მიჰბაძეთ მათ რწმენას | ნოე
ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“
ნოე წელში იმართება და მუშაობისგან დაღლილ მკლავებს ჭიმავს. წამით ჯდება განიერ კუნძზე და თვალს მიმოავლებს უზარმაზარ მშენებარე კიდობანს. ჰაერში დამდნარი ფისის სუნი ტრიალებს; ირგვლივ სამუშაო იარაღების კაკუნი ისმის. ნოე თავის ვაჟებს გაჰყურებს, რომლებიც უზარმაზარი კარკასის ნაწილებს ამზადებენ. ნოე და მისი მეუღლე თავიანთ ვაჟებთან და რძლებთან ერთად უკვე ათწლეულებია, რაც კიდობანს აშენებენ. მათ საკმაოდ ბევრი რამ გააკეთეს, მაგრამ წინ კიდევ ბევრი სამუშაო ელით.
ირგვლივ მცხოვრები ხალხი ნოეს და მის ოჯახს სულელებად მიიჩნევდნენ. რაც უფრო მეტად ემსგავსებოდა ეს უზარმაზარი ნაგებობა კიდობანს, მით მეტად იგდებდა აბუჩად ხალხი ამ ოჯახს. მათ სიცილად არ ჰყოფნიდათ ის აზრი, რომ დედამიწას წარღვნა წალეკავდა. განადგურება, რომლის შესახებაც ნოე საუბრობდა, მათ წარმოუდგენლად და აბსურდულად მიაჩნდათ. ვერ იგებდნენ, როგორ შეიძლებოდა ადამიანს ასეთი უაზრო საქმისთვის დაეხარჯა დრო. მაგრამ იეჰოვა ღმერთი ნოეს სულ სხვა თვალით უყურებდა.
ღვთის სიტყვაში წერია, რომ ნოე „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“ (დაბადება 6:9). ეს სიტყვები იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი ჩამოვიდა დედამიწაზე ან ნოე ავიდა ზეცაში. ნოეს იმდენად უყვარდა ღმერთი და ემორჩილებოდა მას, რომ შეიძლება ითქვას, ისინი ერთად დადიოდნენ, როგორც მეგობრები. ათასწლეულების შემდეგ ნოეზე ბიბლიაში ასეთი სიტყვები ჩაიწერა: „მან მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას“ (ებრაელები 11:7). რა იგულისხმება ამაში? ჩვენ რას ვსწავლობთ მისი რწმენის მაგალითიდან?
უმწიკვლო კაცი წაწყმედილ ქვეყნიერებაში
ნოე ისეთ გარემოში იზრდებოდა, სადაც დღითი დღე ეცემოდა მორალური პრინციპები. ჯერ კიდევ მისი დიდი პაპის, ენოქის დროს იყო სავალალო მდგომარეობა იმდროინდელ ქვეყნიერებაში. ენოქმა, რომელიც ნოესავით მართალი კაცი იყო და რომელიც ღმერთთან ერთად დადიოდა, იწინასწარმეტყველა, რომ ერთ დღესაც უღვთო ქვეყნიერებას თავს დაატყდებოდა ღვთის სამსჯავრო. ნოეს დღეებში ბოროტებამ კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიიღო. იეჰოვამ დაინახა, რომ გაიხრწნა დედამიწა და აივსო ძალადობით (დაბადება 5:22; 6:11; იუდა 14, 15). რამ გამოიწვია სიტუაციის ასეთი გაუარესება?
ნოემდე დიდი ხნით ადრე ზეცაში ღვთის სულიერ ძეებში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ერთი ანგელოზი დაუპირისპირდა იეჰოვას, ცილი დასწამა მას და ადამი და ევა ცოდვაში გახვია. ასე იქცა ის სატანა ეშმაკად. ნოეს დღეებში სხვა ანგელოზებიც აღუდგნენ წინ ღვთის სამართლიან მმართველობას. მათ მიატოვეს თავიანთი მოვალეობები ზეცაში, ჩამოვიდნენ დედამიწაზე, შეისხეს ხორცი და ცოლად მოიყვანეს ლამაზი ქალები. ეს ამაყი, ეგოისტი და მეამბოხე ანგელოზები საშინელ გავლენას ახდენდნენ ხალხზე (დაბადება 3:1—5; 6:1, 2; იუდა 6, 7).
