არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა არის „იუდას სახარება“?

რა არის „იუდას სახარება“?

თელ მსოფლიოში 2006 წლის აპრილში გაზეთებში გამოქვეყნდა მეტად სენსაციური ინფორმაცია. მეცნიერებმა საზოგადოებას გააცნეს ახალაღმოჩენილი უძველესი ტექსტი, რომელიც დასათაურებულია, როგორც „იუდას სახარება“. მათი მტკიცებით, ეს ახალი აღმოჩენა სრულიად შეცვლის საყოველთაოდ გავრცელებულ წარმოდგენას იუდაზე — მოწაფეზე, რომელმაც გასცა იესო. მათი აზრით, იუდა იყო გმირი, მოწაფე, რომელიც საუკეთესოდ უგებდა იესოს და რომელმაც უფლისავე მოთხოვნით გასცა იგი.

რამდენად სანდოა ეს ტექსტი? და თუ სანდოა, გვიმხელს კი ის აქამდე უცნობ რაიმე დეტალს იუდას, იესო ქრისტეს ან პირველი ქრისტიანების შესახებ? იქონიებს რაიმე გავლენას ქრისტიანობასთან დაკავშირებით ჩვენს შეხედულებებზე?

„იუდას სახარების“ აღმოჩენა

ის, თუ როგორ აღმოაჩინეს „იუდას სახარება“, გარკვეულწილად ბურუსითაა მოცული. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ის არც არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილა და არც არქეოლოგების მიერ დამტკიცებულ ნივთთა სიაშია. ეს ტექსტი პირველად 1970-იანი წლების ბოლოს ან 1980-იანი წლების დასაწყისში ანტიკვარიატის ბაზარში გამოჩნდა. სავარაუდოდ, ის 1978 წელს ეგვიპტეში ერთ-ერთ გამოქვაბულშია ნაპოვნი. „იუდას სახარება“ არის ოთხი ტექსტიდან ერთ-ერთი, რომელსაც ნაპოვნი კოდექსი შეიცავს და რომელიც კოპტურ ენაზეა (ძველი ეგვიპტური ენა) შესრულებული.

საუკუნეების განმავლობაში ამ ტყავგადაკრულ კოდექსს ეგვიპტის მშრალი კლიმატი ინახავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის ეგვიპტიდან წაიღეს, მალევე დაიწყო გაფუჭება. 1983 წელს ამ კოდექსით რამდენიმე მეცნიერი დაინტერესდა, მაგრამ მაღალი ფასის გამო ვერ შეძლეს მისი შესყიდვა. წლების შემდეგ უყურადღებობისა და არასათანადო პირობებში შენახვის გამო გაფუჭების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა. 2000 წელს ის ანტიკური ნივთებით მოვაჭრე ერთმა შვეიცარიელმა ქალბატონმა შეიძინა. საბოლოოდ, მან კოდექსი ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფს გადასცა, რომელიც მუშაობდა სიძველეთა ხელოვნების ფონდისა და ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების (National Geographic Society) მხარდაჭერით. ამ ჯგუფის მიზანი იყო კოდექსის აღდგენა. ეს საკმაოდ რთულ საქმეს წარმოადგენდა, ვინაიდან ტექსტი პატარ-პატარა ფრაგმენტებად იყო დანაწევრებული. გარდა ამისა, მათ უნდა დაედგინათ კოდექსის ასაკი, ეთარგმნათ და აეხსნათ ტექსტი.

 დათარიღება მოხდა რადიოკარბონული მეთოდით და დადგინდა, რომ კოდექსი სავარაუდოდ ახ. წ. მესამე ან მეოთხე საუკუნეშია შედგენილი. თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ კოპტურ ენაზე შესრულებული „იუდას სახარება“ ნათარგმნია ბერძნული ორიგინალიდან, რომელიც ცოტა ხნით ადრე დაიწერა. სინამდვილეში, როდის და რა ვითარებაშია დაწერილი „იუდას სახარება“?

„იუდას სახარება“ — გნოსტიკური სახარება

„იუდას სახარების“ არსებობის შესახებ პირველად ვიგებთ ახ. წ. II საუკუნეში მოღვაწე ცნობილი ქრისტიანი მწერლის ირინეოსის ნაშრომებიდან. ნაშრომში „ერესების წინააღმდეგ“ ირინეოსი მოიხსენიებს იმ მრავალი ჯგუფიდან ერთ-ერთს, რომელთა სწავლებებსაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ის ამბობს: «...ისინი აცხადებენ, რომ მოღალატე იუდა ბოლომდე ერკვეოდა ამაში და რომ მხოლოდ მან შეძლო ჭეშმარიტების შეცნობა და სხვამ ვერავინ; მხოლოდ ის ჩასწვდა გაცემის საიდუმლოს. მისით აირია ყოველი, მიწიერი და ზეციერი. მათ შექმნეს ამგვარი ყალბი ისტორია და „იუდას სახარება“ უწოდეს».

