზე დამპატიჟეს. მეც ხათრი ვერ გავუტეხე. ჩემდა გასაკვირად, ჩემი ძმა და დაც დაესწრნენ კონგრესს.

კონგრესზე ყოფნის დროს გამახსენდა, რომ ერთი წლის წინ ამ დარბაზში როკ-კონცერტს დავესწარი. ძალიან დიდი სხვაობა დავინახე, რამაც ჩემზე იმოქმედა. კონცერტის დროს დარბაზი საშინლად დანაგვიანებული და სიგარეტის კვამლში იყო გახვეული; დამსწრე საზოგადოება აგრესიული, მუსიკა კი — დამთრგუნველი. მაგრამ კონგრესის დელეგატები ნამდვილად ბედნიერი ადამიანები იყვნენ; მათ გულთბილად მიმიღეს მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე არ ვყავდი ნანახი. კონგრესის დროს დარბაზი სუფთა იყო, წარმოთქმული თემები კი მსმენელს იმედს უნერგავდა. როდესაც დავინახე, რამდენად დადებითად იმოქმედა ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ ჩემზე, საკუთარ თავს ვეკითხებოდი, „რატომ ვაქციე ოდესღაც ზურგი ამ ყველაფერს?“ (ესაია 48:17, 18).

კონგრესის შემდეგ მალევე გადავწყვიტე, ისევ დამეწყო სიარული ქრისტიანულ კრების შეხვედრებზე. ჩემი და-ძმაც ასევე მოიქცა. სამივემ დავიწყეთ ბიბლიის შესწავლა.

ჩემზე განსაკუთრებით იაკობის 4:8-მ იმოქმედა: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“. გავაცნობიერე, რომ თუ მსურდა, დავახლოებოდი ღმერთს, ცხოვრების წესი უნდა შემეცვალა. სიგარეტი გადავაგდე, ნარკოტიკების გამოყენება შევწყვიტე და სმას თავი დავანებე (2 კორინთელები 7:1).

ჩამოვშორდი ძველ სამეგობრო წრეს და მეგობრები იეჰოვას მოწმეებს შორის შევიძინე. განსაკუთრებით დამეხმარა ერთი უხუცესი, რომელიც ბიბლიას მასწავლიდა. ის გამუდმებით მირეკავდა და მინახულებდა. დღემდე ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია.

2001 წლის გაზაფხულზე იეჰოვას მივუძღვენი თავი და მოვინათლე. ასე მოიქცა ჩემი და-ძმაც. წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარეს ჩემმა მშობლებმა და უმცროსმა ძმამ, როცა მთელი ოჯახი იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობაში გავერთიანდით.

კურთხევები:

ადრე ვფიქრობდი, რომ ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება ბევრ რამეში ზღუდავდა კაცს, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ ასე ცხოვრება ჩვენსავე კეთილდღეობას ემსახურება. ბიბლიიდან ნასწავლმა შემმატა ძალა, თავი დამენებებინა ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის და საზოგადოების ღირსეული წევრი გავმხდარიყავი.

დიდი პატივია, რომ იეჰოვას თაყვანისმცემელთა მსოფლიო საძმოს წევრი ვარ. ამ ადამიანებს გულწრფელად უყვართ ერთმანეთი და გაერთიანებულად ემსახურებიან ღმერთს (იოანე 13:34, 35). სწორედ ღვთის მსახურთა შორის ვიპოვე ჩემი საყვარელი მეუღლე ედრიენი, რომელსაც ძალიან ვაფასებ. ძალიან გვიხარია, რომ ერთად ვემსახურებით ჩვენს შემოქმედს.

დღეს აღარ ვცხოვრობ მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის — სრული დროით ვემსახურები ღმერთს და ადამიანებს ვასწავლი, როგორ შეუძლია ბიბლიას, მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ეს საქმე დიდ სიხარულს მგვრის. დაბეჯითებით შემიძლია იმის თქმა, რომ ბიბლიამ შეცვალა ჩემი ცხოვრება. როგორც იქნა, ვიპოვე ნამდვილი თავისუფლება!

„ბიბლიიდან ნასწავლმა შემმატა ძალა, თავი დამენებებინა ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის და საზოგადოების ღირსეული წევრი გავმხდარიყავი“