უფრო უარესი ის იყო, რომ ამ ხორცშესხმული ანგელოზებისა და ადამიანთა ასულების არაბუნებრივი კავშირის შედეგად გაჩნდნენ უჩვეულოდ დიდი და ძლიერი ბიჭები. ბიბლია მათ „ნეფილიმებს“ უწოდებს, რაც სიტყვასიტყვით „წამქცევს“ ნიშნავს. ამ გულბოროტმა აგრესორებმა კიდევ უფრო დაამძიმეს და გააუარესეს დედამიწაზე მდგომარეობა. „დაინახა იეჰოვამ, რომ გამრავლდა დედამიწაზე ადამიანთა ბოროტება და მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო“. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ 120 წელიწადში იმდროინდელი ბოროტი საზოგადოება მთლიანად მოესპო დედამიწის პირიდან (დაბადება 6:3—5).
წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნებოდა ასეთ რთულ პერიოდში ოჯახზე ზრუნვა, მაგრამ ნოე წარმატებით ართმევდა თავს ამ დავალებას. მას ჰყავდა კარგი მეუღლე. ნოე უკვე 500 წელს იყო გადაცილებული, როცა ცოლმა 3 ვაჟი გაუჩინა — სემი, ქამი და იაფეთი. * მათ შვილები უნდა დაეცვათ იმ გამხრწნელი გავლენისგან, რომელიც იმდროინდელ საზოგადოებაში იყო გავრცელებული. როგორც წესი, ადრეულ ასაკში ბიჭებს მოსწონთ ისინი, ვინც „ძლიერები და სახელგანთქმულები“ არიან — და სწორედ ასეთები იყვნენ ნეფილიმები. უდავოა, რომ ნოე და მისი ცოლი ყოველთვის ვერ დაიცავდნენ შვილებს ირგვლივ მყოფთა ზეგავლენისგან, მაგრამ რაც შეეძლოთ, იმას ნამდვილად აკეთებდნენ; ისინი შვილებს ჭეშმარიტებას ასწავლიდნენ იეჰოვას შესახებ და იმას, რომ მას სძულდა ყველანაირი ბოროტება. ისინი ეხმარებოდნენ თავიანთ შვილებს იმის დანახვაში, რომ იეჰოვას გულს სტკენდა დედამიწაზე არსებული ძალადობა და აგრესია (დაბადება 6:6).
დღეს მშობლებისთვის ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სიტუაციაში უწევდათ ცხოვრება ნოეს და მის მეუღლეს. დედამიწა დღესაც სავსეა ძალადობით. ბავშვებისთვის განკუთვნილი გართობის სახეობებიც კი ამ თემაზეა აგებული. გონიერი მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დაიცვან შვილები ასეთი გავლენისგან; ისინი ასწავლიან მათ მშვიდობის ღმერთის, იეჰოვას, შესახებ, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ძალადობას (ფსალმუნი 11:5; 37:10, 11). ნოემ და მისმა მეუღლემ წარმატებით ჩააბარეს ეს გამოცდა. დარწმუნებული იყავით, თქვენც შეძლებთ წარმატების მიღწევას! მათ თავიანთი შვილები კარგ ადამიანებად აღზარდეს. დროთა განმავლობაში მათ ცოლები შეირთეს, რომლებიც ასევე მზად იყვნენ, იეჰოვას მსახურება ცხოვრებაში პირველ ადგილზე დაეყენებინათ.
„გაიკეთე კიდობანი“
ერთ დღესაც ნოეს ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. მას იეჰოვა ელაპარაკა და უთხრა, რომ იმდროინდელი ქვეყნიერების განადგურებას აპირებდა. მან შემდეგი დავალება მისცა ნოეს: „გაიკეთე კიდობანი ფისიანი ხისგან“ (დაბადება 6:14).
