საუკუნეების შემდეგ ნაპოვნი განძი
მეცნიერი თვალებს არ უჯერებს. ის უკვე მერამდენედ გულდასმით აკვირდება ძველ ხელნაწერს. ასოთა მოყვანილობა და ენის თავისებურებები მას არწმუნებს, რომ თვალწინ ქართული დამწერლობისა და ენის უძველესი ძეგლი — ქართულ ენაზე ნათარგმნი ბიბლიის ფრაგმენტები უდევს!
ამ განძს 1922 წლის დეკემბრის მიწურულს აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა მიაკვლია. ქართული ანბანის განვითარების ისტორიის შესწავლისას მან იერუსალიმის თალმუდის ებრაული ტექსტის ქვეშ ნაწილობრივ წაშლილი ქართული ნაწერი აღმოაჩინა. *
თალმუდის ქვეშ „დამალული“ ტექსტი აღმოჩნდა იერემიას წიგნის ნაწყვეტი, რომელიც მეცნიერმა ახ. წ. V საუკუნით დაათარიღა. ამ აღმოჩენამდე ქართულ ენაზე შესრულებული ბიბლიის უძველესი ხელნაწერი (ადიშის ოთხთავი) ახ. წ. IX საუკუნით თარიღდებოდა. მალე ბიბლიის სხვა წიგნებსაც მიაგნეს, რომლებსაც ახ. წ. V საუკუნით ან კიდევ უფრო ადრეული პერიოდით ათარიღებენ. წარმოიდგინეთ, რა საოცრებაა იესოსა და მოციქულების ცხოვრებიდან რამდენიმე ასეულ წელში შექმნილი ბიბლიის ტექსტების აღმოჩენა!
ვის მიუძღვის წვლილი ამ თარგმანში? ერთ ადამიანს თუ მთარგმნელთა ჯგუფს? დღემდე ამ კითხვაზე პასუხი უცნობია. ნებისმიერ შემთხვევაში, ნათელია, რომ ბიბლია ან, სულ მცირე, მისი ზოგიერთი ნაწილი ქართულ ენაზე IV საუკუნეში უკვე არსებობდა და იმ დროიდან მოყოლებული ღვთის სიტყვა მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომი ან ცნობილი იყო ქართველებისთვის.
სავარაუდოდ, V საუკუნის მიწურულს შექმნილი ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლი „წამებაი წმიდისა შუშანიკისა დედოფლისა“ მოწმობს, თუ რამდენად კარგად იყო გაცნობილი ხალხი წმინდა წერილებს. შუშანიკის ტრაგიკული ისტორიის აღწერისას, ავტორს, იაკობ ხუცესს, მოჰყავს ციტატები და ნაწყვეტები ფსალმუნებიდან, სახარებებიდან და ბიბლიის სხვა წიგნებიდან. შუშანიკის ქმარმა, ქართლის პიტიახშმა ვარსქენმა, სპარსეთის შაჰის გულის მოსაგებად ქრისტიანობა უარყო და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო. ვარსქენი ცოლსაც აიძულებდა, უარი ეთქვა ქრისტიანობაზე. მაგრამ შუშანიკი მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე და სიკვდილამდე ნუგეშს წმინდა წერილების კითხვით პოულობდა.
როგორც ჩანს, V საუკუნიდან მოყოლებული არ წყდებოდა ქართულ ენაზე ბიბლიის თარგმნა და გადაწერა. ქართულ ენაზე ბიბლიის ხელნაწერების დიდი რაოდენობით არსებობა აშკარად ამტკიცებს იმას, რომ მთარგმნელები და გადამწერები გულმოდგინე და მძიმე შრომას ეწეოდნენ. შევეხოთ ამ შთამბეჭდავი ისტორიის ორ მხარეს — ბიბლიის თარგმნას და ბეჭდვას.
ბიბლიის ინტენსიური თარგმნა
„ვთარგმნენ ესე დავითნი ახლად ბერძნულისაგან ქართულად მე, გლახაკმან გიორგი, უღირსმან ხუცეს-მონაზონმან, ფრიადითა ჭირითა და რუდუნებითა“. ეს სიტყვები ეკუთვნის XI საუკუნეში მცხოვრებ ქართველ სასულიერო და საზოგადო მოღვაწეს გიორგი მთაწმინდელს. რატომ იყო საჭირო ბიბლიის თარგმნა ქართულ ენაზე, მაშინ როცა, რამდენიმე საუკუნით ადრე ის უკვე არსებობდა?
XI საუკუნემდე ქართულ ენაზე შესრულებულმა ბიბლიის ძალიან ცოტა ხელნაწერმა მოაღწია. ზოგი წიგნი მთლიანად დაიკარგა. გარკვეული ცვლილება ენამაც განიცადა, ამიტომ მკითხველს უჭირდა ადრეული თარგმანების გაგება. არაერთმა მთარგმნელმა იღვაწა, რომ განეახლებინა არსებული თარგმანები, მაგრამ ამ საქმეში ლომის წილი გიორგი მთაწმინდელს მიუძღვის. ის ქართულ თარგმანებს ადარებდა ბერძნულ ხელნაწერებს, თარგმნიდა დაკარგულ მონაკვეთებს და მთლიან წიგნებსაც კი. გიორგი დღისით სამონასტრო საქმიანობას ეწეოდა, ღამით კი ბიბლიას თარგმნიდა.