„ეს სახარება არ დაწერილა იუდას ცხოვრების პერიოდში და არც ისეთ ვინმეს დაუწერია, ვინც უშუალოდ იცნობდა იუდას“

ირინეოსი ცდილობდა, გაებათილებინა გნოსტიკოსი ქრისტიანების სწავლებები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ განსაკუთრებულ ცოდნას ფლობდნენ. არსებობდა გნოსტიკოსთა მრავალი განშტოება და ყველა მათგანი „ჭეშმარიტებას“ თავისებურად ხსნიდა. გნოსტიკოსთა სწავლებები ეფუძნებოდა ახ. წ. მეორე საუკუნეში ფართოდ გავრცელებულ მათსავე ნაშრომებს.

გნოსტიკურ სახარებებში ხშირად იყო აღნიშნული ის, რომ იესოს ცნობილ მოქიცულებსაც კი არ ესმოდათ უფლის ცნობა და მხოლოდ რამდენიმე რჩეული თუ ჩასწვდა მის საიდუმლო სწავლებას. * ზოგ გნოსტიკოსს სწამდა, რომ ფიზიკური სამყარო სულთა საპყრობილეს წარმოადგენდა. მათი აზრით, არსებობდა მრავალი დიდებული ღმერთი, რომლებიც უფრო აღმატებულნი იყვნენ, ვიდრე ებრაულ წერილებში მოხსენიებული „შემოქმედი ღმერთი“. ისინი თვლიდნენ, რომ განსაკუთრებული ცოდნის მქონე ადამიანი ჩასწვდებოდა იმ საიდუმლოს არსს, რომ სული სხეულისგან გათავისუფლებას საჭიროებდა.

ასე შეიქმნა „იუდას სახარება“. ის იწყება შემდეგი სიტყვებით: „წმინდა სიტყვები, რომლებსაც იესო საიდუმლოდ გადასცემდა იუდა ისკარიოტელს რვა დღის განმავლობაში, პასექის დღესასწაულამდე სამი დღით ადრე“.

იყო ეს ზუსტად ის ტექსტი, რომლის შესახებაც ირინეოსი საუბრობდა და რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა? მარვინ მაიერი, რომელიც იმ თავდაპირველ მეცნიერთა ჯგუფში შედიოდა, რომელთაც გამოიკვლიეს და თარგმნეს ეს კოდექსი, აღნიშნავს, რომ ირინეოსის «მოკლე აღწერილობა კარგად შეესაბამება „იუდას სახარების“ სახელით ცნობილ კოპტურ ტექსტს».

იუდას პერსონაჟი სწავლულთა დებატების საგნად იქცა

„იუდას სახარებაში“ იესო ცინიკურად იცინის, როცა მისი მოწაფეები რაღაც საკითხებისადმი ღრმა წვდომის უნარს ვერ ავლენენ. ამ სახარების თანახმად, 12 მოციქულთაგან იუდა ერთადერთია, ვინც ბოლომდე სწვდება იესოს ბუნებას. ამიტომაც უფალი პირადად მას უზიარებს „სამეფო საიდუმლოებებს“.

„იუდას სახარებაზე“ გამოთქმულმა ირინეოსის მოსაზრებებმა უდიდესი გავლენა მოახდინა კოდექსზე მომუშავე თავდაპირველ ჯგუფზე. მთარგმნელებმა აღნიშნეს, რომ იუდა იესოს კეთილგანწყობას იმსახურებს, როგორც ადამიანი, რომელიც ხვდება საიდუმლოებებს და იმკვიდრებს „სამეფოს“. შეცდომაში შეყვანილი მოციქულები იუდას ნაცვლად სხვა მოციქულს ირჩევენ, მაგრამ იუდა ხდება „მეცამეტე სული“, რომელიც „აღმატებულია ყველაზე [დანარჩენ მოწაფეებზე]“, რადგან იესო ამბობს: „შენ გასცემ ადამიანს, რომელშიც მე განვსხეულდი“.

ისეთმა ცნობილმა მწერლებმა და სწავლულებმა, როგორებიც არიან ბარტ ერმანი და ელეინ პეიგელზი, რომლებიც იკვლევენ ადრეულ ქრისტიანობას და გნოსტიციზმს, მალევე გამოაქვეყნეს თავიანთი დასკვნები და კომენტარები „იუდას სახარების“ შესახებ. მათი მოსაზრებები ძალიან ახლოს იყო პირველი  მთარგმნელების შეხედულებებთან. თუმცა მალევე სხვა სწავლულებმა, ეიპრილ დეკონიკმა და ბირერ პირსონმა, შეშფოთება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ მასმედიის ყურადღების მისაპყრობად ეროვნულ-გეოგრაფიულმა საზოგადოებამ (National Geographic Society) იჩქარა ამ უძველესი ტექსტის გამოქვეყნება. გარდა ამისა, ისინი ფიქრობდნენ, რომ ტექსტს არ გაუვლია სრული და ზუსტი შემოწმებისა და ანალიზის პროცედურა.

