მთავარი თემა: მსოფლიო მიკერძოების გარეშე — როდის?
მიკერძოება — გლობალური პრობლემა
მთავარი თემა
მიონათანი, ამერიკაში დაბადებული კორეელი, ბავშვობაში რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა. როცა გაიზარდა, ისეთი ადგილის ძებნა დაიწყო, სადაც მას გარეგნობის ან ეროვნების მიხედვით არავინ განსჯიდა. ის საცხოვრებლად ჩრდილოეთ ალასკის (აშშ) ერთ ქალაქში გადავიდა, სადაც გარეგნობით დიდად არ გამოირჩეოდა ადგილობრივებისგან. იონათანი იქ ექიმის პროფესიას დაეუფლა. ის იმედოვნებდა, რომ იქ, სადაც ჩრდილოეთის პოლარული წრის ცივი ქარი ქროდა, ერთხელ და სამუდამოდ გაექცეოდა დისკრიმინაციის კიდევ უფრო „სუსხიან ქარს“.
მაგრამ ეს იმედი მაშინ დაემსხვრა, როცა 25 წლის ქალს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. გონზე მოსულმა პაციენტმა, როგორც კი იონათანის სახეს მოჰკრა თვალი, დამცინავი სიტყვები გამოცრა, რითაც გამოვლინდა, რამხელა ზიზღი ჰქონდა კორეელების მიმართ. ასეთმა დამცირებამ იონათანს ის ტკივილი შეახსენა, რასაც მთელი ცხოვრება გაურბოდა.
იონათანის ისტორია ცხადყოფს ცხოვრების მწარე რეალობას. მიკერძოებას და დისკრიმინაციას მსოფლიოს ყველა კუთხეში ვხვდებით. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, მიკერძოება არის ყველგან, სადაც კი ადამიანმა ფეხი დადგა.
პარადოქსია, რომ მიკერძოება ასე ფართოდ არის გავრცელებული, მაშინ როცა ადამიანთა უმეტესობა გმობს მას. როგორ შეიძლება რომ რაღაც ერთდროულად საძულველიც იყოს და საყოველთაოდ გავრცელებულიც? მიზეზი მარტივია: ბევრი, ვინც მიკერძოების წინააღმდეგია, ვერ ხვდება, რომ ეს მავნე თვისება მასაც ახასიათებს. თქვენ შემთხვევაშიც ასეა?
შეამოწმეთ საკუთარი თავი
ადვილი არ არის იმის დანახვა, გვაქვს თუ არა გულში რაიმე სახის მიკერძოება. ბიბლია ამბობს: „გული ყველაზე ვერაგია“ (იერემია 17:9). ასე რომ, შეიძლება თავი მოვიტყუოთ, თუ ვფიქრობთ, რომ ყველანაირი ადამიანის მიმართ შემწყნარებლები ვართ. ან შეიძლება ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, უარყოფითი შეხედულება გვქონდეს გარკვეული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებზე.
მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: წარმოიდგინეთ, ღამით ქუჩაში მარტო მიდიხართ. უცებ დაინახეთ, რომ ორი უცნობი ახალგაზრდა კაცი გიახლოვდებათ. ერთ-ერთს თითქოს ხელში რაღაც უჭირავს.
ასეთ სიტუაციაში ზოგი ქვეყნის დიდ ქალაქში მცხოვრებმა შეიძლება დაასკვნას, რომ ეს მამაკაცები მას აუცილებლად რაღაცას დაუშავებენ. შესაძლოა მას გამოცდილებამ ასწავლა, რომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. მაგრამ მხოლოდ ამის საფუძველზე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ახალგაზრდები საშიშნი არიან? ზოგმა შეიძლება გარკვევით ვერც კი დაინახოს მათი სახეები და წინასწარშექმნილი აზრის გამო მაშინვე მიაკუთვნოს ისინი რომელიმე ეროვნებას ან ეთნიკურ ჯგუფს. შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე მიკერძოებაა. წინასწარშექმნილი აზრის გამო მსგავს სიტუაციაში თქვენც ხომ არ დაგიჭერიათ საკუთარი თავი მიკერძოებაში?
თუ საკუთარ თავთან გულწრფელები ვიქნებით, ვაღიარებთ, რომ მეტ-ნაკლებად ამა თუ იმ სახით ყველა ვავლენთ მიკერძოებას. ბიბლიაც საუბრობს მიკერძოებისა და ათვალწუნების ფართოდ გავრცელებულ ფორმაზე, როცა ამბობს, რომ ადამიანები ერთმანეთს გარეგნობის მიხედვით განსჯიან (1 სამუელი 16:7). როგორც ვხედავთ, ამ სენით ყველა ვართ დაავადებული, რასაც ხშირად ძალზედ სავალალო შედეგები მოაქვს. შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ ოდესმე გავთავისუფლდებით ამ სენისგან? ან ვიხილავთ ისეთ მსოფლიოს, სადაც აღარ იქნება მიკერძოება და დისკრიმინაცია?