გიორგის დაწყებული საქმე კიდევ უფრო განავითარა მისმა თანამედროვემ, ეფრემ მცირემ. მან შეადგინა მთარგმნელებისთვის ერთგვარი სახელმძღვანელო. ეფრემმა ჩამოაყალიბა თარგმნის ძირითადი პრინციპები და ახსნა, რომ რამდენადაც შესაძლებელია, თარგმნა უნდა ხდებოდეს დედნისეული ენიდან; მთარგმნელი არ უნდა დაშორდეს ორიგინალს და, ამავე დროს, არ უნდა დაირღვეს ქართული ენის ბუნებრიობა. მან აგრეთვე დაამკვიდრა ქართულ მწერლობაში შენიშვნებისა და განმარტებების გაკეთების პრაქტიკა. ეფრემმა ბიბლიის რამდენიმე წიგნი თავიდან ბოლომდე ხელახლა თარგმნა. გიორგი მთაწმინდელისა და ეფრემ მცირის მოღვაწეობამ მყარი საფუძველი ჩაუყარა შემდგომ მთარგმნელობით საქმიანობას.
მომდევნო საუკუნეში საქართველოს ლიტერატურული აყვავების ხანა დაუდგა. დაარსდა გელათისა და იყალთოს აკადემიები. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დღემდე ინახება გელათური ბიბლია. უმეტესი მეცნიერის აზრით, ეს არის ბიბლიის სრულიად ახალი თარგმანი. ვარაუდობენ, რომ გელათური ბიბლია გელათის ან იყალთოს აკადემიაში მოღვაწე რომელიმე მთარგმნელს ეკუთვნის.
რა გავლენა იქონია ქართველ ხალხზე ასეთმა ინტენსიურმა მთარგმნელობითმა საქმიანობამ? XII საუკუნეში შოთა რუსთაველმა შექმნა პოემა „ვეფხისტყაოსანი“. ამ ლიტერატურულმა ძეგლმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ქართველი ერის ცხოვრებასა და შეგნებაზე, რომ მას ქართველების მეორე ბიბლიაც კი უწოდეს. როგორც ფილოლოგი კორნელი კეკელიძე ამბობს, იმისდა მიუხედავად, პოეტი სიტყვასიტყვით ციტირებს თუ არა ბიბლიიდან, „ზოგიერთი მისი შეხედულება ბიბლიის ამა თუ იმ დებულების განმეორებაა“. რუსთაველი ხშირად საუბრობს ისეთ თემებზე, როგორიცაა: უღალატო მეგობრობა, სათნოება, ხელგაშლილობა, ქალისადმი პატივისცემა და უცხოსადმი უანგარო სიყვარული. ეს და სხვა ფასეულობები, რომლებსაც ბიბლია ასწავლის, ქართველებზე თაობიდან თაობაში მოქმედებდა და დღესაც მორალურ იდეალად ითვლება.
სამეფო კარი ბიბლიის ბეჭდვით ინტერესდება
XVII საუკუნის ბოლოს სამეფო კარი ბიბლიის დაბეჭდვით დაინტერესდა. ამ მიზნით ვახტანგ VI-მ თბილისში სტამბა დააარსა. თუმცა ბიბლიის ტექსტი მზად არ იყო დასაბეჭდად. ხელნაწერთა მხოლოდ მცირე რაოდენობა მოიპოვებოდა, ისიც არასრული სახით. ენაც მოძველებული და ხალხისთვის ძნელად გასაგები იყო. ბიბლიის გადამუშავება და აღდგენა მიანდეს ენათმეცნიერ სულხან-საბა ორბელიანს.
სულხან-საბა ამ საქმეს დიდი პასუხისმგებლობითა და შემართებით შეუდგა. რამდენიმე ენის ცოდნამ, მათ შორის ბერძნულისა და ლათინურის, მას საშუალება მისცა, ერთმანეთთან შეედარებინა სხვადასხვა წყაროები და ქართულ ენაზე უკვე არსებული ხელნაწერები. მისი ასეთი ობიექტური დამოკიდებულება მიუღებელი აღმოჩნდა სამღვდელოებისთვის. ის ეკლესიის ღალატში დაადანაშაულეს და მეფეც დაარწმუნეს, რომ მისთვის ბიბლიის თარგმნა აეკრძალა. როგორც ცნობილი მკვლევარი ქრისტინე შარაშიძე და სხვა ქართული წყაროები მოგვითხრობს, ეკლესიამ კრება მოიწვია და სულხან-საბას საკუთარი ხელით დააწვევინეს წლების ნაამაგარი ბიბლია.
აღსანიშნავია, რომ „მცხეთურ ხელნაწერებს“, რომელიც საბას ბიბლიის სახელითაც არის ცნობილი, თანდართული აქვს საბას ხელითვე მიწერილი შენიშვნები. ზოგი ეჭვობს, არის თუ არა ეს ნამდვილად ის ბიბლია, რომელსაც სამღვდელოება ეწინააღმდეგებოდა. თუმცა იმის თქმა კი დარწმუნებით შეიძლება, რომ ამ თარგმანის დანართი ნამდვილად სულხან-საბას ეკუთვნის.
სირთულეების მიუხედავად, ბიბლიის ბეჭდვა სამეფო ოჯახისთვის მნიშვნელოვან საქმეს წარმოადგენდა. 1705—1711 წლებში დაიბეჭდა ბიბლიის ზოგიერთი წიგნი. საბოლოოდ, უფლისწულების, ბაქარისა და ვახუშტის, დამსახურებით 1743 წელს მთლიანი ბიბლია გამოიცა. ერთ დროს დამალულმა განძმა მზის შუქი იხილა.
^ აბზ. 3 ძველ დროში საწერი მასალა ძნელად იშოვებოდა და ძვირი იყო, ამიტომ ხშირად ძველ ტექსტს ფხეკდნენ და მასზე ახალს წერდნენ. ასეთ ხელნაწერებს პალიმფსესტებს უწოდებენ, რაც ბერძნული სიტყვაა და „ხელახლა გადაფხეკას“ ნიშნავს.