რას ნიშნავს იესოს აღდგომა თქვენთვის?
იესოს აღდგომა — ნამდვილად მოხდა?
ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ, რომელიც 2 500 წლის წინათ ცხოვრობდა, ერთხელ თავის თანამედროვე ეგვიპტელებზე მოთხრობა დაწერა, რომელიც ნამდვილ ამბავზე იყო აგებული. მოთხრობას სახელად ერქვა „მდიდრების ნადიმი“. ის წერდა: «ნადიმის შემდეგ კაცი გარს უვლის მოხატულ კუბოს, რომელშიც ადამიანის მსგავსი ხის ფიგურაა ჩასვენებული. კუბო ძალიან ჰგავს ნამდვილს და სიგრძით ერთი ან ორი წყრთაა. ამით ის თანამეინახეთ ეუბნება: „დალიეთ და იმხიარულეთ, რამეთუ, როცა მოკვდებით, ყველანი ამას დაემსგავსებით“ ».
სიკვდილ-სიცოცხლისადმი ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ ეგვიპტელებს არ ჰქონიათ. დღეს ხალხში მეტად გავრცელებულია ფრაზა, „ჭამე, სვი და იმხიარულე“. თუ სიკვდილით ყველაფერი მთავრდება, ბოლომდე რატომ არ უნდა დავტკბეთ სიცოცხლით? რატომ უნდა მოვიკლოთ რამე? თუ სიკვდილი ყველაფრის დასასრულია, მაშინ დღევანდელი დღით ცხოვრება საუკეთესო არჩევანია. ამ თემაზე მოციქული პავლეც წერდა. მან აღწერა იმ ადამიანთა თვალსაზრისი, რომელთაც მკვდრეთით აღდგომის არ სწამდათ: «თუ მკვდრები არ აღდგებიან, მაშ, „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ » (1 კორინთელები 15:32).
რა თქმა უნდა, პავლე იმას არ გულისხმობდა, რომ სიკვდილით ადამიანი მარადიულ დავიწყებას ეძლეოდა. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ მკვდრებს კვლავ მიეცემოდათ სიცოცხლის შესაძლებლობა და იმის იმედი, რომ აღარასოდეს დაუბრუნდებოდნენ მიწას. პავლეს რწმენა ეფუძნებოდა მისთვის ურყევ ჭეშმარიტებას, უმნიშვნელოვანეს მოვლენას — იესო ქრისტეს აღდგომას. * რეალურად, ქრისტეს აღდგომა ის დიდებული მოვლენა იყო, რომელიც პირველი საუკუნის მოწაფეებს რწმენას უძლიერებდა.
და მაინც, რას ნიშნავს ქრისტეს აღდგომა ჩვენთვის? საიდან ვიცით, აღდგა თუ არა ქრისტე სინამდვილეში? მოდი, გავყვეთ პავლეს მსჯელობას და ვნახოთ, რას სწერდა ის კორინთელ ქრისტიანებს.
„თუ ქრისტე არ აღმდგარა . . .“
ძველ კორინთში მცხოვრებ ზოგ ქრისტიანს არ სწამდა მკვდრეთით აღდგომა, ზოგი კი უბრალოდ დაბნეულობაში იყო. კორინთელი ქრისტიანებისადმი მიწერილ თავის პირველ წერილში პავლემ აღწერა, რა მოხდებოდა, მკვდრეთით აღდგომა რომ რეალური მოვლენა არ ყოფილიყო. მან დაწერა: „თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, არც ქრისტე აღმდგარა, ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭი ყოფილა და ჩვენი რწმენაც. თუ მართლა არ აღდგებიან მკვდრები, ცრუმოწმენი გამოვდივართ ღმერთზე . . . ფუჭია თქვენი რწმენა და ჯერ კიდევ თქვენს ცოდვებში ხართ. ისინიც დაღუპულან, ვინც სიკვდილის ძილით დაიძინა ქრისტესთან ერთობაში“ (1 კორინთელები 15:13—18).
„ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად . . . შემდეგ იაკობს ეჩვენა, მერე — ყველა მოციქულს. ყველაზე ბოლოს კი, როგორც უდღეურს, მეც მეჩვენა“ (1 კორინთელები 15:6—8).
