მოსე — კაცი, რომელსაც უდიდესი თავმდაბლობა გააჩნდა
რა არის თავმდაბლობა?
თავმდაბლობა ქედმაღლობისა და სიამაყის საწინააღმდეგო თვისებაა. თავმდაბალი ადამიანი არავის მიიჩნევს თავისზე დაბლა მდგომად. თავმდაბალი ადამიანი არის უბრალო და უპრეტენზიო და აღიარებს, რომ ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია.
როგორ ავლენდა მოსე თავმდაბლობას?
მოსე ძალაუფლებას არ გაუამაყებია. თავმდაბალია თუ არა ადამიანი, ხშირად მაშინ ჩნდება, როცა პატარა ძალაუფლებას იღებს. მე-19 საუკუნის მწერალი რობერტ ინგერსოლი ამ აზრს შემდეგნაირად გადმოსცემს: „ადამიანთა უმეტესობას შეუძლია გაჭირვების ატანა. მაგრამ თუ გინდა, გაიგო, ვინ არის ის სინამდვილეში, მიეცი ძალაუფლება“. ამ მხრივ მოსემ თავმდაბლობის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა.
მოსემ უდიდესი ძალაუფლება მიიღო იეჰოვასგან. ის ღმერთმა ებრაელი ერის წინამძღოლად დანიშნა. თუმცა ამის გამო ის არასოდეს გამხდარა ამპარტავანი. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ ის შემთხვევა, თუ როგორ მოაგვარა მოსემ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სადავო საკითხი (რიცხვები 27:1—11). ეს მართლაც სერიოზული საკითხი იყო, რადგან მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ამ შემთხვევაზე კი არა, მომავალში სხვა შემთხვევებზეც იქონიებდა გავლენას.
როგორ მოიქცეოდა ამ შემთხვევაში მოსე? გამოიყენებდა თავის ძალაუფლებას, როგორც ისრაელის წინამძღოლი და დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებას? დაეყრდნობოდა საკუთარ შესაძლებლობებს, წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებასა და ცოდნას?
ალბათ, ამაყი ადამიანი ასე მოიქცეოდა; მაგრამ მოსე სხვაგვარად მოიქცა. ბიბლიაში წერია: „წარუდგინა მოსემ მათი საქმე იეჰოვას“ (რიცხვები 27:5). უბრალოდ დაფიქრდით, ის უკვე 40 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ისრაელ ერს, მაგრამ მაინც არ დაყრდნობია საკუთარ თავს და რჩევა იეჰოვას ჰკითხა. ამ შემთხვევიდან კარგად გამოჩნდა, რომ მოსე ძალიან თავმდაბალი ადამიანი იყო.
მოსე შურიანი და ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული კაცი არ ყოფილა. მას უხაროდა, როცა იეჰოვა სხვებსაც აძლევდა საშუალებას, მის გვერდით ემსახურათ წინასწარმეტყველებად (რიცხვები 11:24—29). როცა სიმამრმა მას პასუხისმგებლობების სხვებისთვის გადანაწილება ურჩია, ის თავმდაბლურად დაჰყვა მის რჩევას (გამოსვლა 18:13—24). სიცოცხლის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ჯერ კიდევ ძლიერი იყო, მან იეჰოვას სთხოვა, მისი საქმის გამგრძელებლად ვინმე აერჩია. როცა ამ საქმისთვის იეჰოვამ იესო ნავეს ძე დანიშნა, მოსე მთელი გულით უჭერდა მხარს ამ ახალგაზრდა კაცს და ხალხს მოუწოდებდა, მიჰყოლოდნენ მის ხელმძღვანელობას, რათა შესულიყვნენ აღთქმულ მიწაზე (რიცხვები 27:15—18; კანონი 31:3—6; 34:7). აშკარაა, რომ მოსე დიდ პატივად თვლიდა ღვთის ხალხის წინამძღოლობას, მაგრამ მიღებულ ძალაუფლებას სხვების კეთილდღეობაზე მაღლა არ აყენებდა.
გაკვეთილი ჩვენთვის.
ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, რომ ძალაუფლებამ, გარკვეულმა ნიჭმა თუ უნარმა გაგვაამაყოს. გახსოვდეთ: იეჰოვას საქმის საუკეთესოდ შესრულება დამოკიდებულია არა ჩვენს უნარსა და შესაძლებლობებზე, არამედ იმაზე, ვართ თუ არა თავმდაბლები (1 სამუელი 15:17). როცა ნამდვილ თავმდაბლობას ვავლენთ, ვცდილობთ, მივყვეთ ბიბლიურ რჩევას: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი“ (იგავები 3:5, 6).
მოსეს მაგალითი გვასწავლის, რომ ჩვენს მდგომარეობასა და უპირატესობებზე დიდი ყურადღება არ გავამახვილოთ.
რა შედეგები მოაქვს თავმდაბლობის გამოვლენას? როდესაც ჭეშმარიტი თავმდაბლობის განვითარებას ვცდილობთ, უფრო სასიამოვნო ადამიანები ვხდებით და სხვებს ვუადვილებთ ჩვენთან ურთიერთობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საყვარელი და მოსაწონი შვილები ვხდებით იეჰოვასთვის, რომელიც, თავის მხრივ, ბრწყინვალედ ავლენს ამ უნიკალურ თვისებას (ფსალმუნი 18:35). „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებისადმი კი წყალობას ავლენს“ (1 პეტრე 5:5). მართლაც სერიოზული მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ მივბაძოთ უთვინიერეს კაცს, მოსეს.