ეს კიდობანი არ იყო გემი, როგორც ზოგიერთი ფიქრობს. მას არც ცხვირი ჰქონდა, არც კიჩო, არც კილი და არც საჭე; ის არც გემივით იყო მომრგვალებული. რეალურად ეს იყო უზარმაზარი ყუთი. იეჰოვამ ნოეს მისცა ზუსტი ზომები და კიდობნის ფორმასთან დაკავშირებული დეტალებიც აუხსნა. ასევე უთხრა, რომ კიდობანი შიგნიდან და გარედან ფისით დაეფარა, თან მიზეზიც აუხსნა: „მოვავლენ წარღვნას . . . ყველაფერი მოისპობა დედამიწაზე“. იეჰოვამ მას შემდეგი მითითებაც მისცა: „შედი კიდობანში შენს ვაჟებთან, შენს ცოლთან და შენი ვაჟების ცოლებთან ერთად“. ნოეს აგრეთვე ყველა სახეობის ცხოველი უნდა შეეყვანა კიდობანში. წარღვნას მხოლოდ კიდობანში მყოფნი გადაურჩებოდნენ (დაბადება 6:17—20).
ნოე ურთულესი საქმის წინაშე იდგა. მას უნდა აეგო 133 მეტრი სიგრძის, 22 მეტრი სიგანისა და 13 მეტრი სიმაღლის ხის ნაგებობა. ამხელა ხის ხომალდი კაცობრიობის ისტორიაში დღემდე არავის აუგია. თავის არიდება ხომ არ უცდია ნოეს ამ დავალებისთვის, წუწუნი ხომ არ დაუწყია ან საქმის გაადვილების მიზნით თავისებურად ხომ არ შეუცვლია მშენებლობის დეტალები? ამ კითხვებზე ბიბლია გვცემს პასუხს: „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა. სწორედ ისე გააკეთა“ (დაბადება 6:22).
მშენებლობამ დაახლოებით 40—50 წელი გასტანა. საჭირო იყო ხეების მოჭრა, ადგილზე მითრევა, კოჭებად დაჭრა და ერთმანეთზე გადაბმა. კიდობანს ჰქონდა სამი სართული, რამდენიმე განყოფილება და კარები გვერდიდან. როგორც ჩანს, ფანჯრები ჰქონდა ზემოთ სახურავთან ახლოს, სახურავი კი ოდნავ დაქანებული იყო, რათა წყალი ზედ არ გაჩერებულიყო (დაბადება 6:14—16).
კიდობნის შენებაში წლები გადიოდა. ნოეს, ალბათ, ძალიან უხაროდა, რომ ოჯახის წევრები გვერდში ედგნენ. მაგრამ იყო სხვა რამ, რაც გაცილებით რთული იყო, ვიდრე კიდობნის შენება. ბიბლიაში ნოე „სიმართლის მქადაგებლად“ არის მოხსენიებული (2 პეტრე 2:5). ის უღვთო ხალხს გაბედულად აფრთხილებდა მოსალოდნელი განადგურების შესახებ. გამოეხმაურა ხალხი მის გაფრთხილებას? საუკუნეების შემდეგ იესომ ნოეს დრო გაიხსენა და იმ დროინდელ ხალხზე თქვა, რომ მათ არაფერი ანაღვლებდათ. მან აღნიშნა, რომ ისინი იმდენად იყვნენ გართული ყოფითი საქმეებით — ჭამა-სმითა და ოჯახის შექმნით — რომ აინუნშიც არ აგდებდნენ ნოეს გაფრთხილებას (მათე 24:37—39). ბევრი ალბათ დასცინოდა ნოეს და მის ოჯახს, ზოგი შეიძლება ემუქრებოდა მათ და სასტიკ წინააღმდეგობას უწევდა.
