არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 დაუახლოვდით ღმერთს

ცოცხლების ღმერთი

ცოცხლების ღმერთი

შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილი ღმერთზე ძლიერია? რა თქმა უნდა, არა! შეუძლებელია სიკვდილი ან ნებისმიერი სხვა მტერი ყოვლისშემძლე ღმერთზე ძლიერი იყოს (1 კორინთელები 15:26; გამოსვლა 6:3). ღმერთს აქვს ძალა, აღადგინოს მკვდარი და ამით დაამარცხოს სიკვდილი. ის გვპირდება, რომ სწორედ ასე მოიქცევა ახალ ქვეყნიერებაში. * რამდენად რეალურია ეს დაპირება? ღვთის ძემ, იესომ, იმედის მომცემი სიტყვები გვითხრა (წაიკითხეთ მათეს 22:31, 32).

სადუკეველებთან საუბრისას, რომელთაც არ სჯეროდათ მკვდრეთით აღდგომის, იესომ თქვა: «ნუთუ არ წაგიკითხავთ მკვდრეთით აღდგომაზე, რა გითხრათ ღმერთმა: „მე აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი ვარ“? ის მკვდრების ღმერთი კი არა, ცოცხლებისაა». აქ იესომ მოსეს ცხოვრებიდან ის ეპიზოდი მოიყვანა, როცა მას ძვ. წ. 1514 წელს ცეცხლმოდებულ ბუჩქთან ღმერთი ელაპარაკა (გამოსვლა 3:1—6). იესოს ნათქვამის თანახმად, იეჰოვას სიტყვები: „მე ვარ ღმერთი, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი“, მიუთითებდა იმაზე, რომ აღდგომასთან დაკავშირებული ღვთის დაპირება რეალური იყო.

პირველ რიგში ვნახოთ, რას ამბობს კონტექსტი? იმ დროს, როცა იეჰოვა მოსეს ელაპარაკა, აბრაამი, ისაკი და იაკობი უკვე დიდი ხნის მკვდრები იყვნენ — აბრაამი 329 წლის გარდაცვლილი იყო, ისაკი — 224-ის, იაკობი კი — 197-ის. იეჰოვამ თქვა: „მე ვარ მათი ღმერთი“. მას არ უთქვამს: „მე ვიყავი მათი ღმერთი“. იეჰოვა სამივე პატრიარქზე ისე საუბრობდა, როგორც ცოცხლებზე და არა როგორც მკვდრებზე. კითხვა ისმის, რატომ?

იესომ ასე ახსნა ეს საკითხი: „ის [იეჰოვა] მკვდრების ღმერთი კი არა, ცოცხლებისაა“. იესოს ეს სიტყვები საკმაოდ ღრმა აზრს ატარებს. თუ არ არსებობს მკვდრეთით აღდგომა, აბრაამი, ისაკი და იაკობი სამუდამოდ მკვდრებად დარჩებიან და თუ ეს ასე იქნება, იეჰოვა მკვდრების ღმერთი გამოდის. ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ სიკვდილი იეჰოვაზე ძლიერი ყოფილა, რადგან მას არ ჰქონია იმდენი ძალა, რომ სიკვდილის კლანჭებისგან დაეხსნა თავისი ერთგული მსახურები.

რის თქმა შეიძლება აბრაამზე, ისაკზე, იაკობზე და ყველა სხვა ერთგულ მსახურზე, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან? იესომ პირდაპირ განაცხადა: „მისთვის ისინი ცოცხლები არიან“ (ლუკა 20:38). დიახ, იეჰოვას განზრახვა, მკვდრეთით აღადგინოს თავისი ერთგული მსახურები, იმდენად რეალურია, რომ ის მათზე, როგორც ცოცხლებზე ისე საუბრობს (რომაელები 4:16, 17). ღვთის ყველა ერთგული თაყვანისმცემელი მის სრულყოფილ მეხსიერებაშია და თავის დროზე ის მათ სიცოცხლეს დაუბრუნებს.

იეჰოვა სიკვდილზე ბევრად ძლიერია

ნუთუ აღტაცებაში არ მოჰყავხართ იმის ცოდნას, რომ დადგება დრო, როცა კვლავ გაიხარებთ ურთიერთობით თქვენს საყვარელ ადამიანებთან, რომლებიც სიკვდილმა ხელიდან გამოგაცალათ. გახსოვდეთ, იეჰოვა სიკვდილზე ბევრად ძლიერია! არავის და არაფერს არ შეუძლია მისთვის ხელის შეშლა! თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი გაიგოთ მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით იეჰოვას განზრახვაზე. ასე უფრო მეტად დაუახლოვდებით იეჰოვას, „ცოცხლების ღმერთს“.

თებერვალში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი

მათე 22 მარკოზი 8

^ აბზ. 3 მეტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ღვთის დაპირებისამებრ ახალ სამართლიან ქვეყნიერებაში იქნება მკვდრეთით აღდგომა, იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 7. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.