პავლემ საუბარი იმ ფაქტზე მსჯელობით დაიწყო, რომელშიც ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა: თუ მკვდრები არ აღდგებიან, მაშინ ქრისტე, რომელიც მოკვდა, შეუძლებელია აღმდგარიყო. როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ქრისტე რომ არ აღმდგარიყო? სასიხარულო ცნობის ქადაგება ფუჭი და უდიდესი სიცრუე იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ქრისტეს აღდგომა ქრისტიანული მრწამსის მთავარი საყრდენი იყო და ბიბლიის ძირითადი სწავლებების უმეტესი ნაწილი მასთან იყო დაკავშირებული, მაგალითად, ღვთის უზენაესობა, ღვთის სახელი, ღვთის სამეფო და ჩვენი ხსნა. თუ ქრისტე არ აღმდგარა, მაშინ გამოდის, რომ პავლე და სხვა მოციქულები ფუჭ სიტყვებს ქადაგებდნენ.
გარდა ამისა, თუ ქრისტე არ აღმდგარა მკვდრეთით, ქრისტიანული რწმენა აზრს მოკლებული და სიცრუეზე აგებული იქნებოდა. ამასთანავე, პავლე და იესოს სხვა მოწაფეები მტკნარ სიცრუეს გაავრცელებდნენ არა მარტო იესოზე, არამედ იეჰოვა ღმერთზეც, რომელზეც იტყოდნენ, რომ იესო აღადგინაო. და კიდევ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი: იმის მტკიცება, რომ „ქრისტე ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა“, არასწორი იქნებოდა, რადგან თუ მხსნელმა საკუთარი თავი ვერ იხსნა სიკვდილისგან, სხვებს როგორღა იხსნიდა? (1 კორინთელები 15:3). და ქრისტიანები, რომელთაგანაც ზოგი მოწამებრივი სიკვდილით მოკვდა, სამუდამოდ დასამარდებოდნენ აღდგომის იმედთან ერთად.
პავლე ასეთ დასკვნას აკეთებს: „თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში გვაქვს ქრისტეს იმედი, ყველაზე საცოდავები ვყოფილვართ“ (1 კორინთელები 15:19). სხვა ქრისტიანების მსგავსად, პავლეს ბევრ რამეზე მოუწია უარის თქმა. მან აიტანა დევნები, გაჭირვება და რამდენჯერმე სიკვდილსაც კი ჩახედა თვალებში. აღდგომის უტყუარი იმედი რომ არა, ის ამდენ რამეს ვერ გაუძლებდა. მართლაც, რა უაზრო იქნებოდა ცხოვრება აღდგომის იმედის გარეშე!
რატომ უნდა ირწმუნოთ
პავლე არ ფიქრობდა, რომ ქრისტიანული რწმენა სიცრუეზე იყო დაფუძნებული. მან იცოდა, რომ იესო მკვდრეთით აღდგა და კორინთელ ქრისტიანებს ამის დამადასტურებელ ფაქტებს ახსენებდა: „ქრისტე ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა წმინდა წერილების თანახმად და დაკრძალულ იქნა, მაგრამ მესამე დღეს აღდგა წმინდა წერილების თანახმად და ეჩვენა კეფას, შემდეგ კი — თორმეტს *. შემდეგ ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთა უმრავლესობაც ცოცხალია, ზოგმა კი სიკვდილის ძილით დაიძინა. შემდეგ იაკობს ეჩვენა, მერე — ყველა მოციქულს. ყველაზე ბოლოს კი, როგორც უდღეურს, მეც მეჩვენა“ (1 კორინთელები 15:3—8).
პავლემ თქვა, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, რომ ის დაკრძალეს და აღდგა. რატომ იყო პავლე ამაში ასე დარწმუნებული? ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ ამ ფაქტს ბევრი თვითმხილველი ჰყავდა. მკვდრეთით აღმდგარი იესო ეჩვენა ცალკეულ ადამიანებს (მათ შორის პავლეს), ადამიანთა ჯგუფებსა და ერთად შეკრებილ 500-ზე მეტ კაცს, რომელთაგან ბევრი მანამდე არ იჯერებდა ხალხის ნათქვამს, ქრისტე აღდგაო (ლუკა 24:1—11). იესოს მკვდრეთით აღდგომის თვითმხილველთა უმეტესობა პავლეს დროს ცოცხალი იყო და შეეძლო ამ ფაქტის დამოწმება (1 კორინთელები 15:6). ერთი ან ორი მოწმის მტკიცებას ადვილად უგულებელყოფდა კაცი, მაგრამ 500 მოწმისას — ვერა.
ყურადღება მიაქციეთ აგრეთვე ერთ მნიშვნელოვან დეტალს: პავლემ ორჯერ აღნიშნა, რომ იესოს სიკვდილი, დაკრძალვა და აღდგომა „წმინდა წერილების თანახმად“ მოხდა. ამ მოვლენებით დამტკიცდა ებრაულ წერილებში ჩაწერილი მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველების უტყუარობა და ის, რომ იესო ნამდვილად აღთქმული მესია იყო.