წინააღმდეგობის მიუხედავად, ნოეს და მის ოჯახს არ შეუწყვეტიათ ღვთისგან მიღებული დავალების შესრულება. ისინი ცხოვრობდნენ ისეთ ქვეყნიერებაში, სადაც ხალხის მთავარი მიზანი ცხოვრებით ტკბობა იყო და მათ კიდობნის მშენებლობა დიდ უაზრობად და სისულელედ მიაჩნდათ. ქრისტიან ოჯახებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ნოესა და მისი ოჯახისგან. მით უმეტეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელსაც ბიბლია ამ ქვეყნიერების „ბოლო დღეებს“ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1). იესომ თქვა, რომ ამ პერიოდში ჩვენი ცხოვრება ნოეს ცხოვრების მსგავსი იქნებოდა. თუ დღეს ქვეყნიერება გულგრილია სასიხარულო ცნობისადმი, დაგვცინიან ან გვდევნიან, კარგი იქნება, ნოეს მაგალითი გავიხსენოთ. ჩვენ არ ვართ პირველები, ვინც ასეთ სირთულეებს ხვდება.
„შედით კიდობანში“
გადიოდა ათეულობით წლები, კიდობანი ნელ-ნელა საბოლოო სახეს იღებდა. ნოე დაახლოებით 600 წლის იყო, როცა მამამისი, ლამექი, გარდაიცვალა, ხუთი წლის მერე კი — პაპამისი, მეთუშალახი. * მეთუშალახი 969 წლის ასაკში დაიღუპა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მასზე დიდხანს არავის უცოცხლია (დაბადება 5:27). მეთუშალახიც და ლამექიც პირადად იცნობდნენ ადამს, დედამიწაზე მცხოვრებ პირველ ადამიანს.
ამავე პერიოდში პატრიარქმა ნოემ ახალი ცნობა მიიღო იეჰოვასგან: „შედით კიდობანში შენ და შენი ოჯახი“. ღმერთმა ნოეს ისიც უთხრა, რომ კიდობანში შეეყვანა სხვადასხვა ცხოველები — წმინდა ცხოველთაგან შესაწირავად ვარგისი შვიდ-შვიდი ცხოველი, უწმინდურთაგან კი ორ-ორი (დაბადება 7:1—3).
ეს ერთობ დაუვიწყარი სანახაობა იქნებოდა. წარმოიდგინეთ, კიდობნისკენ მიმავალი ათასნაირი ზომის, ფორმისა თუ ხასიათის ასობით ცხოველი — ზოგი მიდის, ზოგი მიფრინავს, ზოგი მიხოხავს და ზოგიც მიბაჯბაჯებს. ნოეს არ დასჭირდებოდა დიდი წვალება, რომ როგორმე შეეყვანა ცხოველები კიდობანში, რადგან ბიბლიაში ვკითხულობთ: „ორ-ორი შევიდა ნოესთან კიდობანში“ (დაბადება 7:9).
ზოგი კრიტიკოსი ეჭვქვეშ აყენებს ამ ფაქტის სანდოობას და ამბობს, რომ შეუძლებელია კიდობანში თავმოყრილ ამდენ ცხოველს ერთმანეთისთვის არაფერი ევნოთ. დავფიქრდეთ ერთ რამეზე: ნუთუ არ შეუძლია სამყაროს შემოქმედს დაიმორჩილოს თავისივე შექმნილი ცხოველები და თუ საჭირო გახდა, მოათვინიეროს კიდეც? გაიხსენეთ, იეჰოვა ის ღმერთია, რომელმაც წითელი ზღვა შუაზე გაყო და მზე გააჩერა. ნუთუ ვერ შეძლებდა იეჰოვა ეკონტროლებინა ნოეს დროს მომხდარი ყველა მოვლენა? რა თქმა უნდა, შეძლებდა და გააკეთა კიდეც!
ღმერთს შეეძლო ცხოველების გადასარჩენად სხვა გზა აერჩია. თუმცა მისი ასეთი ბრძნული გადაწყვეტილება შეგვახსენებს იმას, რომ იეჰოვამ უდიდესი ნდობა გამოუცხადა ადამიანებს, როცა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ცხოველებზე ზრუნვა დაავალა (დაბადება 1:28). ბევრი მშობელი ნოეს ისტორიით ასწავლის შვილებს, რომ იეჰოვას უყვარს თავისი ქმნილებები, როგორც ადამიანები, ისე ცხოველები.