არც ერთი სწავლული არ ამტკიცებს, რომ ეს სახარება ზუსტ ისტორიულ ფაქტებს შეიცავს

მიუხედავად იმისა, რომ დეკონიკი და პირსონი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობდნენ, ორივემ ერთნაირად დაასკვნა, რომ კოდექსის ზოგიერთი ძირითადი ფრაგმენტი არასწორად იყო ნათარგმნი მთარგმნელთა პირველი ჯგუფის მიერ. დეკონიკის მიერ გადამუშავებულ ტექსტში იესო იუდას „მეცამეტე დემონს“ უწოდებს და არა „მეცამეტე სულს“. * ამასთანავე იესო იუდას არაორაზროვნად ეუბნება, რომ ის ვერ დაიმკვიდრებს „სამეფოს“. იესომ იუდა სხვა მოწაფეებზე მაღლა კი არ დააყენა, არამედ უთხრა: „შენ ყველა ამათგანზე უარეს რამეს ჩაიდენ. შენ გასცემ კაცს, რომელშიც მე განვსხეულდი“. დეკონიკის აზრით, „იუდას სახარება“ არის უძველესი გნოსტიკური პაროდია, რომელშიც გაქილიკებულია ყველა მოციქული. დეკონიკმა და პირსონმა ცალსახად დაასკვნეს, რომ „იუდას სახარებაში“ იუდა ნამდვილად არ არის გმირი.

რის სწავლა შეიძლება „იუდას სახარებიდან“?

„იუდას სახარებაზე“ მომუშავე არც ერთი სწავლული — მნიშვნელობა არა აქვს, მისთვის იუდა გმირია თუ დემონი — არ ამტკიცებს, რომ ეს სახარება ზუსტ ისტორიულ ფაქტებს შეიცავს. ბარტ ერმანი აღნიშნავს: „ეს არ არის იუდას მიერ დაწერილი სახარება და არც ის იცის ვინმემ, თუ ვინ არის მისი ავტორი ... ეს სახარება არ დაწერილა იუდას ცხოვრების პერიოდში და არც ისეთ ვინმეს დაუწერია, ვინც უშუალოდ იცნობდა იუდას ... აქედან გამომდინარე, ის ვერანაირ დამატებით ინფორმაციას ვერ მოგვაწვდის იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში იესოს ცხოვრების პერიოდში“.

„იუდას სახარება“ არის ახ. წ. მეორე საუკუნეში ბერძნულ ენაზე შესრულებული გნოსტიკური ტექსტი. მეცნიერები დღემდე დავობენ იმაზე, ეს ახლახან აღმოჩენილი სახარება მსგავსია თუ არა იმ სახარებისა, რომელიც ირინეოსს ჰქონდა მხედველობაში. მაგრამ „იუდას სახარება“ ერთ მნიშვნელოვან რამეს აშკარად ამტკიცებს: ის უკავშირდება იმ პერიოდს, როცა ცრუ ქრისტიანობამ იჩინა თავი და გაავრცელა ცრუ სწავლებები, რამაც გამოიწვია ქრისტიანობის დაყოფა სხვადასხვა სექტებად. „იუდას სახარებამ“ ვერ შეძლო შეებღალა და ძირი გამოეთხარა ბიბლიისთვის. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით მოხდა; მან დაამტკიცა საქმეების 20:29, 30-ში ჩაწერილი მოციქულ პავლეს სიტყვების სიმართლე: „ვიცი, ჩემი წასვლის შემდეგ ... თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“.

^ აბზ. 11 ეს სახარებები ხშირად მათ სახელებს ატარებს, ვინც ვითომდა ირწმუნებოდა, რომ უკეთ ესმოდა იესოს სწავლებები. ასეთია მაგალითად, „თომას სახარება“ და „მარიამ მაგდალინელის სახარება“. საერთო ჯამში, 30 ასეთი უძველესი ტექსტი არსებობს.

^ აბზ. 18 სწავლულები, რომლებიც იზიარებენ აზრს, რომ ამ ტექსტში იუდა არის დემონი, რომელმაც მოციქულებზე უკეთ უწყის, ვინ არის იესო, მსგავსებას აკეთებენ ბიბლიურ სახარებებში მოხსენიებულ დემონებთან, რომლებიც სადავოს არ ხდიდნენ იესოს ვინაობას (მარკოზი 3:11; 5:7).