თვითმხილველებისა და წმინდა წერილების მტკიცებულებების მიუხედავად, იესოს დროსაც იყვნენ და დღესაც არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ეჭვი ეპარებათ იესოს აღდგომაში. ზოგის აზრით, იესოს სხეული მოწაფეებმა მოიპარეს, შემდეგ კი განაცხადეს, ქრისტე აღდგაო. არადა მოწაფეებს არც საკმარისი ძალა ჰქონდათ და არც იმდენი უფლებამოსილება, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ რომაელი მცველებისთვის, რომლებიც სამარხს დარაჯობდნენ. სხვები აცხადებდნენ, რომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესოს გამოცხადებები ჰალუცინაციები იყო და მეტი არაფერი. მაგრამ ეს განაცხადი არგუმენტად არ გამოდგება, რადგან იესო მარტო ერთს კი არა, ბევრ ადამიანს ეჩვენა, თანაც სხვადასხვა დროს. ანდა, განა გონივრულია იმის დაჯერება, რომ მოჩვენებამ შეწვას თევზი და სხვებს გაუმასპინძლდეს, როგორც ეს აღდგომის შემდეგ იესომ გააკეთა გალილეაში? (იოანე 21:9—14). ან თუ იესო მოჩვენება იყო, რა აზრი ჰქონდა მოწაფეებისთვის ნათქვამ მის სიტყვებს, მოდით შემეხეთო? (ლუკა 24:36—39).
და მაინც, ბევრი ამბობს, რომ იესოს აღდგომა მოწაფეების მოგონილი ამბავი იყო. კი მაგრამ ექნებოდა რამე აზრი ასეთ ტყუილს? მკვდრეთით აღმდგარ იესოზე დამოწმება მოწაფეებს დაცინვის ობიექტად აქცევდა, ამის გამო მათ ტანჯვა და სიკვდილი მოუწევდათ. ღირდა ასეთი ტყუილისთვის თავის გაწირვა? უფრო მეტიც, მოწაფეებმა პირველად იერუსალიმში დაამოწმეს, პირდაპირ მოწინააღმდეგეების თვალწინ, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ, ქრისტიანები რაღაცაში გამოეჭირათ.
აღდგომა იესოს მოწაფეებს გაბედულებას მატებდა, რათა საშინელი დევნების დროსაც კი მამაცურად დაემოწმებინათ თავიანთ უფალზე. მკვდრეთით აღდგომა ქრისტიანული მოძღვრების უმნიშვნელოვანესი სწავლებაა. პირველი ქრისტიანები სიცოცხლეს არ გაწირავდნენ უბრალოდ ვიღაც ბრძენი მოძღვრისთვის, რომელიც სიკვდილით დასაჯეს. მაგრამ ისინი თავს სწირავდნენ და იესოს აღდგომას ქადაგებდნენ, რითაც ამტკიცებდნენ, რომ ის იყო ქრისტე, ღვთის ძე, ძლევამოსილი და ცოცხალი, რომელიც მხარს უჭერდა მათ და იცავდა. იესოს აღდგომა მათთვის იმას ნიშნავდა, რომ სიკვდილის შემთხვევაში ისინიც აღდგებოდნენ. მართლაც, იესო რომ არ აღმდგარიყო, არც ქრისტიანობა იარსებებდა და არც მის შესახებ გვეცოდინებოდა რამე.
მაშ, რა მნიშვნელობა აქვს ქრისტეს სიკვდილს ჩვენთვის?
^ აბზ. 5 ბიბლიაში ბერძნული სიტყვა, რომელიც „აღდგომად“ ითარგმნება, სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „ხელახლა ადგომას“. მასში ის აზრია ჩადებული, რომ ადამიანს კვლავ უბრუნდება სიცოცხლე, ინდივიდუალური თვისებებითა და მეხსიერებით.
^ აბზ. 13 იესოს მოციქულებს ასევე ეძახდნენ „თორმეტს“, მიუხედავად იმისა, რომ იუდა ისკარიოტელის სიკვდილის შემდეგ გარკვეული პერიოდი მოციქულები 11 იყვნენ. ერთ შემთხვევაში ისინი მხოლოდ ათნი იყვნენ, თუმცა 12-ს წარმოადგენდნენ, მათ შორის არ იყო თომა (იოანე 20:24).