ბოლოს იეჰოვამ უთხრა ნოეს, რომ ერთ კვირაში წარღვნა მოვიდოდა. რამდენი რამ ექნებოდათ მოსასწრები ნოეს და მის ოჯახს: ცხოველების თავ-თავიანთ სადგომებში დაბინავება, მათთვის საკვების მომარაგება და ოჯახისთვის საჭირო ნივთების კიდობანში შეტანა. ნოეს ცოლი და მისი რძლები ალბათ იმაზე ზრუნავდნენ, რომ კიდობანში მყუდრო საცხოვრებელი პირობები მოეწყოთ.
როგორ უყურებდა ამ ყველაფერს ხალხი? მათ ამჯერადაც „არაფერი ანაღვლებდათ“, თუმცა აშკარად ხედავდნენ, რომ იეჰოვა უჭერდა მხარს ნოეს. მათ შეუძლებელია არ დაენახათ კიდობნისკენ მიმავალი ცხოველები. მაგრამ მათი გულგრილობა გასაკვირი არ არის. დღესაც ხომ ვხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არ ანაღვლებთ იმის უამრავი მტკიცება, რომ ნამდვილად უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ. მოციქულმა პეტრემაც იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში მოვიდოდნენ „დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით“ და აბუჩად აიგდებდნენ მათ, ვინც ყურად იღებდა ღვთის გაფრთხილებას (2 პეტრე 3:3—6). ნოეს და მის ოჯახსაც მსგავსად დასცინოდნენ მათი თანამედროვენი.
როდის შეწყდა დაცინვა? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ როცა ნოემ თავისი ცოლ-შვილი და ცხოველები კიდობანში შეიყვანა, „დაკეტა იეჰოვამ კარი“. თუ ამ დროს ვინმე კიდობნის ახლომახლო იდგა, ეს სასწაული მასზე ნამდვილად იმოქმედებდა. და ეს თუ არა, კოკისპირული წვიმა უსათუოდ დაადუმებდა. წყალი მატულობდა და მატულობდა, სანამ მთელი დედამიწა არ დაფარა, როგორც ეს იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი (დაბადება 7:16—21).
გაახარა იეჰოვა ბოროტების სიკვდილმა? ნამდვილად არა! (ეზეკიელი 33:11). იეჰოვამ მათ უამრავი შესაძლებლობა მისცა, რომ შეეცვალათ ცხოვრების წესი და ეკეთებინათ ის, რაც სწორი იყო. შეუძლებელს ხომ არ ითხოვდა იეჰოვა მათგან? ამ კითხვაზე პასუხი ნოემ თავისი საქმეებით გასცა. ნოე დადიოდა ღმერთთან ერთად და მას ყველაფერში ემორჩილებოდა, რითაც ცხადყო, რომ გადარჩენა სავსებით შესაძლებელი იყო. მან თავისი რწმენით მსჯავრი დასდო იმდროინდელ ქვეყნიერებას და გამოაშკარავა მათი ბოროტება. ასეთმა რწმენამ გადაარჩინა ნოე და სიცოცხლე შეუნარჩუნა მის ოჯახს. თუ მიჰბაძავთ ნოეს რწმენას, თქვენც შეძლებთ გადარჩენას და თქვენი საყვარელი ადამიანების ხსნას. ნოეს მსგავსად, თქვენც შეგიძლიათ იაროთ იეჰოვა ღმერთთან ერთად, როგორც მისმა მეგობარმა. ეს მეგობრობა შეიძლება მარადიულად გაგრძელდეს!
^ აბზ. 10 იმ დროს ხალხი გაცილებით დიდხანს ცხოვრობდა. ეს იმით აიხსნება, რომ ისინი ახლოს იყვნენ სრულყოფილებასთან, რომელიც ადამმა და ევამ დაკარგეს.
^ აბზ. 20 ლამექმა თავის ვაჟს ნოე დაარქვა, რაც სავარაუდოდ ნიშნავს „დასვენებას, ნუგეშს“ და იწინასწარმეტყველა, რომ ის გაამართლებდა თავისი სახელის მნიშვნელობას და შეუმსუბუქებდა ხალხს ტანჯვას დაწყევლილი მიწის გამო (დაბადება 5:28, 29). ლამექი ვერ მოესწრო ამ წინასწარმეტყველების შესრულებას.